პოლიტიკურ დამკვირვებელთა უმეტესობამ შექმნილი კრიზისი უკიდურესად დრამატულად შეაფასა. კრიზისი შეერწყა უპერსპექტივობის, ჩიხის, გამოსავლის არარსებობის მნიშვნელობებს. კრიზისის ასეთი გაგება გულისხმობს გამოუთქმელ უარყოფით პროგნოზსაც: მომავალი აწმყოზე უარესი იქნება. რასაც ასეთი შეფასება და პროგნოზი ვერ გვეუბნება, კრიზისის მიზეზებია, რომელთაც ზოგი დამკვირვებელი პოლიტიკოსთა ბოროტებას, სისულელეს, მერკანტილურ ინტერესებს მიაწერს და ფიქრობს, რომ სხვა, უკეთესი მთავრობის, მითოლოგიური მესამე ძალის მოსვლის შემთხვევაში პრობლემები თავისით აღმოიფხვრება და საქართველო, ბოლოს და ბოლოს, დაადგება გაბრწყინების გზას.
დამოუკიდებლობის ოცდაათწლიანი ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთი პროგნოზი გაუმართლებელია. კრიზისი საქართველოში მხოლოდ პოლიტიკური არ არის, ის, პირველ რიგში, სტრუქტურულია. სტრუქტურული თვალსაზრისით პოსტსაბჭოთა საქართველომ ჯერ კიდევ ვერ იპოვა თავისი პოლიტიკური ფორმა. მთელი ჩვენი ოცდაათწლიანი ისტორია შეგვიძლია აღვწეროთ, როგორც სტრუქტურული ხარვეზით გამოწვეული „ჩაციკლვა“, ციკლების მონაცვლეობა, რომელიც გასწორდება მხოლოდ სტრუქტურულ ცვლილებასთან ერთად.
თუ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას სტრუქტურული თვალსაზრისით შევხედავთ, დავინახავთ სიღრმისეულად მოქმედ მექანიზმებს, რომელიც დიდწილად განაპირობებს ზედაპირზე მყოფ პოლიტიკურ ისტორიას. სტრუქტურული ხედვა, ცხადია, ყველაფერს ვერ აგვიხსნის. მისი უპირატესობაც და ნაკლიც ისაა, რომ შინაარსი ექვემდებარება ფორმას. სამაგიეროდ, ეს საშუალებას მოგვცემს პოლარიზაციული რიტორიკის გარეშე დავინახოთ ის სტრუქტურული ხარვეზები, რომელთა გამოსწორების გარეშე საქართველო განწირული იქნება იტრიალოს იმ წრეზე, რომელზეც ტრიალებს, უკვე 30 წელია. კრიზისის სტრუქტურულობა ნიშნავს, რომ მის გადალახვას მთავრობის შეცვლა არ ეყოფა, აუცილებელია ძალაუფლების სტრუქტურის რადიკალური შეცვლა, რომელზეც მიბმულია ქვეყნის ცენტრალისტური მოწყობა და მმართველი პარტიის სასარგებლო საარჩევნო სისტემა.
ძალაუფლების სტრუქტურა
მრავალრიცხოვანი რეფორმის, სამი კონსტიტუციის, საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის მიუხედავად, ძალაუფლების სტრუქტურა საქართველოში (ისევე, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, ბალტიის ქვეყნების გარდა) არ შეცვლილა: ესაა ერთპარტიული ავტოკრატია (მეტად ან ნაკლებად გამოხატული ფორმალური ან არაფორმალური ლიდერით), რომელიც აკონტროლებს ძალაუფლების ყველა შტოს, მედიას და ბიზნესს. ფასადურ დემოკრატიებში დემოკრატიული ფორმა გარეგნულად დაცულია, მაგრამ მასში არ დევს დემოკრატიის შინაარსი: ამომრჩევლის სუვერენულობა. ამომრჩეველი არ ირჩევს პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მას წარმოადგენს და მის ინტერესებს გამოხატავს. ის ლეგიტიმაციას აძლევს მმართველს. ამომრჩეველი არ არის პოლიტიკის სუბიექტი, ის მართვის ობიექტია. მისი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში მინიმალურ, რიტუალურ ფუნქციამდეა დაყვანილი.
