სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პრეზიდენტ არმენ სარქისიანს დაუპირისპირდა

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის მომხრეებს მოუწოდა, 1 მარტს მიტინგზე გავიდნენ ერევნის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე.

პარასკევს სომხეთში ოპოზიციის მომხრეთა აქციები გაიმართა. შაბათს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა უარი თქვა ხელი მოეწერა გენშტაბის ხელმძღვანელის მოხსნის განკარგულებაზე, რასაც ფაშინიანი ითხოვს.

ფაშინიანის მოწინააღმდეგეთა და მომხრეთა მასობრივი აქციები ხუთშაბათს დაიწყო მას შემდეგ, რაც სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა. განცხადებას ხელს აწერდნენ გენშტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი, მისი მოადგილეები, სამმართველოებისა და კორპუსების უფროსები.

ფაშინიანმა ამ დემარშს „ სამხედრო გადატრიალების მცდელობა“ უწოდა და განაცხადა, რომ გენშტაბის უფროსის გათავისუფლება აქვს გადაწყვეტილი.

კონსტიტუციის თანახმად, სომხეთის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წინადადებით ნიშნავს და ხსნის გენშტაბის უფროსს. მაგრამ არმენ სარქისიანმა უარი თქვა ონიკ გასპარიანის მოხსნის ბრძანებულების ხელმოწერაზე.

ამის შემდეგ ფაშინიანმა განმეორებით გაუგზავნა მას თავისი წინადადება. ახლა პრეზიდენტმა სამი დღის განმავლობაში უნდა მოაწეროს ხელი ბრძანებულებას, ანდა სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება.