ვის დაურეკა, ვის მისწერა მთავრობამ, პარლამენტმა, პრეზიდენტმა COVID-ვაქცინის თხოვნით?

რა გააკეთა საქართველოს მთავრობამ, საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს პრეზიდენტმა და ორმა კონკრეტულმა უწყებამ, ჯანდაცვის სამინისტრომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმისათვის, რომ საქართველოში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დროულად შემოსულიყო? - სწორედ ამ შინაარსის კითხვა გაუგზავნა 9 თებერვალს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, პარლამენტს, პრეზიდენტს, ჯანდაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს.

უფრო ზუსტად კი ანა ნაცვლიშვილმა ხუთ საჯარო უწყებას ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე მიმართა და ამ შინაარსის წერილი გაუგზავნა:

„საქართველოს კონსტიტუციის მე-17-ე და მე-18-ე მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის საფუძველზე, გთხოვთ, მომაწოდოთ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული სრული ოფიციალური მიმოწერის ასლები (მათ შორის, ელექტრონული ფოსტით წარმოებული მიმოწერა). თუ მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი შეიცავს არასაჯარო ინფორმაციას, გთხოვთ, უზრუნველყოთ ინფორმაციის შესაბამისი ნაწილის დაშტრიხვა“.

ანა ნაცვლიშვილმა რადიო თავისუფლებას მიაწოდა იმ წერილების ასლები, რომლებიც მან სამთავრობო უწყებებიდან მის მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ მიიღო.

რას იწერება საქართველოს პარლამენტი?

პირველი წერილი ანა ნაცვლიშვილმა 18 თებერვალს, საქართველოს პარლამენტიდან მიიღო:

„საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2020 წლის 22 დეკემბერს, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, COVID19-თან ბრძოლის საკითხზე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის თაობაზე, რომელიც აერთიანებს შესაბამისი დარგის პროფესიონალებს. მისი საქმიანობის მიზანია COVID19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესის ანალიზი და მისი ეფექტიანობის გასაზრდელად შესაბამისი რეკომენდაციების, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული წინადადებებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტების შემუშავება. აღნიშნული საბჭოს ფორმატში მსჯელობა გაიმართა შესაბამის საკითხებზე. მათ შორის, საქართველოში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის სამოქმედო გეგმის თანახმად, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებული მდგომარეობისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მოსმენა შესაბამისი კომპეტენტური უწყებების მონაწილეობით, სადაც განხილული იქნება აგრეთვე ქვეყანაში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის საქმის წარმოების დეპარტამენტის ინფორმაციით, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად წარმოებული მიმოწერის ამსახველი წერილები რეგისტრირებული არ არის“.

როგორც ანა ნაცვლიშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ წერილის თანახმად ირკვევა, რომ პარლამენტმა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით უნდა ახორციელებდეს ზედამხედველობას ქვეყანაში ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ეს ფუნქცია მხოლოდ ერთ კონკრეტულ კომიტეტს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს გადააბარა და პროცესიდან გამორიცხა როგორც საგარეო საქმეთა საკითხთა კომიტეტი, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, რაც ანა ნაცვლიშვილის თქმით, იმაზე მეტყველებს, რომ პარლამენტი მის მთავარ, საზედამხედველო ფუნქციას ძალიან ვიწრო ჭრილში აღიქვამს. თუმცა, მისივე თქმით, მხოლოდ ეს არ არის პრობლემა. ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, ვერც ჯანდაცვის კომიტეტი ასრულებს საზედამხედველო ვალდებულებებს:

„პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის საზედამხედველო ფუნქცია. თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ვაქცინის შემოტანის საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროც უნდა მუშაობდეს, მაშ, რატომ არ ახორციელებს პროცესზე ზედამხედველობას პარლამენტის საგარეო საქმეთა საკითხთა კომიტეტი? გარდა ამისა, პანდემიასთან ბრძოლისას, ძალიან მნიშვნელოვანია სიცოცხლის უფლება. სახელმწიფოს ამ უფლების დაცვის ვალდებულება გააჩნია და როდესაც ასეთი მაღალია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების შელახვის რისკი, საკანონმდებლო ორგანომ, კონკრეტულად ადამიანის უფლებათა კომიტეტმა უნდა აკონტროლოს, დგამს თუ არა ყველა საჭირო ნაბიჯს აღმასრულებელი ხელისუფლება იმისათვის, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ დადგეს რისკის ქვეშ. მე წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს გავუგზავნე, მან კი მხოლოდ ერთ, დარგობრივ, ჯანდაცვის კომიტეტთან გადამამისამართა. ჯანდაცვის კომიტეტი კი რას მწერს? მეუბნება, რომ შექმნა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, სადაც უნდა გააანალიზოს COVID19-თან დაკავშირებული საქმიანობები, თუმცა, ეს საკითხები ჯერ გაანალიზებული არ არის. მწერს, რომ ჯანდაცვის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, უახლოეს პერიოდში, დაგეგმილია ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებული მდგომარეობის და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მოსმენა შესაბამისი კომპეტენტური უწყებების მონაწილეობით, სადაც განხილულ იქნება აგრეთვე კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა. სამოქმედო გეგმის თანახმად, ეს საკითხები უნდა განხილულიყო თებერვალში, ანუ, ვადა უკვე გადაცილებულია. და მეორე, არსად არაფერია ნათქვამი, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც ქვეყანაში ვაქცინის შემოტანაა, მიეძღვნება ცალკე სხდომა. ეს საკითხი ერთ საერთო ქვაბში არ უნდა მოიხარშოს. და მესამე, წერილის ბოლოს მაცნობებენ, რომ მათ ბაზაში არ მოიძებნა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად წარმოებული მიმოწერის ამსახველი წერილები. ანუ, არანაირი მიმოწერა ამ მიმართულებით პარლამენტს არცერთ უწყებასთან თუ საერთაშორისო პარტნიორთან არ უწარმოებია“.

პასუხი მთავრობის ადმინისტრაციისგან

მეორე წერილი ანა ნაცვლიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციისგან მიიღო. წერილი 22 თებერვლით თარიღდება და ის სულ რამდენიმე წინადადებისგან შედგენა. მთავრობის ადმინისტრაცია ანა ნაცვლიშვილის წერილს ჯანდაცვის სამინისტროში ამისამართებს:

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად, წარმოგიდგენთ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლის განცხადებას, რომელიც ეხება COVID19-ის ვაქცინის მისაღებად წარმოებული ოფიციალური მიმოწერის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას. გთხოვთ, განიხილოთ წარმოდგენილი განცხადება და პასუხი აცნობოთ განმცხადებელს“.

ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ მისი წერილის ჯანდაცვის სამინისტროში გადამისამართება, მხოლოდ და მხოლოდ, იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მოპოვების მიმართულებით არანაირი ძალისხმევა არ გაუწევია:

„ეს იმას ნიშნავს, რომ სამთავრობო დონეზე, მთავრობის ადმინისტრაციის დონეზე, მუშაობა არ წარმოებს, ეს პროცესი მთლიანად მინდობილი აქვთ ჯანდაცვის სამინისტროსთვის. გასაგებია, რომ ეს სამინისტრო დარგობრივი სამინისტროა, მაგრამ გამოწვევის მასშტაბიდან და საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, მქონდა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მთავრობის ადმინისტრაციის დონეზეც უნდა ყოფილიყო სამუშაოები ჩატარებული. თუმცა, როგორც მათი წერილიდან ვხედავ, მათ ამ ტიპის ძალისხმევა არ გაუწევიათ, რადგან ჩემი წერილი სრულად გადაამისამართეს ჯანდაცვის სამინისტროსთან. პასუხისმგებლობა მოიხსნეს“.

პრეზიდენტის 44 ზარი

მომდევნო და ყველაზე ვრცელი, ორგვერდიანი წერილი ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიიღო.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია იწერება, რომ საერთაშორისო ძალისხმევის ფარგლებში, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 2020 წლის მარტიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე განახორციელა 44 სატელეფონო ზარი და ონლაინ შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, ლიეტუვის, საბერძნეთის, ფინეთის, მონტენეგროს, ხორვატიის, ისრაელის, ჯამში, 27 ქვეყნის პრეზიდენტთან. ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, ბელგიის მეფესთან და სხვა.

„სატელეფონო საუბრისას და ონლაინშეხვედრებზე, პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავდა ვაქცინის ხელმისაწვდომობის მიმართებით საერთაშორისო სოლიდარობისა და თანასწორობის მნიშვნელობას... ამასთან, გლობალური პანდემიის დაწყების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის პირველი საერთაშორისო ვიზიტი ქ.ბრიუსელში, დიდწილად COVID19-ის ვაქცინაციის საკითხს დაეთმო. შეხვედრებზე საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით მოითხოვა ასოცირებული ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდების მიზნით TEAM EUROPE-ის მიერ სოლიდარობის მექანიზმის შემუშავება და, რაღა თქმა უნდა, დახმარების გაწევა საქართველოსთვის ვაქცინების დროულად მისაღებად. ვაქცინაციის საკითხი ერთ-ერთი მთავარი თემა გახლდათ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას, ასევე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე... საქართველოს პრეზიდენტმა ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მიმართა თხოვნით, სოლიდარობის ნიშნად, საქართველოსთვის ვაქცინების დროული მიწოდების შესახებ, ნატოს კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრის მეშვეობით. ამ მოთხოვნას, თავის მხრივ, მხარი დაუჭირა ალიანსის გენერალურმა მდივანმა და წევრი ქვეყნების ელჩებს საქართველოსადმი სოლიდარობისკენ მოუწოდა. მუშაობა ამ მიმართულებით ახლაც აქტიურად მიმდინარეობს“, - წერია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილში.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, დასაფასებელია, რომ პრეზიდენტი ვაქცინაციის საკითხზე მართავს სატელეფონო ზარებსა და შეხვედრებს, თუმცა, მისი თქმით, კონკრეტული მიზნისკენ მიმავალი კომუნიკაცია, როგორც ჩანს, პრეზიდენტს არ უწარმოებია:

„ეს არის ზოგად ჭრილში დაყენებული საკითხი. არსად ჩანს, რომ პირობითად, აიღო ტელეფონი, დაურეკა მაგალითად, ისრაელს და სთხოვა, რომ საქართველოსთვის გაეწია დახმარება. იმ წერილიდან რომელიც მივიღე, კონკრეტული ძალისხმევა ვერ დავინახე. შედეგი რომ გვქონოდა, ცხადია, ეს აუცილებლად გვეცოდინებოდა. ვაფასებთ ძალისხმევას, მაგრამ ჩვენ გვინდა შედეგი“.

რას პასუხობს ჯანდაცვის სამინისტრო?

არაფერს.

რას პასუხობს საგარეო საქმეთა სამინისტრო?

არაფერს.

ანა ნაცვლიშვილს ამ ორი უწყებიდან მის მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაზე, ამ დრომდე, არანაირი პასუხი არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ მან ჯანდაცვის სამინისტროს პირადადაც მიმართა და მთავრობის ადმინისტრაციამაც სწორედ ჯანდაცვის სამინისტროში გადაამისამართა მისი წერილი, ამ უწყებას, ანა ნაცვლიშვილისთვის პასუხი არ მიუწერია:

„ორი მთავარი სამინისტროსგან, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისგან არაფერი მიმიღია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, მუდმივად იმეორებს, რომ ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით, კონფიდენციალურია. ჩემს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მხოლოდ ერთი პროცენტი შეიძლება იყოს კონფიდენციალური, კომერციული საიდუმლო. მე ვითხოვ ოფიციალურ მიმოწერებს, წერილებს, რომლებიც საქართველოს მხრიდან გაიგზავნა იმ მიზნით, რომ დროულად გვქონოდა ვაქცინა. ეს ინფორმაცია არ არის კონფიდენციალური. კონფიდენციალური შეიძლება იყოს ხელშეკრულების მცირე ნაწილი, გარკვეული პირობები, თუმცა, აქაც ძალიან საკამათოა, რამდენად შეიძლება ასეთი მაღალი საჯარო ინტერესის პირობებში, როდესაც ფულს ბიუჯეტიდან ვიხდით, როდესაც მასობრივი საფრთხისგან დამცავ მექანიზმზეა საუბარი, ხელშეკრულებების დიდი ნაწილი ჩაითვალოს კონფიდენციალურად. ქვეყანაში ვაქცინის შემოტანაზე პასუხისმგებელი მთავარი უწყებები არ თვლიან თავს ანგარიშვალდებულად, რომ მიაწოდონ საჯარო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა ძალისხმევა გასწიეს იმისათვის, რომ საქართველოს ვაქცინა მიეღო“.

სამაგიეროდ, 17 თებერვალს, ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღო პასუხი დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. ელენე ხოშტარია 3 მარტს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ მოლაპარაკებები Covax პლატფორმასთან (ვაქცინების გლობალური ალიანსი) დაიწყო გასული წლის 18 სექტემბრიდან.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წერილშია მითითებული, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2020 წლის ივლისიდან თანამშრომლობს Covax ფონდთან ვაქცინაციის პროცესის დროულად დაწყებისთვის. სამინისტრო, საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და სხვა განვითარებული ქვეყნების მთავრობებთან. ასევე ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან ვაქცინის შესყიდვის მიზნით. Covax პლატფორმასთან აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო 2020 წლის ივნისიდან. სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან უკვე ივლისიდან“.


უკანასკნელი ცნობები საქართველოში ვაქცინის შემოტანის შესახებ

რაც შეეხება უკანასკნელ ცნობებს ოფიციალური უწყებებიდან საქართველოში ვაქცინის შემოტანის შესახებ, გეტყვით, რომ 3 მარტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, „ასტრაზენეკას“ მიერ ინდოეთში წარმოებული ვაქცინების მისაღებად მოლაპარაკებებს გამართავს.

3 მარტს გავრცელებული ინფორმაციის თანახმადვე, საქართველომ მიაღწია შეთანხმებას ამერიკულ კომპანია Novavax-თან. კომპანიისგან საქართველოო ივნისისთვის მილიონ დოზა ვაქცინას ელოდება.

გარდა ამისა, Covax პლატფორმაზე (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და ვაქცინების გლობალური ალიანსის (GAVI) ინიციატივით შექმნილი ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდი) 2 მარტს გამოქვეყნებული ვაქცინის განაწილების შესახებ პირველი რაუნდის განახლებული დოკუმენტის თანახმად, საქართველოსთვის „ასტრაზენეკას“ 129,600 და „პფაიზერის“ 29,250 დოზა არის გამოყოფილი. დოკუმენტში მოცემული დოზების განაწილება 2021 წლის თებერვალი-მაისის პერიოდს ითვალისწინებს. შეგახსენებთ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ჯერ კიდევ რანდენიმე დღის წინ, Covax პლატფორმის გავლით, „ასტრაზენეკას“ 300 ათასამდე დოზა ვაქცინას ელოდა. „ასტრაზენეკას“ 129,600 დოზა, საქართველომ მაისის ჩათვლით უნდა მიიღოს. ჯანდაცვის სამინისტროს მოლოდინია, რომ ვაქცინის პირველი დოზები ქვეყანაში მარტის მეორე ნახევრიდან უნდა შემოვიდეს.

რაც შეეხება „პფაიზერს“, რომელიც საქართველოს ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებში უნდა მიეღო, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც Covax პლატფორმიდან მიღებულ წერილს ეყრდნობა, კომპანიამ დამატებითი პირობა, პასუხისმგებლობების დაზღვევაზე ფინანსური ვალდებულების პირობა წაუყენა ქვეყნებს და მათ შორის, საქართველოსაც. ამ დამატებითი პირობისა და ვალდებულების შესახებ, „კოვაქსს“, „პფაიზერსა“ და საქართველოს შორის, მიმდინარე კვირის ბოლომდე სამმხრივი სატელეფონო საუბარი უნდა შედგეს და სავარაუდოდ, ამის შემდეგ გადაწყდება, როდის შემოვა საქართველოში „პფაიზერის“ დაპირებული დოზები.

რას პასუხობს ვაქცინების გლობალური ალიანსი რადიო თავისუფლებას

რა გახდა საქართველოში „პფაიზერის“ ვაქცინის შემოტანის გადავადების მიზეზი? ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ Covax პლატფორმას 2 მარტს მიმართა.

რადიო თავისუფლების კითხვებს ვაქცინების გლობალური ალიანსის (GAVI) სპიკერმა უპასუხა. ის არ აკონკრეტებს არცერთ დეტალს კონკრეტულად საქართველოსთვის ვაქცინის მიწოდების გადავადების მიზეზებზე და მხოლოდ ზოგადი კრიტერიუმების განმარტებით შემოიფარგლება:

„იმისათვის, რომ ვაქცინების დოზები კოვაქსის პლატფორმის მონაწილეებს ალოკაციის (განაწილების) პირველი რაუნდის ფარგლებში მიეწოდოს, რადენიმე აუცილებელი კომპონენტი უნდა იყოს სახეზე: ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებული ავტორიზაციის კრიტერიუმების დადასტურება ეროვნული რეგულატორის მიერ; ასევე შეთანხმება კომპენსაციის შესახებ (ყველა მონაწილისათვის შესაბამის მწარმოებელთან); ვაქცინის ეროვნული გეგმები იმ ქვეყნებში, რომლებმაც მომავალ შესყიდვებზე წინასწარი ვალდებულება აიღეს, ისევე როგორც სხვა ლოჯისტიკური ფაქტორები, როგორებიცაა ექსპორტისა და იმპორტის ლიცენზიები.

ჩვენ ახლო კონტაქტი გვაქვს კოვაქსის მონაწილე ქვეყნებთან COVID19-ის ვაქცინების წარდგენასთან დაკავშირებით. როდესაც თითოეული ქვეყანა დაასრულებს მოსამზადებელ სამუშაოებს, Covax აფორმებს შესყიდვების ხელშეკრულებებს მწარმოებლებთან და აგზავნის და აწოდებს დოზებს განმეორებითი პროცესის მეშვეობით. ეს იმას ნიშნავს, რომ გასული კვირის მონაცემებით, ალოკაციის პირველი რაუნდის მიწოდება ყოველდღიურად ხდება განმეორებად ტრანშებად.

იმ ქვეყნებისთვის, ვისთვისაც გამოიყო Pfizer- BioNTech-ის ვაქცინები, არსებული დოზების შეზღუდული რაოდენობისგან გამომდინარე, ამ დოზების საბოლოო მიწოდება ხდება მოლაპარაკებებისა და დამატებითი ხელშეკრულებების აღსრულების საგანი; ასევე პროდუქტის გამოყენების მოთხოვნებისა და მიღების აღსრულების დადასტურების; მომავალ შესყიდვებზე წინასწარი ვალდებულების ამღები ქვეყნის მზაობის დადასტურების; და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო გამოყენების (Emergency Use Listing) პროცედურის რეგულაციის მიღების დადასტურების საგანი.

ალოკაციების პირველი რაუნდის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ შესაბამის მთავრობებს, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ COVAX პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან მიწოდების კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებით“.

ცნობილია, რომ Covax პლატფორმასთან ჯერ კიდევ სექტემბერში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ Covax-ისგან მოსახლეობის 20%-ის, 700 ათასი ადამიანის ასაცრელი დოზა ვაქცინა უნდა მიიღოს. ამ მიზნით ჯერ კიდევ შემოდგომაზე გადაირიცხა Covax პლატფორმაზე 4 მილიონი ამერიკული დოლარი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2 მარტს Covax პლატფორმაზე დამატებით გადაირიცხა 575 ათასი ამერიკული დოლარი. მისივე ინფორმაციით, 700 ათასი ადამიანის ასაცრელი დოზის, ანუ მილიონ 400 ათასი დოზის შესაძენად, წინასწარი გაანგარიშებით, საქართველომ 17 მილიონამდე დოლარი უნდა გადაიხადოს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, გარდა Covax პლატფორმასთან გაფორმებული ხელშეკრულებისა, საქართველო აქტიურად აწარმოებს ორმხრივ, პირდაპირ მოლაპარაკებებს ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებთან და სხვადასხვა ქვეყანასთან. მათი მტკიცებით, მოლაპარაკებებში პირადად არიან ჩართულნი როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები, ისე საგარეო საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილეები და ელჩები.

ამავე თემაზე:

თამარ გაბუნია: დადგება დრო, როცა გვექნება ჭარბი ვაქცინა

თებერვლის შუაც დადგა, ბოლო დეკადაც, ხეში წყალიც ჩადგა, ვაქცინა კი არ ჩანს

დაგვიანება იცის ვაქცინამ - რატომ გადაიწია COVID-ვაქცინის ჩამოსვლის თარიღმა?