ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაათავისუფლა საქართველოს ერთი მოქალაქე

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის საგუშაგოზე ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს პოლიციას გადასცა დაკავებული მალხაზ დოლუაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ამავე მუნიციპალიტეტის, სოფელ ზერტის მცხოვრები სამი დღის წინ უკანონოდ დააკავეს. როგორც სუს-ი აღნიშნავს, ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა „ცხელი ხაზი“. მომხდარის შესახებ აცნობეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას; ინფორმაცია მიაწოდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედდა ყველა შესაბამისი მექანიზმი.