„მეომარი რომ ომში იარაღის გარეშე გაუშვა, ასეა სოფელში მცხოვრები ადამიანი მიწის გარეშე. გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ხალხს რაც ყველაზე მეტად გვტკივა და განვიცდით, ესაა მორალურ- ფსიქოლოგიური ზეწოლა, როცა ყოველ დილით მავთულხლართებს მიღმა შეიარაღებულ ხალხს და ჩვენს მიწას ვხედავთ. უსასოობის განცდა, რაც აქამდე მქონდა, თითქოს ახლა მომეხსნა. სტრასბურგი განიხილავს ჩვენს საქმეს და თუ მოვიგეთ - თუმცა აუცილებლად მოვიგებთ, იმიტომ რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის - და რუსეთმა თუნდაც არ შესარულოს ის დაკისრებული სანქციები, იმის განცდა მაინც გვექნება, რომ ვიბრძოლეთ და მონურად არ დავუხარეთ თავი. ამ სასამართლოს გადაწყვეტილება, მოგების შემთხვევაში, პრეცედენტული იქნება, იმიტომ რომ რუსებს ამის შემდეგ ეცოდინებათ, რომ სადღაც ვიღაც დაუძახებს და პასუხს მოსთხოვს“, - ეს სიტყვები რადიო თავისუფლებას სოფელ დვანის მკვიდრმა მურთაზ მამაგულაშვილმა მას შემდეგ უთხრა, რაც გაიგო, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაზარალებული დვანელების საქმის განხილვა დაიწყო.
მურთაზ მამაგულაშვილი ერთ-ერთია იმ 19 დვანელიდან, ვინც რუსეთის ფედერაციას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში უჩივლა. მურთაზი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში 1 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობდა. ამ მიწის ნაწილზე ხეხილი იყო გაშენებული, ნაწილს კი თავთავიანი კულტურებისა და ბოსტნეულის მოსაყვანად იყენებდა. 2013 წელს მის ნაკვეთში რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და ეგრეთ წოდებული დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები გამოჩნდნენ. მურთაზს უთხრეს, რომ ეს მიწა მას აღარ ეკუთვნოდა და მავთულხლართებით შეღობეს. მურთაზმა და მისმა თანასოფლელებმა სამართლის ძებნა დაიწყეს, მათ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაეხმარა და სარჩელი სტრასბურგში გაიგზავნა.
ასევე ნახეთ დვანელების გასაჭირი„შეურაცხყოფილები ვიყავით და უსამართლობის განცდა გვქონდა. ფაქტიურად, მიწის და საარსებო საშუალების გარეშე დავრჩით. სამართლიანობის აღდგენა გვინდოდა. რატომ არ უნდა დაისაჯოს მოძალადე და რატომ არ უნდა მოგვეთხოვა ჩვენი წინაპრების დანატოვარი მიწა?! უსამართლობის განცდა იყო ის მოტივაცია, რის გამოც მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაგვეხმარა ძალიან“.
დვანელები თითქმის რვა წლის განმავლობაში ელოდნენ სტრასბურგიდან ცნობას იმის შესახებ, რომ მათი საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. „ბორდერიზაციის“ შედეგად დაზარალებულთა საქმის განხილვა 2021 წლის 5 თებერვალს დაიწყო, რის შესახებაც სასამართლომ მომჩივნებს და რუსეთის ფედერაციას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, 2021 წლის 24 თებერვალს შეატყობინა.
რამაზ მედოიძემაც, დაახლოებით, ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაკარგა. მას დიდი იმედი არა აქვს, რომ რუსეთი კერძო საკუთრების ხელყოფისთვის კომპენსაციას გადაიხდის, მაგრამ, მისი აზრით, საოკუპაციო ხაზთან რუსეთის ქმედებების შესახებ მსოფლიო კიდევ ერთხელ გაიგებს.
„ფართობი ერთი ჰექტარის ფარგლებში იყო. სასამართლოს მოლოდინზე რა გითხრათ, - რუსეთი იმას აღიარებს, მიწა წავართვი და კომპენსაციას გადავუხდიო? არ ვიცი, აბა, რა ვიფიქრო. მაშინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები იყვნენ მოსულები. აქვე გამოგვკითხეს და ჩაიწერეს რაღაცები. მერე ჩვენც ჩავედით თბილისში. ძალიან დაგვეხმარნენ. შეიძლება რუსეთმა კომპენსაცია არც გადაიხადოს, მაგრამ მთელი მსოფლიოს წინაშე ფაქტის დაფიქსირებაც კი დიდი რაღაცაა“.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 25 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლო დაზარალებული დვანელების საქმის განხილვას იწყებს. საიას ინფორმაციით:
„2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერში სოფელ დვანში რუსი და ოსი „მესაზღვრეების“ მიერ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მონიშვნის მიზნით მავთულხლართების გავლებამ გამყოფი ხაზი 400-600 მეტრით გადმოსწია, რის გამოც დვანის 50-მდე ოჯახის კუთვნილი 80-მდე ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწები და 3 ოჯახის საცხოვრებელი სახლი ე.წ. საზღვრის მიღმა აღმოჩნდა. მოსახლეობა ამ მიწებს 2013 წლის ოქტომბრამდე ამუშავებდა და მიწიდან მიღებულ მოსავალს ოჯახისა და შინაური პირუტყვის გამოსაკვებად იყენებდა. ზოგიერთი ოჯახი მიწაზე მოყვანილ მოსავალს ყიდდა, რაც მათი ოჯახების შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა. მიწებზე წვდომის დაკარგვის შედეგად ოჯახებმა მნიშვნელოვანი ზიანი განიცადეს, რადგან ისინი მავთულხლართების გამო მომავალში ამ მიწების დამუშავებას ვეღარ შეძლებენ.
