COVAX-პლატფორმა, ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდი, გასული წლის აპრილში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსის ინიციატივით შეიქმნა.
COVAX-ის მისია
ამ პლატფორმის მისიაა გააერთიანოს სახელმწიფოები, ჯანდაცვის გლობალური ორგანიზაციები, მწარმოებლები, მეცნიერები, კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება იმისათვის, რომ მსოფლიოს COVID-19-ის დიაგნოსტირების, მკურნალობისა და ვაქცინაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს. როგორც COVAX-პლატფორმის ოფიციალურ გვერდზე წერია, ეს პლატფორმა არის ერთადერთი ჭეშმარიტი, გლობალური გზა პანდემიის დასასრულისკენ, ეს არის ერთადერთი გზა, რომლის დახმარებითაც, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომა ექნება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ყველა ადამიანს, განურჩევლად მათი ფინანსური შესაძლებლობებისა.
COVAX-ის მიზანია, რომ 2021 წლის მიწურულს, საკუთარ პლატფორმაზე განათავსოს ვაქცინების 2 მილიარდი დოზა, რომელიც მსოფლიოს 190 ქვეყანაში გადანაწილდება. მათი გათვლებით, ეს დოზები საკმარისი იქნება სამედიცინო პერსონალისა და რისკჯგუფში მყოფი ადამიანების ასაცრელად. COVAX-ის მიზანია, პირველ რიგში, ვაქცინით უზრუნველყოს დაბალი შემოსავლის მქონე 92 ქვეყანა.
დღევანდელი მონაცემებით, COVAX-მა მოახერხა 6 მილიარდი ამერიკული დოლარის მობილიზება. თუმცა, იმისათვის, რომ 2021 წლის მიწურულისათვის პლატფორმაზე 2 მილიარდი დოზა ვაქცინა განთავსდეს, დამატებით ესაჭიროება დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის მობილიზება.
რომელი ვაქცინებია განთავსებული COVAX-ზე?
დღეს, COVAX-პლატფორმაზე განთავსებულია ორი კომპანიის, Oxford-AstraZeneca-სა და Pfizer-BioNTech-ის ვაქცინები. ვაქცინის გლობალური ალიანსის (GAVI) ინფორმაციით, ამ დროისათვის, ხელშეკრულება გაფორმებულია Oxford-AstraZeneca-ს 340 მილიონ დოზა, ხოლო Pfizer-BioNTech-ის 1,2 მილიონ დოზა ვაქცინაზე.
COVAX-პლატფორმიდან 141 ქვეყანა ელოდება ვაქცინებს. ეს ქვეყნები „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ დღეს არსებული სცენარით, ყველა აპლიკანტი მიიღებს „ასტრაზენეკას“ გარკვეულ ოდენობას, მაგრამ ყველა მათგანი ვერ მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინებს.
COVAX-იდან გასული პირველი დოზები
COVAX-პლატფორმიდან ვაქცინის პირველი დოზები 26 თებერვალს, განამ მიიღო. ვაქცინაცია იქ 1 მარტს დაიწყო. განას COVAX-ის პლატფორმიდან Oxford-AstraZeneca-ს 600 ათასი დოზა ვაქცინა ერგო.
504 ათასი დოზა ვაქცინა მიიღო COVAX-ისგან კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკამ, თებერვლის მიწურულს. იქ ვაქცინაციის პროცესი პირველი მარტიდან დაიწყო.
უახლესი, 2 მარტის მონაცემებით, 324 ათასi დოზა ვაქცინა გაიგზავნა კამბოჯაში.
624 ათასი დოზა - ანგოლაში.
3,94 მილიონი დოზა ვაქცინა - ნიგერიაში.
COVAX-პლატფორმის საშუალებით ვაქცინების მიღებაზე განაცხადის გაკეთება ქვეყნებს 6-დან 18 იანვრის ჩათვლით შეეძლოთ. პირველ ეტაპზე, COVAX-მა 72 ქვეყნის განცხადება მიიღო, მათ შორის იყო საქართველოც.
