ხუნდაძე ნაცვლიშვილს: არ ჩათვალოთ, რომ დავიზარე, შეგახსენებთ კომიტეტის აქტივობებს COVID-საკითხებზე

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ეხმაურება რადიო თავისუფლების სტატიას სათაურით, „ვის დაურეკა, ვის მისწერა მთავრობამ, პარლამენტმა, პრეზიდენტმა COVID-ვაქცინის თხოვნით?“ და პასუხობს „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, ანა ნაცვლიშვილს, რომელმაც 9 თებერვალს ხუთ საჯარო უწყებას, მათ შორის, საქართველოს პარლამენტს, გაუგზავნა წერილი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, სადაც ითხოვს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული საქმიანობის ჩამონათვალსა და ოფიციალური მიმოწერის ასლებს.

ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პარლამენტიდან 18 თებერვალს მიიღო პასუხი და როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, წერილის თანახმად ირკვევა, რომ პარლამენტმა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით უნდა ახორციელებდეს ზედამხედველობას ქვეყანაში ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ეს ფუნქცია მხოლოდ ერთ კონკრეტულ კომიტეტს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს გადააბარა და პროცესიდან გამორიცხა როგორც საგარეო საქმეთა საკითხთა კომიტეტი, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, რაც ანა ნაცვლიშვილის თქმით, იმაზე მეტყველებს, რომ პარლამენტი მის მთავარ, საზედამხედველო ფუნქციას ძალიან ვიწრო ჭრილში აღიქვამს. თუმცა, მისივე თქმით, მხოლოდ ეს არ არის პრობლემა. ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, ვერც ჯანდაცვის კომიტეტი ასრულებს საზედამხედველო ვალდებულებებს.

სწორედ ამ კრიტიკას ეხმაურება რადიო თავისუფლების საშუალებით დიმიტრი ხუნდაძე და გვიგზავნის წერილს, სადაც 10 პუნქტადაა ჩამოყალიბებული ის ღონისძიებები, რასაც საქართველოს პარლამენტი COVID19-თან ბრძოლის მიმართულებით ატარებს, იქნება ეს კანონში შეტანილი ცვლილებები თუ დაავადების მართვის პროცესში განხორციელებული სხვადასხვა საქმიანობა.

რაც შეეხება, ანა ნაცვლიშვილის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც კონკრეტულად ვაქცინის შემოტანის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას ეხება, დიმიტრი ხუნდაძე გვწერს:

„2021 წლის 17 თებერვალს შეხვედრა შედგა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, პეტრ მიკისკასთან, ხოლო 22 თებერვალს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აკირა იმამურასთან. ასევე შეხვედრა გაიმართა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორ - ჰანს კლუგეთან. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში განხილული ქნა პანდემიასთან და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები. კომიტეტის ინიციატივითა და საერთაშორისო ორგანიზაცია NDI-ის ხელშეწყობით მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრისა და მოსახლეობის განწყობის შესწავლა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად იყო ჩართული ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, მათ შორის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში. აგრეთვე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინების საქართველოსთვის დროულად მიწოდების საკითხი მან განიხილა ყველა მაღალი და უმაღლესი დონის შეხვედრისას, მათ შორის, 2020 წლის 21 დეკემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორთან ჰანს კლუგესთან, 2021 წლის 9 თებერვალს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორთან პიტერ ვებლერთან, 2021 წლის 15 თებერვალს, გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანთან ენდი მორტონთან, 2021 წლის 16 თებერვალს, ეუთოს თავმჯდომარესთან, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ან ლინდესთან და 2021 წლის 1 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან“.

დიმიტრი ხუნდაძის წერილის თანახმადვე, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „სირთულეები ნაკლები ზიანით დაიძლიოს“ და სწრაფად დაიწყოს ვაქცინაცია, პროცესი მაინც ჭიანურდება, თუმცა, ის იქვე დასძენს: „მიუხედავად შეფერხებისა ვაქცინაცია საქართველოში უმოკლეს დროში დაიწყება. მთავარია, შემდეგ არ ვთქვათ უარი ვაქცინაზე“.

შეგახსენებთ, რომ Covax პლატფორმაზე (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და ვაქცინების გლობალური ალიანსის (GAVI) ინიციატივით შექმნილი ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდი) 2 მარტს გამოქვეყნებული ვაქცინის განაწილების შესახებ პირველი რაუნდის განახლებული დოკუმენტის თანახმად, საქართველოსთვის „ასტრაზენეკას“ 129,600 და „პფაიზერის“ 29,250 დოზა არის გამოყოფილი. დოკუმენტში მოცემული დოზების განაწილება 2021 წლის თებერვალი-მაისის პერიოდს ითვალისწინებს. შეგახსენებთ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ჯერ კიდევ რანდენიმე დღის წინ, Covax პლატფორმის გავლით, „ასტრაზენეკას“ 300 ათასამდე დოზა ვაქცინას ელოდა. „ასტრაზენეკას“ 129,600 დოზა, საქართველომ მაისის ჩათვლით უნდა მიიღოს. ჯანდაცვის სამინისტროს მოლოდინია, რომ ვაქცინის პირველი დოზები ქვეყანაში მარტის მეორე ნახევრიდან უნდა შემოვიდეს.

რაც შეეხება „პფაიზერს“, რომელიც საქართველოს ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებში უნდა მიეღო, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც Covax პლატფორმიდან მიღებულ წერილს ეყრდნობა, კომპანიამ დამატებითი პირობა, პასუხისმგებლობების დაზღვევაზე ფინანსური ვალდებულების პირობა წაუყენა ქვეყნებს და მათ შორის, საქართველოსაც. ამ დამატებითი პირობისა და ვალდებულების შესახებ, „კოვაქსს“, „პფაიზერსა“ და საქართველოს შორის, მიმდინარე კვირის ბოლომდე სამმხრივი სატელეფონო საუბარი უნდა შედგეს და სავარაუდოდ, ამის შემდეგ გადაწყდება, როდის შემოვა საქართველოში „პფაიზერის“ დაპირებული დოზები.

საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება იმასაც, რომ მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, „ასტრაზენეკას“ მიერ ინდოეთში წარმოებული ვაქცინების მისაღებად მოლაპარაკებებს გამართავს.

3 მარტს გავრცელებული ინფორმაციის თანახმადვე, საქართველომ მიაღწია შეთანხმებას ამერიკულ კომპანია Novavax-თან. კომპანიისგან საქართველოო ივნისისთვის მილიონ დოზა ვაქცინას ელოდება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, გარდა Covax პლატფორმასთან გაფორმებული ხელშეკრულებისა, საქართველო აქტიურად აწარმოებს ორმხრივ, პირდაპირ მოლაპარაკებებს ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებთან და სხვადასხვა ქვეყანასთან. მათი მტკიცებით, მოლაპარაკებებში პირადად არიან ჩართულნი როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები, ისე საგარეო საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილეები და ელჩები.