მავთულხლართების გავლების შედეგად დაზარალებული 19 ადამიანის სახელით საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი 2014 წლის 11 აპრილს გაგზავნა. წარდგენილ საჩივარში საია დვანის მცხოვრებთა მიწაზე და საცხოვრებელ სახლებზე საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლების (ევროპული კონვენციის 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი პუნქტი), მიმოსვლის თავისუფლებისა (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი) და სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების (ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი) დარღვევაზე დავობს“.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ საქმის განხილვა დროში გაჭიანურდა, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ სტრასბურგის სასამართლო მას შემდეგ იწყებს ამ საქმის განხილვას, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა ერთხელ უკვე გამოკვეთა.
„ჩვენი მოტივაცია არის ის, რომ დავეხმაროთ ადამიანებს იმ უკანონობის და ადამიანის უფლებების დარღვევის აღმოსაფხვრელად, რომელიც ამ ადამიანების მიმართ განხორციელდა. 2013 წელს რუსი ოკუპანტების მიერ მათ ნაკვეთებში მავთულხლართების გაბმა მოხდა. ყველას კარგად გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც ადამიანებმა დაშალეს საკუთარი სახლები და იძულებული გახდნენ საკუთარი საცხოვრებელი ადგილები დაეტოვებინათ. ძალიან მძიმე ფაქტია და სახელმწიფოს მხრიდანაც უნდა ყოფილიყო მყისიერი რეაგირება, მაგრამ იმ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან ასეთი დამოკიდებულება არ ყოფილა. ჩვენ, როგორც უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიგვემართა სტრასბურგის სასამართლოსთვის და მოგვეთხოვა ამ ადამიანების უფლებების დაცვა. ვადების თვალსაზრისით, უკვე დიდი ხანია, წარმოებაში აქვს ევროსასამართლოს ეს და მსგავსი საქმეები, მაგრამ ახლა იმედია, რომ დაჩქარდება, რადგან რუსეთსაც პოზიციის დასაფიქსირებლად გადაეცა ეს საქმე“.
სასამართლოს მიერ დასმული კითხვების თანახმად, რუსეთის ფედერაციას მოუწევს წარადგინოს თავისი პოზიცია მათ შორის იმ საკითხებზე, რამდენად ექცევა მომჩივანთა უფლების დარღვევის შემთხვევები რუსეთის იურისდიქციის ქვეშ; იყო თუ არა მომჩივანთა საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლებაში ჩარევა და დაირღვა თუ არა მომჩივანთა მიმოსვლის თავისუფლება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი პრაქტიკის თანახმად, მხარეებს 2021 წლის 2 ივნისამდე მიეცათ ვადა მეგობრული მორიგების პირობებზე შესათანხმებლად. თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება ვერ შედგა, რუსეთი დამატებით 12-კვირიან ვადაში წარადგენს თავის მოსაზრებებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 21 იანვარს დააკმაყოფილა საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციისთვის 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე წარდგენილი ბრალდებების ძირითადი ნაწილი. დადასტურდა მოქალაქეების სიცოცხლის უფლების დარღვევასთან, წამებასთან, არაადამიანურ მოპყრობასა თუ თავისუფალ მიმოსვლასთან დაკავშირებული ბრალდებები. სასამართლომ არ გაიზიარა განათლების უფლებასთან დაკავშირებული დარღვევა და გვერდი აუარა მე-13 მუხლს, რომელიც ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლებას უკავშირდება. სტრასბურგის სასამართლომ ასევე არ დაადასტურა რუსეთის იურისდიქცია და, შესაბამისად, პასუხისმგებლობა უფლებათა დარღვევებზე 2008 წლის 8-12 აგვისტოს პერიოდში, რადგან ვერ განსაზღვრა, ვინ ახორციელებდა ომის პერიოდში საომარ ტერიტორიაზე ეფექტიან კონტროლს.
2013 წელს და მანამდეც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა. დვანელების მიწასაც საოკუპაციო ძალების მეოთხე ბაზისა და დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული დანაყოფები იტაცებდნენ. ახლა დვანელები წლის ბოლომდე სტრასბურგის სასამართლოში საქმის დასრულებას ელოდებიან.