ძალაუფლების ამგვარ სტრუქტურას ემსახურება ქვეყნის ცენტრალისტური მოწყობა: თუ საქართველოს მოსახლეობა ძირითადად გამოთიშულია პოლიტიკური ცხოვრებიდან, ეს გათიშულობა „რეგიონებში“ უფრო თვალსაჩინოა, ვიდრე თბილისში. ავტოკრატია მიდრეკილია ვერტიკალური ცენტრალიზმისკენ, რომელიც მას მართვას უადვილებს.
ძალაუფლების სტრუქტურებს ამყარებს საარჩევნო სისტემა, რომელიც ოპოზიციას, მისი არსებობის შემთხვევაში, არ აძლევს არჩევნებში გამარჯვების შანსს, მით უმეტეს ადმინისტრაციული და სხვა ძალაუფლებრივი რესურსების გამოყენების ფონზე. ძალაუფლების ეს სტრუქტურა, უკიდურეს ცენტრალიზმთან ერთად, საბჭოთა მემკვიდრეობაა. ის პირდაპირ იმეორებს საბჭოთა მმართველობის სიღრმისეულ სტრუქტურას ახალი, ფსევდოდემოკრატიული, ფასადის მიღმა.
ძალაუფლების სტრუქტურის შემადგენელი ნაწილია იდეოლოგია: ერთ პარტიასთან ერთად არსებობს ერთი იდეოლოგიური რეალობა, რომელსაც ადრე ქმნიდა ხელოვნება და ბეჭდვითი მედია, დღეს კი - ციფრული მედია და, სულ უფრო მეტად, სოციალური ქსელები.
ამ მოდელიდან გამოსვლა შესაძლებელი იყო მხოლოდ რევოლუციური გზით, ოღონდ რევოლუციური გზით მოსული ყოველი შემდეგი ხელისუფლება იმავე გზას იმეორებდა.
„ერთი პარტია - ერთი რეალობის“ მოდელს მარტო მთავრობა არ იზიარებდა. ქართველი ამომრჩეველი შესაშური ერთსულოვნებით ირჩევდა ყოველ შემდეგ სახელმწიფო მეთაურს და იზიარებდა მის იდეოლოგიურ პოზიციას: გამსახურდიამ საქართველო გაათავისუფლა სსრკ-ისგან; შევარდნაძემ - გამსახურდიას ეთნონაციონალისტური დიქტატურისაგან; სააკაშვილმა ქვეყანა გამოიყვანა შევარდნაძის კორუფციული ჭაობიდან, ხოლო ივანიშვილმა საქართველო იხსნა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმისაგან.
ძალაუფლების ამ სტრუქტურას ხარვეზი გაუჩნდა 2012 წელს: მთავრობა შეიცვალა არჩევნებით და არა რევოლუციურად, ერთპარტიულ ავტოკრატიას ხელს უშლიდა ძლიერი ოპოზიციური პარტია. ამიტომაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და რიტორიკა 2012 წლიდან ლოგიკურად იყო მიმართული „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურებისაკენ.
სტრუქტურული ლოგიკა ითხოვდა ყოფილი მმართველი პარტიის არა მარტო გაქრობას, არამედ ისტორიულ გასამართლებასაც.
ასევე, სტრუქტურული ლოგიკის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ძალაუფლება არჩევნების შედეგად მიიღო, ის გამუდმებით ცდილობდა საარჩევნო გამარჯვების რევოლუციურ გამარჯვებად რეინსცენირებას.
