სამყაროს მოწყვეტილები - როგორია ცხოვრება ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში?

საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის ჯუფმა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებული მდგომარეობა შეისწავლა და დაასკვნა, რომ იქ მყოფი პაციენტები არ არიან დაცულნი ძალადობისგან, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან. მონიტორინგი 2020 წლის 15-16 სექტემბერს, კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე განხორციელდა და აი რა სურათი გამოიკვეთა:

პირში ძალით ჩაყრილი წამლები: არაადამიანური მოპყრობის ფაქტები

მონიტორინგის ჯგუფი თავად შეესწრო შემთხვევებს, როცა პერსონალი უყვიროდა, უხეშად მიმართავდა და პასუხობდა პაციენტებს.

პაციენტები ამბობენ, რომ მათ სცემენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. დაფხვნილ მედიკამენტებს ძალით უყრიან პირში, ძალას იყენებენ ნემსის გაკეთებისას - არის შემთხვევები, როცა ქალი პაციენტებისთვის ინექციების იძულებით გაკეთების პროცესში, კაცი პაციენტები მონაწილეობენ.

კონფლიქტი თავად პაციენტებს შორისაც ხშირია. თუმცა რადგან პერსონალი ან ცოტაა და ან არაკვალიფიციურია, სიტუაცია დროულად ვერ იმუხტება.

ერთხელ, როცა ერთმა პაციენტმა ცოცხი დაარტყა მეორეს და თმით მოქაჩა, პერსონალმა ვერ შეძლო მათი დროულად გაშველება, რადგან საკვებს მიირთმევდნენ. იყო შემთხვევა, როცა პერსონალი ჩხუბში საერთოდ არ ჩაერია.

რა აჩხუბებთ პაციენტებს? როგორც ირკვევა, ეს ოთახების დალაგების უფლების მოპოვებაა - ვინც ოთახს დაალაგებს, მას სიგარეტი და ისეთი დამატებითი საკვები ერგება, რომელიც მათი კვების რაციონში არ შედის.

სახალხო დამცველი წერს, რომ მსგავსი კონფლიქტები არსად აღირიცხება და პრობლემაც ინექციის გაკეთებით იჭრება. ცხადია, მსხვერპლი პაციენტების ფსიქო-სოციალურ დახმარებაზე ლაპარაკიც არ არის.

პაციენტებს არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ, რომ რაიმე ფორმით გააპროტესტონ გულგრილობა, არასათანადო მოპყრობა, იზოლაცია ან შებოჭვა - ისინი საჩივარს ვერ დაწერენ.

დაწესებულებაში არც უფასო იურიდიული დახმარების სერვისი არსებობს.

ყველა მათგანს ჩამორთმეული აქვს ტელეფონი და მხოლოდ მაშინ შეუძლიათ სადმე დარეკვა, თუ პერსონალს სთხოვენ, თხოვნაზე ხშირად უარით ისტუმრებენ.

სახალხო დამცველმა ამ საკითხებზე „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის" დირექტორს რამდენიმე რეკომენდაცია მისცა, მათ შორის, თანამშრომლებისათვის პაციენტებთან ურთიერთობის დეტალური ინსტრუქციის შემუშავება.

პაციენტის შეზღუდვა, როგორც გამოსავალი

რამდენიმე წლის წინ, დაწესებულების პერსონალის ნაწილს დეესკალაციის პრაქტიკაზე ტრენინგები კი ჩაუტარეს, მაგრამ ფაქტია, რომ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში ვერავინ გამოიყენა.

2020 წელს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დაფიქსირებული მექანიკური შეზღუდვების 80%-ზე მეტ შემთხვევაში, შეზღუდვა გამოყენებულია ფორმალურად ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ, ისე, რომ არ მომხდარა მათი სტატუსის გადასინჯვაც კი.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მონიტორინგის ჯგუფმა გამოკვეთა არის ის, რომ როგორც ფიზიკური შეზღუდვა (შებოჭვა მაგალითად), ისე ქიმიური (ინექცია) ხორციელდება სპეციალური კვალიფიკაციის არმქონე, არასამედიცინო პერსონალის მიერ, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების შესახებ ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციას.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა

გადატვირთული დაწესებულება მთლიანად გამორიცხავდა დისტანციის დაცვას, რაც პანდემიის დროს თავდაცვის ერთ-ერთი მთავარი გზაა. პერსონალის უმრავლესობას არც პირბადე ეკეთა. სპეციალური პრევენციული ჯგუფის ვიზიტის დროისთვის (2020 წლის 15-16 სექტემბერი) მათ არც COVID-19-ზე ტესტირება უტარდებოდათ.

პაციენტებისა და მნახველების შეხვედრები აკრძალული იყო - თუმცა იყო ამ წესის დარღვევის შემთხვევებიც.

სად არის უსაფრთხო და თერაპიული გარემო? - საპნით დაბანა კვირაში ერთხელ

დაწესებულების მთლიანი ინფრასტრუქტურა მოძველებულია - დერეფნები, პალატები, ტუალეტები სარემონტოა.

ზოგიერთ პაციენტს საპონიც კი არ ჰქონდა. პაციენტები აცხადებდნენ, რომ ის პერსონალს მათთვის არ მიუცია და საპნით დაბანის შესაძლებლობა მხოლოდ კვირაში ერთხელ, ბანაობის დროს ეძლეოდათ. ჰიგიენური საშუალებები, როგორც გაირკვა რეგულარულად არ რიგდება - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოითხოვენ.

