მშობლის, სკოლის, პოლიციის, სამედიცინო დაწესებულების, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დროული რეაგირება და, რაც მთავარია, ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ფსიქოლოგიური თუ იურიდიული დახმარება - ეს ის ჩამონათვალია, რომელიც ბავშვზე ყოველი მორიგი ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის გახმაურების შემდეგ, ზედაპირზე ტივტივდება და ყოველ ჯერზე, კვლავ თავს იჩენს პრობლემები, რომელთა მოგვარებაც წლებია ვერ ხერხდება.
ბავშვთა უფლებადამცველები ისევ და ისევ მიუთითებენ იმაზე, რომ, მაგალითად, სკოლას ჯერ კიდევ არ აქვს გააზრებული საკუთარი როლი ამ პროცესში. პოლიციის მხრიდან რეაგირება, ხშირ შემთხვევაში, ან არაეფექტიანი, ან დაგვიანებულია. სოციალური მუშაკებისა თუ ბავშვთა ფსიქოლოგების რაოდენობა ქვეყანაში მინიმალურია. ოჯახების ნაწილს არ აქვს გაცნობიერებული პრობლემის არსი და არცთუ იშვიათად, თავად ისინიც იქცევიან მოძალადეებად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე შესაძლოა ეხებოდეს სექსუალურ ძალადობას. ამ კონტექსტში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი სამედიცინო რგოლია, როდესაც, მაგალითად, სამედიცინო დაწესებულებას აკითხავს ორსული არასრულწლოვანი და ამ შემთხვევების გადამისამართება არ ხდება შესაბამის სტრუქტურებში.
12 წლის მოზარდის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობა, მისი ორსულობა და მშობიარობა, რომლის შესახებ ინფორმაცია 4 მარტს გავრცელდა, კიდევ ერთხელ იქცა ამ პრობლემების განხილვის მიზეზად.
50 წლის კაცი, რომელმაც 12 წლის ბავშვზე სექსუალურად, სავარაუდოდ, გასულ წელს იძალადა, პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დააკავა. მას ბრალად ედება 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში მომხდარი სექსუალური ძალადობის შემდეგ, 12 წლის მოზარდი მშობელმა რეგიონიდან თბილისში გადმოიყვანა საცხოვრებლად, შესაბამისად, მოზარდმა დატოვა რეგიონის სკოლაც და ასევე გავრცელებული ინფორმაციის თანახმადვე, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში გააგრძელა სწავლა. მოგვიანებით, მან ბავშვი გააჩინა და ახლა ის ჩვილთან ერთად თავშესაფარში ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, საქმეში ჩართულია სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. ისინი თანამშრომლობენ გამოძიებასთან:
„გასულ წელს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება არასრულწლოვანთან დაკავშირებით. სააგენტო შეტყობინების შემოსვლისთანავე ჩაერთო აღნიშნულ საქმეში. მცირეწლოვანი და მისი ახლად დაბადებული შვილი შეყვანილია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სერვისში. მათ შორის საქმეში ჩაერთო სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. ყველა საჭირო ღონისძიება გატარებულია იმ წუთიდანვე, როცა მომართვა შემოვიდა პოლიციიდან. გამოძიება მიმდინარეობს და ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან“, - აცხადებენ სააგენტოში.
მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი ფაქტის, უფრო ზუსტად კი, ამ ფაქტზე რეაგირების დეტალები ბუნდოვანია და მეტ კვლევას მოითხოვს, World Vision-ის ბავშვთა დაცვის მომსახურებათა და ადვოკატირების პროგრამის მენეჯერი მაია მგელიაშვილი თვლის, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და მოზარდები დგანან.
როგორ და ვინ უნდა იმუშაოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთან?
მაია მგელიაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი, რაც ბავშვის მომავალს განსაზღვრავს:
„ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ძალადობის მსხვერპლ და, განსაკუთრებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთან მუშაობას. ბავშვი ისე უნდა გამოიკითხოს, რომ არ მოხდეს მისი მეორადი ტრავმატიზება. ეს ტაბუდადებული თემებია, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის მხრივ და ბავშვს შეიძლება ამბივალენტური დამოკიდებულება ჰქონდეს - პირველი, ეს არის ძალადობის შესახებ ხმამაღლა ლაპარაკის სირცხვილი თუ შიში და მეორე, მოძალადისადმი ჩამოყალიბებული დაქვემდებარებული პოზიცია. საქართველოში, სამწუხაროდ, არ გვყავს, ან თითზე ჩამოსათვლელები არიან სპეციალისტები, რომლებიც სპეციალური, საერთაშორისო პროტოკოლის თანახმად ესაუბრებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს და ასე იღებენ მათგან ინფორმაციას“.