წინამორბედი სახელისუფლებო პარტიის გაქრობა და მისი ისტორიული გასამართლება არ ეხებოდა მის ცალკეულ წევრებს: ისინი არათუ წარმატებით “დახტოდნენ” ერთი მმართველი პარტიიდან მეორეში, არამედ უხერხულობას არ გრძნობდნენ თავიანთი ყოფილი პარტიის ისტორიულ დანაშაულზე ლაპარაკისას, თან ისე, რომ თავად, პიროვნულად, არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებენ.
სტრუქტურული ლოგიკით შეგვიძლია ავხსნათ ისიც, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკურ რიტორიკაში “ნაციონალური მოძრაობა” პარადოქსულად ჩანდა არა როგორც ოპოზიცია, არამედ როგორც ალტერნატიული მმართველი პარტია: პარტია უზურპატორი, რომელიც უკანონოდ ეცილებოდა “ქართულ ოცნებას” ერთპიროვნული მმართველისა და ახალი რეალობის შემოქმედის “ისტორიულ” ადგილს.
“ნაციონალურ მოძრაობას” ოპოზიციად არ აღიქვამდა საზოგადოების ნაწილიც და განაგრძობდა (ახლაც განაგრძობს) მასთან, როგორც მმართველ პარტიასთან, ბრძოლას. 2012 წელს ჩამოყალიბდა თავისებური და თვისებრივად ახალი მდგომარეობა, რომელიც ემსგავსებოდა კიდევაც იქამდელს და განსხვავდებოდა კიდევაც მისგან. განსხვავდებოდა იმით, რომ ჩამოყალიბდა იდეოლოგიური რეალობის ორი რეჟიმი, რომლის მთავარი მიმწოდებლები მოპაექრე ტელევიზიები იყვნენ. ამ ტელევიზიებში 2012 წლიდან დღემდე სულ უფრო მცირდებოდა ინფორმაციის და იზრდებოდა პროპაგანდის წილი. სტრუქტურა არ შეიცვალა, ოღონდ ორ ნაწილად გაიყო.
ქართველი ტელემაყურებელი შიზოფრენიულ საინფორმაციო სივრცეში მოექცა, სადაც რეალობის ორი ურთიერთგამომრიცხავი მოდელი თანაარსებობდა: ერთი ივანიშვილს სახავდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე სისხლიანი რეჟიმისაგან (მურვან ყრუს, ჯალალ ედ დინის, შაჰ აბასის და აღა მაჰმად ხანის ჩათვლით) მხსნელად, მეორეში პუტინის მონა და მარიონეტი ივანიშვილი მიზანმიმართულად ანგრევდა ოქროს ხანას, რომელიც დავითის და თამარის შემდეგ პირველად შექმნა მიხეილ სააკაშვილმა, და საქართველოს მიათრევდა უკან, საბჭოთა კავშირში.
2012 წლიდან დღემდე საქართველო ორი სახელისუფლებო პარტიის ჭიდილში ცხოვრობდა. “ნაციონალურმა მოძრაობამაც”, მიუხედავად ფორმალური ოპოზიციურობისა, მაინც ვერ მოახერხა ოპოზიციურ პარტიად ჩამოყალიბება და დარჩა სახელისუფლებო პარტიად მოლოდინის რეჟიმში. მისი პოლიტიკაც მიმართული იყო იქითკენ, რომ პოლიტიკური პროცესი რევოლუციურობისაკენ გადაეხარა და დანარჩენი პოლიტიკური პარტიები საკუთარ ორბიტაში მოექცია. ეს პროცესი წარმატებით დასრულდა 2020 წლის მოწვევის პარლამენტის ბოიკოტით და კიდევ უფრო განმტკიცდა “ნაციონალური მოძრაობის” ახალი თავმჯდომარის, ნიკა მელიას, დაპატიმრების შემდეგ.
მმართველი პარტიები
30 წლის განმავლობაში საქართველოში მმართველი პარტიები „საერთო სახალხო“ პარტიები იყვნენ. პირველ არჩევნებში მათ ჰქონდათ ამომრჩევლის სრული მხარდაჭერა და ისინი ლაპარაკობდნენ მთელი ქართველი ერის სახელით. შესაბამისად, პარტიული პოლიტიკის მოწინააღმდეგე ცხადდებოდა „ხალხის მტრად“.
სახელისუფლებო პარტიები განსხვავდებოდნენ ტრადიციული დემოკრატიების პოლიტიკური პარტიებისაგან იმით, რომ ისინი არ წარმოადგენდნენ ცალკეულ ინტერესთა ჯგუფებს, მაგალითად, დასაქმებულებს ან დამსაქმებლებს, არ იყვნენ შეკრებილები რამე იდეის გარშემო (როგორც მწვანეთა პარტია). პრეტენზია, რომ სახელისუფლებო პარტიები მთელ ერს წარმოადგენდნენ, იმავდროულად ნიშნავდა, რომ ისინი კონკრეტულად არავის წარმოადგენდნენ. მმართველ პარტიას წარმოდგენა არ ჰქონდა ამომრჩევლის ინტერესებზე ან საჭიროებაზე. ხალხი, რომელიც ფორმალურად პოლიტიკის შემოქმედი და სუვერენი იყო, სინამდვილეში ქვეშევრდომის ფუნქციას ასრულებდა. სახელისუფლებო პარტიის შინაარსი იყო ხელისუფლება (ძალაუფლებათა ერთობლიობის გაგებით). ხელისუფლების დაკარგვასთან ერთად ის კარგავდა თავის შინაარსსაც და იშლებოდა.
„ნაციონალური მოძრაობა“ იყო პირველი, რომელიც დაეყრდნო არა საერთო, არამედ პარტიკულარულ მსოფლმხედველობას ან, გნებავთ, იდეოლოგიას. ნეოლიბერალური ეკონომიკის არჩევანი საბედისწერო აღმოჩნდა. როგორც კი სახელისუფლებო პარტიამ კონკრეტული შინაარსი შეიძინა, მან დაკარგა ყველას წარმომადგენლობაზე პრეტენზია. პარტია უკვე არ და ვერ გამოხატავდა დასაქმებულთა და სოციალურად სუსტთა ინტერესებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენდნენ.
ნეოლიბერალიზმის არჩევანი პირწმინდად იდეოლოგიური ან თეორიული იყო. ის არ ეყრდნობოდა წარმომადგენლობითობის პრინციპს. “ნაციონალური მოძრაობა” მთავრობაში არ მოსულა მცირე, საშუალო ან დიდი ბიზნესის დახმარებით, ის მოვიდა რევოლუციის გზით და არაფერი ემართა ქართული ბიზნესის თხელი ფენის, რომელსაც პარაზიტული გამდიდრების პირობები შეუქმნა სახელმწიფოს და მოქალაქეთა წინაშე პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე. სამაგიეროდ, “ნაციონალური მოძრაობა” ითხოვდა არაფორმალურ ხარკს სხვადასხვა საიმიჯო პროექტებისათვის. იმავე ბიზნესმა უკეთესი პატრონი იპოვა ოლიგარქი ივანიშვილის სახით (ხარკის აკრეფის პრაქტიკა ახალმა მმართველმა პარტიამ გააგრძელა) და “ნაციონალური მოძრაობისათვის” მხარი აღარ დაუჭერია მისი არჩევნებში დამარცხების შემდეგ.
“ქართულმა ოცნებამ” ეს ვითარება გამოიყენა და საარჩევნოდ სოციალ-დემოკრატიული მიმართულების პარტია დაირქვა, თუმცა პრაქტიკულად გააგრძელა და გაამკაცრა “ნაციონალური მოძრაობის” ეკონომიკური პოლიტიკა.
მიუხედავად ამისა, ამ ეკონომიკის შემოქმედად მაინც “ნაციონალური მოძრაობა” ითვლება და კრიტიკის დიდი ნაწილი სწორედ მასზე მოდის.
რაც არ უნდა მართებული იყოს კრიტიკა “ნაციონალური მოძრაობის” ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ (რომელიც დიდწილად იდეოლოგიური იყო და არ გამომდინარეობდა საქართველოს და მისი მოქალაქეების საჭიროებებიდან), ის ვერ ან არ ხედავს მთელ სურათს და ამიტომ კრიტიკისთვის შედარებით იოლ სამიზნეს ირჩევს.
ყველა დიდი პროტესტი საქართველოში 80-იანი წლების ბოლოდან პოლიტიკური პროტესტი იყო, მისი გეოგრაფიული ცენტრი კი თბილისში მდებარეობდა, რომელსაც უერთდებოდა დანარჩენი საქართველო. დიდი სოციალური პროტესტი საქართველოში არ ყოფილა, ყველა სოციალური პროტესტი ლოკალური იყო და დარჩა.
მიუხედავად ამისა, არსებობს ურთიერთდამოკიდებულება დედაქალაქსა და ქვეყანას შორის: თბილისში დაწყებული პროტესტი ვერ იქნება წარმატებული მთელი ქვეყნის მხარდაჭერის გარეშე, ლოკალური პროტესტი კი განწირულია თბილისის მხარდაჭერის გარეშე. ის შეიძლება არც გამოჩნდეს.
სოციალურ პროტესტს იშვიათად აქვს შედარებით “მაძღარი” თბილისის მხარდაჭერა. მედიატორის როლი ლოკალურ პროტესტსა და თბილისს შორის, წესით, უნდა შეასრულოს არა თბილისის „ისთებლიშმენტმა”, რომელსაც ლიბერალურად მოიხსენიებენ ხოლმე, არამედ მემარცხენე პარტიებმა ან არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოების მემარცხენე სეგმენტმა. ამ პარტიების ისტორია და დინამიკა კი ცალკე ამბავია.
დისკრედიტირებული კომპარტიის შემდეგ პირველი მემარცხენე პარტიები იყო ზურაბ ჟვანიას მიერ დაარსებული მწვანეთა პარტია და შალვა ნათელაშვილის ლეიბორისტული პარტია. მწვანეთა პარტიის ისტორია საინტერესოა, ზოგადად, პატარა პარტიების ისტორიის თვალსაზრისითაც. ჟვანიამ საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე მწვანეთა პარტიის ტიპიურ სახელისუფლებო პარტიაში, მოქალაქეთა კავშირში, გაერთიანება არჩია. მართალია, ამით შეიქმნა გარემოსდაცვითი მგრძნობელობა სახელისუფლებო პარტიაში და, საერთოდ, შესაძლებლობა მოქალაქეთა კავშირში გაჩენილიყო დემოკრატიული ფრთა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ვარდების რევოლუციის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მაგრამ, სამაგიეროდ, მრავალი წლით დაიკარგა დამოუკიდებელი პოლიტიკური ცენტრებისა და განსხვავებულ პოლიტიკურ ინტერესთა არტიკულირების შესაძლებლობა.
სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ წარმატებით შეასრულა “ქართული ოცნების” იდეოლოგიური ლეღვის ფოთლის როლი, რომელიც ზედმეტი აღმოჩნდა 2016 წლის არჩევნებზე. ამ პარტიამ კვალიც კი ვერ დატოვა.
შეიძლებოდა ეს ვითარება მემარცხენე პარტიების ოპორტუნიზმით აგვეხსნა, სტრუქტურული ახსნა რომ არ გვქონდეს: საერთო-სახალხო სახელისუფლებო პარტიები, უბრალოდ, ადგილს არ ტოვებენ ინტერესებსა ან ფასეულობებზე დამყარებული პარტიების არსებობისათვის. მათ „ოკუპირებული“ აქვთ მთელი პოლიტიკური ველი და იტანენ მხოლოდ სატელიტურ პარტიებს. „პოლიტიკაში წასვლა“ ნიშნავს სახელისუფლებო სივრცეში მოხვედრას, სხვა პოლიტიკის ადგილი საქართველოში აქამდე არ ყოფილა, მაგრამ, პარადოქსულად, გაჩნდა 2012 წლის შემდეგ ორი სახელისუფლებო პარტიის ერთმანეთთან კონკურენციის ფონზე.
არსებობს უზარმაზარი დისპროპორცია მემარჯვენე პარტიებს შორის, რომლებიც გამოხატავენ საქართველოს მოქალაქეთა ათიოდე პროცენტის ინტერესებს და პარტიები, რომლებიც თითქოს უნდა გამოხატავდნენ 90 პროცენტის ინტერესებს, მაგრამ მინიმალური მხარდაჭერით სარგებლობენ.
მიუხედავად იმისა, რომ სოციალური თემები, სიღარიბე და უმუშევრობა, ათწლეულებია, საქართველოს მოქალაქეთა მთავარი საზრუნავია, ეს საზრუნავი ჯერჯერობით ვერ გადაითარგმნა პოლიტიკურ მოთხოვნებში სხვადასხვა მთავრობების მიმართ.
სამაგიეროდ, ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მხარს უჭერს სახელისუფლებო და ყოფილ სახელისუფლებო პარტიებს და ისე გამოდის, რომ ეს მხარდამჭერები ამ პარტიებს საკუთარი (ეკონომიკური) ინტერესების საწინააღმდეგოდ უჭერენ მხარს.
ეს ორი ფენომენი დაკავშირებულია ერთმანეთთან: როგორც კი დასრულდება სახელისუფლებო პარტიების მიერ პოლიტიკური სივრცის ოკუპაცია, ან რამდენადაც შემცირდება მათი ხვედრითი წილი პოლიტიკურ სივრცეში, იმდენად გაიზრდება/გაჩნდება ინტერესებსა ან ფასეულობებზე დამყარებული პარტიების მომხრეთა რაოდენობა. საკითხავი ამ შემთხვევაში ის არის, როგორ შეიძლება სახელისუფლებო პარტიების ჰეგემონიის დამთავრება და პოლიტიკური ველის გათავისუფლება.
„ქართული ოცნება“
“ქართული ოცნება” იმთავითვე ნეგატიური პარტია იყო: მას არ ჰქონდა პოზიტიური პროგრამა ან ფასეულობა (გარდა ყალბი და ნასესხები მემარცხენეობისა). ის მთლიანად ემყარებოდა იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ბოროტებაა, „ქართული ოცნება“ კი სიკეთეა, მხოლოდ ამ ბოროტებიდან გამომდინარე. ამგვარად, „ქართული ოცნება“ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ლოგიკაში გაეჩხირა: ერთი, სახელისუფლებო პარტიის ლოგიკა, უბიძგებდა მას „ნაციონალური მოძრაობის“ სრულ განადგურებაზე ემუშავა. ერთხელისუფლებიანობის ლოგიკით ოპოზიციის არსებობა „კოჰაბიტაციად“ მოინათლა და ხელისუფლების განაწილებად ჩაითვალა. შინაარსის ლოგიკით, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არსებობის ლეგიტიმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლით ანიჭებდა, “ნაციონალური მოძრაობის” განადგურება “ქართულ ოცნებას” მთავარ იდეოლოგიურ საყრდენს აცლიდა. “ნაციონალური მოძრაობის” ჰიპოთეტური განადგურების შემთხვევაში „ოცნებას“ არსებობის არანაირი ლეგიტიმაცია აღარ აქვს. იდეალური მდგომარეობა „ოცნებისთვის“ “ნაციონალური მოძრაობის” საფრთხის სახით შენარჩუნება და მისი სუსტი ფორმით ოპოზიციაში ყოფნაა, მაგრამ ამის საშუალებას „ქართულ ოცნებას“ ერთხელისუფლებიანობის ლოგიკა არ აძლევს.
ორ ლოგიკას შორის მოქცეულ “ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაცია მაშინაც ეკარგება, თუ ის “ნაციონალურ მოძრაობას” ვერ გაანადგურებს (ზუსტად ეს ორი მიდგომა: ერთხელისუფლებიანობის ლოგიკა და შინაარსის ლოგიკა განასხვავებს ღარიბაშვილს გახარიასაგან. ღარიბაშვილი ერთხელისუფლებიანობის ლოგიკით მოქმედებს, რომელიც მისი პარტიისათვის დამღუპველია: თუ „ქართული ოცნება“ ნაციონალურ მოძრაობას ვერ გაანადგურებს, „ქარუთლი ოცნება“ დაიწყებს სწრაფ დეზინტეგრაციას, შემდეგ არჩევნებს ის ვეღარც მოიგებს და ვეღარც გააყალბებს).
„მესამე ძალა“
საქართველოში დღემდე ბევრს აქვს ე.წ. მესამე ძალის იმედი. მესამე ამ ძალას ჰქვია იმიტომ, რომ ის არც „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს და არც „ქართული ოცნება“. ერთი მხრივ, მესამე ძალის იმედი ეწინააღმდეგება სახელისუფლებო პარტიების იდეას, მეორე მხრივ კი, ამ იდეას ამყარებს. მესამე ძალა წარმოდგენილია როგორც „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივა. რადგანაც მესამე ძალა ორი სახელისუფლებო პარტიის ალტერნატივაა, ისიც დანახულია არა როგორც რაიმე კონკრეტული შინაარსის მატარებელი, არამედ როგორც „საერთო სახალხო“ ძალა, ანუ ახალი სახელისუფლებო პარტია, რომელიც გააერთიანებს ქართველ ხალხს, ოღონდ იქნება უფრო დემოკრატიული, სათნო, არაკორუმპირებული, არამოძალადე და ასე შემდეგ. წარმოსახვითი მესამე ძალა პოლიტიკური რომანტიზმის სფეროდან უფროა მოსული და კი არ ანგრევს, არამედ ამყარებს ერთპარტიულობის ტრადიციას. ასეთი პარტიის გაჩენის ჰიპოთეტური შესაძლებლობა რომ დავუშვათ, ის აუცილებლად გაიმეორებს ყველა იმ სახელისუფლებო პარტიის ტრაექტორიას, რომელიც საქართველოს დღემდე ჰყოლია. ამ პარტიების შეფასებისას აქამდე - მარქსის გაგებით - ფეტიშისტური დამოკიდებულება პარტიულ ადამიანებს მიაწერდა თვისებებს, რომლებიც, სინამდვილეში, სტრუქტურული ურთიერთობების გამოხატულება იყო. ყოველი სახელისუფლებო პარტია ავტორიტარიზმისკენ იხრება არა იმიტომ, რომ მისი წევრები გამორჩეულად ბოროტები და კაციჭამიები არიან, არამედ იმიტომ, რომ ერთხელისუფლებიანობის სტრუქტურული ლოგიკა სხვა გზას არ ტოვებს.
აქედან გამომდინარე, საქართველოს სჭირდება არა „მესამე ძალა“, არამედ პოლიტიკური სივრცის დიფერენციაცია: სახელისუფლებო პარტიების ეპოქის დასასრული და ინტერესთა ჯგუფებსა ან ფასეულობებზე დამყარებული პარტიების და, ზოგადად, პოლიტიკის ეპოქის დასაწყისი.
სტრუქტურული ცვლილება
როგორც ვნახეთ, ერთხელისუფლებიანობის სტრუქტურამ პირველი დარტყმა 2012 წლის არჩევნებზე მიიღო. რამდენადაც ნეგატიური და „არანორმალურია“ დღევანდელი პოლარიზაცია, ის შეიძლება აღვიქვათ ერთხელისუფლებიანობის ლოგიკის რღვევის მტკივნეულ პროცესად. 2020-ის არჩევნებზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხა სხვა პარტიები ბოიკოტზე აეყოლიებინა. ეს, პოლიტიკური პლურალიზმის თვალსაზრისით, აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. კრიზისიდან გამოსავალი არა ერთხელისუფლებიანობასთან დაბრუნება, არამედ პოლიტიკური დიფერენციაციაა. პროპორციული არჩევნები, სავარაუდოდ, რიგგარეშე, ქართულ პოლიტიკურ სივრცეს მყისიერად ვერ შეცვლის. ამ არჩევნებში მონაწილეობას დღეს არსებული პარტიები მიიღებენ. ამიტომ არასწორი იქნებოდა, ქართული პოლიტიკის შინაარსების სწრაფი და რადიკალური ცვლილების მოლოდინი გვქონოდა. მაგრამ ფორმის, სტრუქტურის ცვლილება თავისთავად გამოიწვევს შინაარსების ცვლილებასაც, ოღონდ ეს - ახალი შინაარსების გამომუშავების - პროცესი რამდენიმეწლიანი იქნება, მას შეიძლება ორი ან სამი საარჩევნო ციკლი დასჭირდეს. თუ გვინდა, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს, მაშინ ერთხელისუფლებიანობის სტრუქტურის ნგრევასთან ერთად აუცილებელი იქნება ცენტრალიზებული სახელმწიფოს მოწყობის დანგრევაც და ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის მეტი პოლიტიკური და ფინანსური უფლებების მინიჭება. ამ შემთხვევაში პოლიტიკისა და ამომრჩეველთა ინტერესების თანხვედრა დაჩქარდება.
რასაც ჩვენ ძალაუფლების სტრუქტურული ლოგიკა გვეუბნება, ისაა, რომ პოლიტიკური სივრცის დემოკრატიზაცია, მისი გათავისუფლება სახელისუფლებო პარტი(ებ)ის დომინირებისაგან ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ საქართველომ შეწყვიტოს წრეზე სიარული. იქამდე, სანამ ერთპარტიული ავტოკრატიების მონაცვლეობა გაგრძელდება, საქართველო მუდმივ კრიზისში იქნება. არ არსებობს უკეთესი და უარესი ერთპარტიული ავტოკრატია, ყველა ერთნაირად ცუდია, მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოება ახერხებს ერთპარტიულ ავტოკრატიებში მეტად ან ნაკლებად მოსაწონის არჩევას და უზარმაზარ რესურსს ხარჯავს ერთის დაცვასა და მეორის დემონიზაციაში. ყოველი სახელისუფლებო პარტია არის მაქსიმალურად დაშორებული საქართველოს ამომრჩეველთა ინტერესებს, რომლებსაც ის, სტრუქტურული ლოგიკიდან გამომდინარე, ვერც კი გაითვალისწინებს.
სტრუქტურული კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი ვიწრო გზა გადის ერთპარტიული ავტოკრატიის დასასრულზე. ეს არის ერთადერთი და აუცილებელი წინაპირობა იმისათვის, რომ ქართველ ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფებმა საერთოდ შეძლონ თავიანთი პოლიტიკური მოთხოვნების გამოხატვა და მათთვის წარმატებული ბრძოლა. ამ გზაზე მოხვედრის დღეს ყველაზე რეალური შესაძლებლობაა რიგგარეშე არჩევნები პროპორციული სისტემით და წინასწარი შეთანხმება სტრუქტურულ რეფორმებზე: საარჩევნო სისტემაზე, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს ერთი პარტიის სტრუქტურულ უპირატესობას, და დეცენტრალიზაციაზე - ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის რეალური საბიუჯეტო და პოლიტიკური ძალაუფლების მინიჭებაზე.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.