თუმცა ერთ-ერთი პაცინეტი ქალი ამბობდა, რომ ჰიგიენური საფენების მოთხოვნის შემთხვევაშიც, პერსონალი უარს ეუბნება იმ მიზეზით, რომ „არ სცალიათ“ და აძლევენ იმ შემთხვევაში, თუ „ხასიათზე არიან“. ერთმა პაციენტმა კი ისიც თქვა, რომ მას ჰიგიენური საშუალებები არასოდეს მოუთხოვია, რადგან „რცხვენოდა“.

ზოგიერთ პალატაში ლოგინებზე დახეული და დასვრილი თეთრეული იყო გადაკრული. როგორც გამოკითხვით გაირკვა, თეთრეულს 1 ან 2 თვეში ერთხელ უცვლიან.

პაციენტების უმრავლესობას არ აქვს პირადი ტანსაცმელი და თეთრეული (საცვლები და ბიუსტჰალტერები). ყველა პაციენტის ტანსაცმელს ერთიანად რეცხავენ და პაციენტებს ეძლევათ სხვისი ნახმარი ტანსაცმელი, წინდები და თეთრეული.

გამოჩნდა ისიც, რომ პერსონალი პაციენტების შრომას ფულადი ანაზღაურების გარეშე იყენებს და სამაგიეროდ სიგარეტს, ყავას ან რაიმე საკვებს აძლევს, ან დარეკვის უფლებას.

შპს ,,ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის’ მიერ გამოგზავნილ პასუხში აღნიშნულია, რომ დაწესებულებას შემუშავებული აქვს დეტალური რეკონსტრუქციიის გეგმა, რომელიც გაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროში და უკვე მიღებულია პრინციპული თანხმობა ინფრასტრუქტურული და სან-ჰიგიენური პრობლემების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე.

თუმცა როდის მოხდება ეს, არავინ იცის.

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, რომელიც არ არსებობს

თერაპიული გარემოს შექმნასა და რაიმე სახის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციაზე საუბარიც ზედმეტია.

საშტატო განრიგის მიხედვით, მულტიდისციპლინური გუნდის წევრად გათვალისწინებულია 4 სპეციალისტი:

  • ფსიქოლოგი-არტ-თერაპევტი;
  • ფსიქოლოგი;
  • ერგო-თერაპევტი;
  • სოციალური მუშაკი.

მაგრამ პაციენტებთან გასაუბრებით ირკვევა, რომ ეს გუნდი მხოლოდ ფორმალურად არსებობს. დაწესებულებას ერთადერთი სოცმუშაკი ჰყავს, რომელიც მონიტორინგის დროს შვებულებაში იმყოფებოდა.

კვების განრიგის გარდა, პაციენტებისათვის დღის განმავლობაში არ არსებობს არანაირი აქტივობის რეჟიმი, რაც მათ იქ ყოფნას გაუადვილებდა.

არადა, დაწესებულებაში არის არტთერაპიის ოთახები, არის ბიბლიოთეკაც (მწირი, მაგრამ მაინც), თუმცა პაციენტთა უმრავლესობა უარს ამბობს ამ ოთახებით სარგებლობაზე, რაც შესაძლოა გამოწვეული იყო დაბალი მოტივაციით. ზოგიერთი პაციენტი კი აცხადებს, რომ აქვთ მოტივაცია ჩაერთონ ხატვაში, მაგრამ სამწუხაროდ ეს აქტივობები აღარ მიმდინარეობს.

კვება და სასმელი წყალი - უცხიმო, უმარილო, უშაქრო

კვება სამჯერადია, თუმცა პაციენტები საჭმლის გემოს უჩივიან და ამბობენ, რომ მას აკლია მარილი და შაქარი და რომ საკვები უცხიმოა. ხილი კვირაში ერთხელ აქვთ - დაწესებულების ადმინისტრაცია ამაზე პასუხობს, რომ ისინი სარგებლობენ ოფიციალურად დადგენილი კალორაჟის სქემით, რაც შედგენილია სომატური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.

სპეციალური პრევენციული ჯგუფი კი დაუშვებლად მიიჩნევს დაწესებულებაში მხოლოდ დიეტური და ერთფეროვანი მენიუს არსებობას. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც დაწესებულებაში სტაციონარში არაერთი ხანგრძლივად დაყოვნებული პაციენტია, რომლებსაც საერთოდ არ სჭირდებათ დიეტის დაცვა.

სასმელ წყალს საპირფარეშოში ავსებენ. პაციენტები ამ წყლის გემოსა და სუნსაც იწუნებენ.

და ეს ფსიქიკურ დაწესებულებაში გამოვლენილი პრობლემების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელიც წლიდან წლამდე უცვლელია.

ეს პრობლემები სახალხო დამცველის წინა წლების სპეციალურ ანგარიშებშიც გვხვდება.

შპს ,,ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის’’ მიერ გამოგზავნილ პასუხში აღნიშნულია, რომ აცნობიერებენ დაწესებულებაში არსებული პრობლემების მოგვარებაზე მათ პასუხისმგებლობას და აღნიშნავენ, რომ მათი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში უკვე მიღებული აქვთ გარკვეული ზომები „მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით“.

თუმცა, აცხადებენ იმასაც, რომ დაწესებულების განმარტებით, ანგარიშში მითითებული ზოგიერთი საკითხის გადაჭრა ერთი დაწესებულების დონეზე რეგულაციების შემოღებით შეუძლებელი იქნება.