არასამთავრობო ორგანიზაციები საია და „მწვანე ალტერნატივა“ ნამახვანის ჰესების კასკადზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართავენ და აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დარღვევით გაიცა.
„ვფიქრობთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა განიხილოს და დააკმაყოფილოს ჩვენი შუამდგომლობა იმიტომ, რომ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს აქტი არის უკანონო, ის გამოიცა ფაქტობრივ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე, კვლევების ნაწილი არც წინასწარ ჩატარებულა, ნაწილის ჩატარება მშენებელს დაევალა, მაგრამ დღემდე არ ჩატარებულა. სამინისტრომ არც კი იცოდა, რასთან დაკავშირებით გასცემდა გადაწყვეტილებას. და, რაც მთავარია, სრულყოფილად, საჯაროდ ამ საკითხზე არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება“, - განაცხადა 5 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე საია-ს თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა.
„მწვანე ალტერნატივა“ თავის მხრივ აქვეყნებს ინფორმაციას, თუ როგორ მიიღებოდა ნამახვანის ჰესების კასკადზე გადაწყვეტილებები.
ორგანიზაციის განცხადებით, ყველაფერი იწყება 2015 წლის 25 დეკემბერს, როცა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა დაამტკიცა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა სს „ნამახვანის“ მდ. რიონზე ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაიცა მიუხედავად იმისა, რომ პროექტის განმახორციელებელს არ წარუდგენია გადაწყვეტილების მიღებისათვის კანონით სავალდებულოდ წარსადგენი მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
„მწვანე ალტერნატივა“ აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სათანადოდ შეუსწავლელ პროექტზე ფორმალური ნებართვები კომპანიას უკვე ჰქონდა, 2019 წელს, კომპანიამ აღმოაჩინა, რომ დამტკიცებელი პროექტი არ იყო განხორციელებადი და მასში ცვლილებები შეიტანა.
„ამ ეტაპზეც, კომპანიამ კვლავ არ შეიწუხა თავი ადამიანების ჯანმრთელობისა და გარემოს უსაფრთხოებისათვის შესამოწმებლად კანონით სავალდებულო კვლევების ჩასატარებლად“.
შეცვლილ პროექტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გადაწყვიტა, რომ გარემოზე ზემოქმედების წინასწარი შეფასების გარეშე გაეცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ ამის უფლებას არ აძლევდა.
შემდეგ, მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის N2-191 ბრძანებით, კომპანიას გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში დაუწესდა პირობები: მას დაევალა, პოსტ ფაქტუმ, იმ ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო იყო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, რათა განსაზღვრულიყო პროექტის განხორციელების შედეგად გარემოს, ადამიანის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხის დონე და ამ საფრთხის შემსუბუქებისა თუ თავიდან არიდების შესაძლებლობები.
სამინისტრო მხოლოდ ფორმალური საჩივრის შემდეგ გახდა იძულებული, შეემოწმებინა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებთან შესაბამისობა და დაეფიქსირებინა დარღვევა.
თემცა, ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამ დარღვევის დაფიქსირების მიუხედავად, კომპანია განაგრძობს კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას. მას ჰყავს მხარდამჭერი სამინისტროს სახით, რომელიც აცხადებს, რომ გადაწყვეტილება კომპეტენტურ ექსპერტებზე დაყრდნობით მიიღეს და პრობლემა მხოლოდ მოსახლეობასთან არასათანადო კომუნიკაციაა.
ახლა რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას:
2020 წლის 22 აპრილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ისე გასცა ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის ნებართვა, რომ საბოლოო პროექტი არ უნახავს.
„მწვანე ალტერნატივა“ აცხადებს, რომ საბოლოო პროექტი დღემდე არ წარდგენილა.
არ წარდგენილა არც კანონით სავალდებულო საექსპერტო დასკვნები, რომლის საფუძველზეც გაიცემა მშენებლობის ნებართვა.
5 მარტს, ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა 20-გვერდიანი პასუხი კიდევ ერთი ორგანიზაციის, EMC-ის კრიტიკულ ანალიზზე სახელმწიფოსა და კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.
ხოლო წინადღით, 4 მარტს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაავალა, მეორე დღესვე წასულიყვნენ რეგიონში და ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობის შეკითხვებისთვის ადგილზე ეპასუხათ.
„აუხსენით და გაეცანით, რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხილები“, - უთხრა ღარიბაშვილმა მინისტრებს.
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ნამახვანჰესის პროექტზე დიდი ხანია ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია, რომელიც საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარანტი გახდება.
ნამახვანჰესის საკითხზე მოსახლეობასთან შეხვედრა ცაგერში ამ წუთებში მიმდინარეობს.