რას ელოდა და რამდენი მილიონი გადაურიცხა საქართველომ COVAX-ს?
საქართველომ COVAX-პლატფორმაზე ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში გადარიცხა 700 ათასი ადამიანის ასაცრელი ვაქცინისათვის საჭირო თანხის ნაწილი, უფრო ზუსტად კი, პირველადი შენატანი, 4 მილიონი ამერიკული დოლარი.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ნოემბერში განმარტავდა, ჯამში, მილიონ 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად (სწორედ ამდენი დოზა ვაქცინაა საჭირო 700 ათასი ადამიანის ასაცრელად), ქვეყანას COVAX-ისათვის 17 მილიონამდე ამერიკული დოლარი უნდა გადაეხადა.
რატომ აპირებს ბოსნია-ჰერცეგოვინა, უჩივლოს COVAX-ს?
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარში, COVAX-მა საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბოსნია-ჰერცეგოვინა შეარჩია იმ 18 ქვეყანას შორის, რომლებსაც პლატფორმისგან „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზები თებერვლის შუა რიცხვებში უნდა მიეღო. თუმცა, ვაქცინის მიღების თარიღმა ოთხივე ქვეყნის შემთხვევაში, „ფაიზერის“ მიერ წამოყენებული დამატებითი პირობების შესრულებამდე გადაიწია.
24 თებერვალს, ბოსნია-ჰერცეგოვინამ განაცხადა, რომ დაპირებული ვაქცინის თარიღის გადავადების გამო, შესაძლოა, მათ სარჩელით მიმართონ სასამართლოს. თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ამის საპასუხოდ, COVAX-პლატფორმამ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბოსნიამ მისგან მიიღო წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ქვეყანა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა 23,400 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინას, თუკი ის დააკმაყოფილებდა ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს, თუმცა, COVAX-ის განმარტებით, ქვეყანამ ეს პირობები ვერ დააკმაყოფილა და სწორედ ამიტომ გადაიწია ვაქცინის მიღების თარიღმა.
ბოსნია-ჰერცეგოვინის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმადვე, COVAX-მა ქვეყანას შესთავაზა სამმხრივი სატელეფონო მოლაპარაკებები, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო თავად პლატფორმას, „ფაიზერსა“ და ბოსნია-ჰერცეგოვინას.
ზუსტად ისე, როგორც COVAX-პლატფორმა ამას სთავაზობს საქართველოს. რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებულ წერილში, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ COVAX-პლატფორმისგან 22 თებერვალს მიიღო, სიტყვასიტყვითაა გამეორებული ის წინადადება, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინამ მიიღო „კოვაქსისგან“: „უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში, „ფაიზერთან“ გამართული რამდენიმე მოლაპარაკების შემდეგ, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ ვაქცინის მიღების გადავადების შესახებ „ფაიზერის“ მიერ დაყენებული დამატებითი მოთხოვნების შესრულებამდე“.
