იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი მოითხოვს, შეწყდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს შევსების მიზნით მიმდინარე მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი. ის შიშობს, რომ ყველა კონკურსის დასრულების შემთხვევაში, მივიღებთ უზენაეს სასამართლოს, რომელიც დაახლოებით 90%-ით უვადო მოსამართლეებით იქნება დაკომპლექტებული.
რატომ მოითხოვს შეჩერდეს და რა ხარვეზებით მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ამაზე ნაზი ჯანეზაშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში დაწვრილებით საუბრობს.
რადიო თავისუფლება: ნაზი, რატომ მოითხოვთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების შერჩევის პროცესი შეჩერდეს?
ნაზი ჯანეზაშვილი: ჯერ იმას ვიტყვი, რომ დღეს გამოცხადებულ სამ კონკურსში მოსამართლეები იბრძვიან 11 ვაკანტური ადგილისათვის. 14 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უკვე უვადოდ არის დანიშნული. თუ ამ 11 მოსამართლესაც ავირჩევთ და პროცესი ბოლომდე მივა, ეს იმას ნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლო, დაახლოებით 90 %-ით იქნება დაკომპლექტებული უვადო მოსამართლეებით. ეს კი, ჩემი აზრით, იმას ნიშნავს, რომ ათწლეულების განმავლობაში ვკარგავთ იმედს, რომ უზენაეს სასამართლოში რაღაც შეიცვლება. და მეორე, უზენაესი სასამართლოს კარი ძალიან დიდი ხნით იხურება კვალიფიციური და კეთილსინდისიერი კადრებისათვის.
რადიო თავისუფლება: თქვენ საუბრობთ დარღვევებზე კანდიდატების მოსმენების პროცესში. კონკრეტულად რას გულისხმობთ?
ნაზი ჯანეზაშვილი: სანამ მაგ დარღვევებს შევეხები, ისევ და ისევ უნდა ითქვას, რომ დღეს სისტემაში არის ე.წ. კლანური მმართველობა, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც უნდა მიიღოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ცხადია, რომ „კლანის“ მიერ არის მიღებული. ეს არის მთავარი კონტექსტი, როცა ამ პროცესში არსებულ პრობლემებზე ვლაპარაკობთ. მაგრამ დღევანდელი ჩემი განცხადების ბიძგი გახდა ის დარღვევები, რაც კანდიდატების მოსმენის პროცესში გამოიკვეთა.
დღეს ამ ვაკანსიების შესავსებად სამი კონკურსი მიდის, რომელიც ოქტომბერ-ნოემბერში დაიწყო. დეკემბეში ჩატარდა პირველი კონკურსი (9 ვაკანსიაზე), იყო 23 გასაუბრება, მაგრამ იანვარსა და თებერვალში ეს პროცესი თითქოს შეჩერდა.
მეორე კონკურსის (1 ვაკანსია) ფარგლებში გასაუბრება 2021 წლის 20 იანვარს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ დრომდე არცერთი გასაუბრება არ ჩატარებულა, რითიც დაირღვა “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ვადები.
ასეთივე ვითარებაა მესამე კონკურსთან (1 ვაკანსია) მიმართებაშიც, კანდიდატების მოსმენა 2021 წლის 9 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კანონის მოთხოვნა ვადებთან მიმართებაში, არც ამ შემთხვევაში შესრულებულა.
მე ვფიქრობ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, რომელიც ამავდროულად საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა, ღიად უნდა უპასუხოს კითხვას, რატომ მიმდინარეობს გასაუბრება არასტაბილურ რეჟიმში და რატომ დაირღვა კანდიდატების მოსმენებთან დაკავშირებით კანონით დადგენილი ვადები.
გარდა ამისა, მე როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, არცერთ შემთხვევაში არ მიმიღია ინფორმაცია კანდიდატების მოსმენისა თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ კანონით დადგენილ ვადებში, კერძოდ სხდომის გამართვამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე.
რადიო თავისუფლება: თქვენი მოთხოვნის კიდევ ერთ მიზეზად ინტერესთა კონფლიქტს ასახელებთ - რას გულისხმობთ კონკრეტულად?
ნაზი ჯანეზაშვილი: ვგულისხმობ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს, ირაკლი შენგელიას. ეს ადამიანი არის მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძის მარჯვენა ხელი, მისი მოადგილეა და თან ძალიან გავლენიანი მოსამართლე. ამ კონკურსში კი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მიზნით, მონაწილეობს ირაკლი შენგელიას ცოლისძმა, ლევან თევზაძე, სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე. ასევე, ირაკლი შენგელიას ბიძაშვილი ეკატერინე შენგელია.
შენგელია პროცესს ჩამოშორდა, თუმცა კონკურსიდან თვითაცილების მიზეზად მხოლოდ ლევან თევზაძე დაასახელა, ეკატერინე შენგელია არ უხსენებია, რამაც დატოვა შთაბეჭდილება, რომ ის ამ ფაქტის გამჟღავნებისგან თავს იკავებს.
მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი შენგელია ჩამოშორდა პროცესს, მასთან დაკავშირებული იუსტიციის საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი სრულად ჩართულია კონკურსში. ესენი არიან - ზაზა ხარებავა, რომელსაც, მისივე ინფორმაციით, ირაკლი შენგელიასთან აკავშირებს ნათელმირონობა და თამარ ღვამიჩავა, რომელიც ამბობს, რომ ირაკლი შენგელიას და მას “საერთო წინაპარი” ჰყავთ.
მე ვფიქრობ, რომ ზაზა ხარებავას და თამარ ღვამიჩავას მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში, რომელშიც მონაწილეობენ ეკატერინე შენგელია და ლევან თევზაძე, არის ინტერესთა კონფლიქტი, რაც ჩრდილს აყენებს მთელ პროცესს.
რადიო თავისუფლება: კიდევ ერთი სახელი, რომელიც თქვენ ახლაც ახსენეთ, არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი. მასთან რა პრეტენზია გაქვთ?
ნაზი ჯანეზაშვილი: დიახ, დიმიტრი გვრიტიშვილი ახლა არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მეორე კონკურსის ფარგლებში, რომელიც 2020 წლის 2 ნოემბერს გამოცხადდა. თუმცა ის, პირველ კონკურსში ჩვეულებრივად მონაწილეობს, როგორც საბჭოს მოსამართლე წევრი. რაც, მარტივად რომ ვთქვა, იმას ნიშნავს, რომ გვრიტიშვილი დაესწრო მისი კონკურენტი კანდიდატების მოსმენას - მათთან დასვა კითხვები, მანვე უნდა შეაფასოს კონკურენტი კანდიდატები და დაუწეროს ქულები კრიტერიუმების მიხედვით, საბოლოოდ კი მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში კანდიდატის ნომინირებასთან დაკავშირებით.
მიმაჩნია, რომ დიმიტრი გვრიტიშვილი, როგორც საბჭოს წევრი უნდა ჩამოშორებოდა კანდიდატების შერჩევის პროცესს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.
რადიო თავისუფლება: ნაზი, როგორ შეაფასებდით თავად გასაუბრებების პროცესს და დანარჩენ კანდიდატებს, რომლებიც ვაკანტური პოსტებისთვის იბრძვიან?
ნაზი ჯანეზაშვილი: ჯერ ის ვთქვათ, რომ სასამართლო სისტემა არის საკმაოდ ჩაკეტილი ინსტიტუტი. ამ ჩაკეტილობაზე, უზენაესის შემთხვევაშიც, ისიც მიუთითებს, რომ კანდიდატების უმრავლესობა არის მოქმედ სისტემაში გამოცდილების მქონე ადამიანები, ან მოქმედი მოსამართლეები და მათი თანაშემწეები, ან სასამართლო სისტემაში მოქმედი სხვა პირები. გარედან ამ კონკურსში ძალიან ცოტა ადამიანი მონაწილეობს.
ვინ არიან ეს ადამიანები? მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის არჩევა ხდება კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმის საფუძველზე, ხშირ შემთხვევაში, გასაუბრებაზე მოსულ კანდიდატებს პასუხის გაცემაც კი უჭირთ იმ კითხვებზე, რომლებიც სწორედ კეთილსინდისიერებას შეეხება. ძალიან უჭირთ დაასაბუთონ, რომ ისინი არიან დამოუკიდებლები, სიმართლისმოყვარე და ამის მაგალითებს ისინი, როგორც წესი ვერ ასახელებენ.
ეს მაშინ,როცა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების პოსტი ყველაზე გამორჩეულ იურისტებს უნდა ეკაოთ. ეს პროცესი, რაც ახლა მიდის, ამას ვერ უზრუნველყოფს. შედეგად, ჩვენ მივიღებთ ისეთ უზენაეს სასამართლოს, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც მოეთხოვება ყველა ქვეყნის უზენაეს სასამართლოს. და რაც ყველაზე მეტად მადარდებს, არის ის, რომ ეს მოსამართლეები ინიშნებიან უვადოდ ანუ, პერსპექტივა იმისა, რომ ათწლეულების განმავლობაში რამე შეიცვლება, აღარ გვექნება.
რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რატომ არ მოდიან კანდიდატები ამ ვაკანსიაზე სასამართლოს გარედან, როგორც თქვენ აღნიშნეთ? რით არის გამოწვეული ასეთი ნაკლები ინტერესი?
ნაზი ჯანეზაშვილი: სისტემა არის ჩაკეტილი. იმიტომ, რომ მას მართავს „კლანი“. კლანის ინტერესია დანიშნოს თავისი ხალხი, თავისი თანაშემწეები, თავიანთი ნათესავები და ხელი არ შეუწყონ გარედან მოსულ კადრებს, რომ კარიერა განავითარონ სასამართლო სისტემაში. თუ წლების წინ ჩვენ გვქონდა შემთხვევები, რომ ადვოკატები ხდებოდნენ მოსამართლეები, ან პროკურორები ან კერძო იურიდიული პრაქტიკით დაკავებული პირები, დღეს ასეთი ფაქტები მინიმუმამდეა დაყვანილი.
რადიო თავისუფლება: თქვენ ცნობილი ხართ, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელიც ბევრ კრიტიკულ კითხვას სვამს და ამის გამო თავადაც არაერთხელ გაუკრიტიკებიხართ. ამ მხრივ თუ შეიცვალა რამე გასაუბრების პროცესში?
ნაზი ჯანეზაშვილი: ვფიქრობ, მე ახლაც უმცირესობაში ვარ. საბჭოსთვის მთავარია, რომ ეს პროცესი როგორმე წარიმართოს ჩუმად, არ იყოს ხმაური და მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდებიან აგრესიულები, როცა მე ვუსვამ კითხვებს მათ ფავორიტ კანდიდატებს. ამით კარგად გამოჩნდება ხოლმე, თუ ვისთან მიმართებით აქვთ დადებითი განწყობა. რაც შეეხება კანდიდატებს, მართლა ერთეული შემთხვევებია, როცა კანდიდატის პასუხებიდან ჩანს, თუ რა ღირსეულია ის ადამიანი და რომ ის იმსახურებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ყოფნას. ყველაზე მეტად მაინც ის მიკვირს, რომ ეს კანდიდატები, სისტემაში მომუშავე ხალხი, კრიტიკულად არ აფასებენ შექმნილ ვითარებას. ვეკითხები, რა პასუხი აქვთ, მაგალითად, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, რომელიც ვერა და ვერ მიიღწა ამ ქვეყანაში და რაშიც მილიონები იხარჯება. ამაზე არც პასუხი აქვთ და არც კრიტიკულად აფასებენ იმ მოვლენებს, რაც სასამართლოში ხდება. ეს არის თავის ნაჭუჭში ჩაკეტილი ხალხი, ვისაც საერთოდ არ აინტერესებს რა ხდება გარეთ.
რომ შევაჯამოთ, პრობლემა არის ის, რომ ამ მოსამართლეებს, „კლანის“ წევრებს დაატარებენ ერთი სასამართლოდან მეორეში და ვითარება უბრალოდ არ იცვლება. ეს არის მუდმივი პროცესი - „კლანს“ რომელი მოსამართლეც სად სჭირდება, იქ მიჰყავს.