როგორ იქცევა მშობელი?
ფაქტია, რომ 12 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა. სავარაუდოდ, საქმის კურსში იყო შვილის ორსულობის შესახებ მშობელიც. გარდა იმისა, რომ მშობელმა შვილი რეგიონიდან თბილისში გადმოიყვანა საცხოვრებლად, ამ საქმეში, დედის რეაგირების შესახებ სხვა არაფერია ცნობილი. მაია მგელიაშვილი ამბობს, რომ ხშირად, თავად მშობლებს არ ჰყოფნით კომპეტენცია იმისათვის, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს საჭირო და, რაც მთავარია, დროული დახმარება გაუწიონ:
„არ ვიცი, რა მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ხშირად, თავად მშობლები ვერ ახერხებენ გააცნობიერონ პრობლემის სირთულე და ხშირად, თავად მათაც სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება. მშობლის რეაგირებაში არის სამართლებრივი ასპექტები, სოციალური ასპექტები და ფსიქოლოგიური ასპექტებიც. მშობელს სწორი რეაქცია უნდა ჰქონდეს პირველ რიგში იმ თვალსაზრისით, რომ არ მოახდინოს თავად ბავშვის დადანაშაულება და მასთან ერთად მივიდეს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ძალადობის ფაქტი შეატყობინონ სათანადო ორგანოებს. მშობელმა შვილს შიში უნდა მოუხსნას, დაანახვოს, რომ მის გვერდში დგას, და არავითარ შემთხვევაში არ გაუჩინოს დანაშაულის შეგრძნება, რასაც შესაძლოა, სავალალო შედეგი მოჰყვეს და, სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევების შესახებაც ვიცით“.
როგორ იქცევა და როგორ უნდა იქცეოდეს პოლიცია?
ძალადობის მსხვერპლი ბავშვების საკითხებზე მუშაობისას, არცთუ იშვიათად, იკვეთება სამართალდამცავების მხრიდან საქმეებზე გვიანი ან არაეფექტიანი რეაგირების შემთხვევები. რა მოხდა 12 წლის მოზარდის შემთხვევაში, რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები აწარმოა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რატომ დასჭირდათ სამართალდამცავებს თვეები იმისათვის, რომ სავარაუდო ბრალდებული დაეკავებინათ, უცნობია, რადგან შსს-ს ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
მაია მგელიაშვილი დაგვიანების რამდენიმე მიზეზს განიხილავს:
„საინტერესოა, როდის გაკეთდა პოლიციაში პირველი შეტყობინება. თუკი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ამბობს, რომ ისინი თავიდანვე იყვნენ ჩართულნი საქმეში, შესაბამისად, პოლიციაში შეტყობინება დროულად გაკეთდებოდა. პირველი, რაც თავში მომდის, არის ის, რომ ამ ფაქტის შესახებ არც პოლიციაში და არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში განცხადება დროულად არ შევიდა. გარდა ამისა, შესაძლოა, პოლიციამ სათანადო მტკიცებულებების დროულად მოძიება ვერ მოახერხა ან არ განახორციელა დროული რეაგირება, რაც ძალიან საზიანოა. ასეთი გვიანი რეაგირების გამო, ბავშვი ხშირად განმეორებითი ძალადობის მსხვერპლი ხდება და ეს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული შესაბამის უწყებებს“.
როგორი უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების რეაგირება არასრულწლოვან ორსულზე?
მაია მგელიაშვილის თქმით, ამ შემთხვევაშიც, საქმე მიდის იქამდე, რომ არსებობს კანონმდებლობა, მაგრამ არ არსებობს აღსრულების მექანიზმი. 2016 წლიდან, რეფერირების ბრძანების მიხედვით, ყველა უწყებისთვის, მათ შორის, ჯანდაცვის ორგანოებისთვისაც, სავალდებულოა ყველა მსგავს შემთხვევაზე შეტყობინების გაკეთება:
„როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში მიდის არასრულწლოვანი ორსული, კლინიკა ვალდებულია, ამის შესახებ შეატყობინოს შესაბამის ორგანოს. ანუ, გამოდის, რომ რეფერირების ბრძანების იმპლემენტაცია არ ხდება იმ უწყებების მიერ, რომლებიც ამ პროცესში უნდა იყვნენ ჩართულნი. ასეთ სიტუაციაში, ექიმი, სამედიცინო პერსონალი, ვალდებულია, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და ფაქტის შესახებ შეატყობინოს სამართალდამცავ ორგანოებს“.
ამავე თემაზე: როცა სისტემა დუმს, ბავშვები ქრებიან