სწორედ 22 თებერვალს მიღებულ წერილში აცნობა საქართველოს COVAX-პლატფორმამ, რომ მიმდინარე კვირაში [ანუ, უკვე გასულ კვირაში] დაიგეგმება სამმხრივი სატელეფონო საუბარი, სადაც „ფაიზერის“ დამატებით მოთხოვნებზე იქნება ლაპარაკი. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო დღესაც სატელეფონო ზარის მოლოდინშია.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უთხრა რადიო თავისუფლებას პირველ მარტს, საქართველოს ყველა ის პირობა ჰქონდა შესრულებული ვაქცინის მისაღებად, რომელიც „კოვაქსმა“ და „ფაიზერმა“ ქვეყანას 29 იანვრამდე წაუყენეს. თუმცა, უკვე 22 თებერვალს მიღებულ წერილში ლაპარაკია კიდევ ერთ დამატებით პირობაზე, რომელიც შეეხება „ფაიზერისთვის“ პასუხისმგებლობების დაზღვევაზე ფინანსურ ვალდებულებას:
„ჩვენ ახლა მხოლოდ ის ვიცით, რომ „ფაიზერმა“ შესაძლოა გარკვეული დამატებითი პირობები დააყენოს ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებით, ხოლო თუ რა პირობებზეა ლაპარაკი და საერთოდ, დააყენებს თუ არა ამ პირობებს, ეს სატელეფონო მოლაპარაკებების დროს გადაწყდება. ეს კონკრეტული პირობები 22 თებერვლის წერილში მითითებული არ არის. რაც შეეხება პასუხისმგებლობების დაზღვევის პირობებს, იუსტიციის სამინისტრომ შეაფასა ეს დოკუმენტი და 24 თებერვალს „კოვაქსში“ უკვე გავაგზავნეთ თანხმობის წერილი, სადაც ვწერთ, რომ ჩვენთვის მათ მიერ წამოყენებული პირობები მისაღებია“.
ასევე ნახეთ თამარ გაბუნია: დადგება დრო, როცა გვექნება ჭარბი ვაქცინაიმასაც შეგახსენებთ, რომ პირველ მარტს, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც „კოვაქსისგან“ მიღებულ წერილს ეყრდნობა, თებერვლის მეორე ნახევარში მხოლოდ იმ ქვეყნებმა მიიღეს ვაქცინა, რომლებმაც დააკმაყოფილეს მათ მიერ წაყენებული ყველა კრიტერიუმი. ხოლო ის კრიტერიუმები, რომლებსაც ქვეყანა ვაქცინის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს, ასეთია: „ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა „კოვაქსის პლატფორმიდან“ დოზების მიღება შეძლოს“.
უჩივლებს საქართველო COVAX-ს?
საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიუღებელი და გაუგებარი აღმოჩნდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის. როგორც თამარ გაბუნიამ უთხრა რადიო თავისუფლებას პირველ მარტს, მან პირადად მისწერა წერილი „კოვაქს პლატფორმის“ პრესსამსახურს, სადაც ითხოვა განმარტება, თუ რატომ მოხდა ინფორმაციის ამ ფორმით გავრცელება.
უკვე მოგვიანებით კი, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისათვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, სამინისტრომ „კოვაქს პლატფორმას“ უჩივლოს:
„ამ სტატიის საპასუხოდ ჯანდაცვის სამინისტრომ დღესვე მიმართა „კოვაქს პლატფორმას“. ჩვენ მოვთხოვეთ მათ პასუხი იმაზე, რატომ გაეცა „ინტერპრესნიუსს“ ასეთი პასუხი, ვინაიდან ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ „კოვაქს პლატფორმასთან“ 18 სექტემბრის შემდეგ, მსგავსი გადაცდომა მათი მხრიდან წერილობით [არ მიგვიღია], რომ ჩვენ რაიმე შეცდომა დავუშვით, ან დროული პასუხი მათ არ გავეცით. „კოვაქს პლატფორმა“ ერთხელ უკვე მოხვდა მსგავს გაუგებრობაში ბოსნიასთან მიმართებაში, რის გამოც ბოსნიამ „კოვაქს პლატფორმას“ უჩივლა, შესაბამისად, ჩვენ ამ ეტაპზე ველოდებით, რა თქმა უნდა, განმარტებებს იმის თაობაზე, რომ მათ უარყონ ეს ბრალდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე, ვინაიდან მსგავსი რამ ნამდვილად არ ყოფილა. შემდეგ გავაგრძელებთ საჭირო კომუნიკაციას“.
2 მარტს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ „ფაიზერის“ მიერ წაყენებული დამატებითი პირობა, რომლის გამოც ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის თარიღმა გადაიწია, დაზუსტდება სამმხრივი სატელეფონო საუბრისას.
რაც შეეხება მინისტრის კომენტარს COVAX-სთან შესაძლო სასამართლო დავის წამოწყების შესახებ, თამარ გაბუნია ჟურნალისტებს პასუხობს:
„კოვაქსის“ პრესსამსახური დააზუსტებს იმ ხარვეზს, რომელიც მე მაინც ვფიქრობ, რომ იყო ინტერპრეტაცია, თარგმნის უზუსტობა. ჯერჯერობით, პასუხი არ მიმიღია, ჩემი მოლოდინია, რომ შესაძლოა, „კოვაქსის“ პრესსამსახურმა თავად გააკეთოს განცხადება ისე, რომ მე მეილზე არ დამიბრუნოს პასუხი. „კოვაქსთან“ თანამშრომლობა გრძელდება იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც იყო განსაზღვრული. „კოვაქსი“ არის ჩვენი მთავარი პარტნიორი ვაქცინების მობილიზების პროცესში. რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ჩვენც, გვაქვს უფლება, გამოვხატოთ ჩვენი უკმაყოფილება გარკვეულ ასპექტებთან დაკავშირებით. ეს კომუნიკაცია მოხდება „კოვაქსთანაც“ და მის პარტნიორებთანაც, რომელიც გახლავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ვაქცინების გლობალური ალიანსი. ეს არის სამუშაო პროცესი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გუშინდელი გაუგებრობა ამოწურულია და თანამშრომლობა გაგრძელდება მიმდინარე რეჟიმში“.
პოლიტიკური ოპონენტები, დარგის სპეციალისტები, ქვეყანაში ვაქცინის დაგვიანების მიზეზად ასახელებენ მთავრობის არაეფექტიან ქმედებებს, უფრო ზუსტად კი - უმოქმედობას. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ არ გადადგა ის დროული ნაბიჯები, რომელიც საქართველოში ვაქცინის შემოტანას დააჩქარებდა, რის გამოც ოპოზიციური სპექტრის ნაწილი პასუხისმგებლობას ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს აკისრებს და მის გადადგომას მოითხოვს.
დარგის სპეციალისტები ასევე მოითხოვენ იმ მიმოწერის გასაჯაროებას, რომელსაც ქართული მხარე აწარმოებს როგორც „კოვაქს პლატფორმასთან“, ისე ვაქცინის შემქმნელ კომპანიებთან. ისინი მოითხოვენ ოფიციალური დოკუმენტაციის გასაჯაროებასაც, თუ რა ტიპის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, სად, ვისთან და რომელ ქვეყნებში გაიმართა და იმართება შეხვედრები საქართველოში ვაქცინის შემოტანის მიზნით.
COVAX-ის მედიასთან ურთიერთობის სამსახურს რადიო თავისუფლებამაც მიმართა. რადიო თავისუფლების კითხვები შეეხება დაზუსტებებს კომპანია „ფაიზერის“ დამატებითი მოთხოვნების შესახებ. გარდა ამისა, რადიო თავისუფლება მათ სთხოვს, განმარტონ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის გადავადების მიზეზები. რადიო თავისუფლება დაინტერესდა სამმხრივი სატელეფონო ზარის თარიღითა და შინაარსითაც.
რადიო თავისუფლება იმედს იტოვებს, რომ COVAX-პლატფორმის მედიასამსახური დროულად მოგვაწვდის პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე.
რაც შეეხება ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის ახალ თარიღს, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვარაუდით, „ასტრაზენეკას“ პირველი დოზები COVAX-პლატფორმიდან საქართველომ მარტის შუა რიცხვებიდან უნდა მიიღოს.
ამავე თემაზე:
ასევე ნახეთ დაგვიანება იცის ვაქცინამ - რატომ გადაიწია COVID-ვაქცინის ჩამოსვლის თარიღმა? ასევე ნახეთ თებერვლის შუაც დადგა, ბოლო დეკადაც, ხეში წყალიც ჩადგა, ვაქცინა კი არ ჩანს