„მშობლებმა, უბრალოდ, ბეჭედი აჩუქეს“ - ადრეული ქორწინებები საქართველოში

ავტორი: სამაია რზაევა

დანიშნეს თუ არა მშობლებმა არასრულწლოვნები? თბილისის გარეუბანში მომხდარ შემთხვევას შსს იძიებს. აქტივისტები აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე საქმრო 15 წლისაა, საცოლე კი 11-ის. გოგონას მშობლების თქმით, მათ შვილს 14 წელი შეუსრულდა, ფოტოზე კი სწორედ დაბადების დღეა აღბეჭდილი და არა ნიშნობა.

„გაიზრდებიან - დაქორწინდებიან“

8 თებერვალს აზერბაიჯანელმა აქტივისტმა გიუნელ მოვლუდმა თავისი ფეისბუკის გვერდზე გოგონასა და ორი ყმაწვილის ფოტო გამოაქვეყნა.

„ძვირფასო კოლეგებო საქართველოდან, ეს რა არის? 11 წლის გოგონასა და 15 წლის ბიჭის ნიშნობაა - საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან ფონიჭალიდან. რა, საქართველოშიც ჩვეულებრივ ამბად იქცა ეს? - დაწერა აქტივისტმა. – „ეს სულაც არ არის რომელიმე ქვეყნის ჩვეულება. ადრეული ქორწინება აზერბაიჯანშიც ისეთივე დანაშაულია, როგორიც საქართველოში. იმედი მაქვს, შესაბამისი ინსტანციები ამას და სხვა მსგავს საქმეებსაც სათანადოდ გამოიძიებენ“.

საქართველოს შსს-მ იმავე დღეს დაიწყო გამოძიება არასრულწლოვანის ქორწინებაზე იძულების მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 150.1 მუხლი, თავი 2, პუნქტი ა), რომელიც ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

გოგონას მშობლები უარყოფენ, რომ ეს ნიშნობა იყო. „მთავარ არხთან“ ინტერვიუში ბებიამ, ელზან ახმედოვამ, განაცხადა, რომ ისინი დაბადების დღეს ზეიმობდნენ: „ბიჭის მშობლებს ჩვენი გოგო ბავშვობიდან მოსწონთ. გადავწყვიტეთ, როცა გაიზრდებიან, დაქორწინდნენ. ახლა დაბადების დღე ჰქონდა გოგოს და ბიჭის მშობლებმა, უბრალოდ, ბეჭედი აჩუქეს. მოვილაპარაკეთ, რომ გოგოს მაშინ გავათხოვებთ, როცა გაიზრდება. ჩვენს ბავშვს სწავლა უნდა, ახლა მერვე კლასშია. ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს 11 წლისაა. ასეთ ასაკში როგორ გავათხოვებთ?“

ახლობლები ამბობენ, რომ გოგონას, სინამდვილეში, 14 წელი შეუსრულდა.

„სიცრუეა, რომ ამბობენ, დაბადების დღე იყოო, - ამბობს აქტივისტი რავილ მამედოვი. - ტორტზე წარწერაა: „ალაჰის ბრძანებით მოვედით, რომ ქალიშვილის ხელი და გული გთხოვოთ“. გოგონას წითელი თავსაფარი ახურავს, რაც აზერბაიჯანული ნიშნობის ატრიბუტია. თუნდაც 14 წლის იყოს, ის მაინც არასრულწლოვნად ითვლება“.

მამედოვი არის დამაარსებელი ორგანიზაციისა Civic Engagement and Activism Center, რომელიც ხელს უწყობს ქვემო ქართლში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელთა საზოგადოებაში ინტეგრირებას. ის ასევე აქტიურად იბრძვის რეგიონში ადრეული ქორწინების წინააღმდეგ.

მისი თქმით, არასრულწლოვანთა ნიშნობაზე თითქმის არავინ რეაგირებს, რადგან ქორწინებას მუსლიმანური ტრადიციის მიხედვით ატარებენ. რელიგიური რიტუალის აღსრულების შემდეგ წყვილი უკვე ცოლ-ქმრად ითვლება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, 18 წლამდე ასაკის პირთან ქორწინება აკრძალულია. 2017 წლამდე არასრულწლოვანებს 16 წლის ზევით შეეძლოთ მშობლების ნებართვით დაქორწინებულიყვნენ. შემდეგ ეს კანონი გაუქმდა. მიუხედავად ამისა, აქტივისტები აცხადებენ, რომ ყოველწლიურად ქვეყანაში ასობით არასრულწლოვანი გოგონა თხოვდება. უბრალოდ, ამ ქორწინებებს სრულწლოვანებამდე არ არეგისტრირებენ. მსგავსი ქორწინებების სრული რაოდენობა ცნობილი არ არის. არსებობს მხოლოდ მიახლოებითი სტატისტიკა.

გენდერული უთანასწორობის ინდექსის მიხედვით, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ 2019 წელს გამოაქვეყნა, 15-19 წლის გოგონების 14 % საქართველოში უკვე დაქორწინებულია.

საქართველოს ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ადრეული ქორწინება ხშირად იძულებით ხდება.

„სამწუხაროდ, ადრეული ქორწინება და ნიშნობა საქართველოში ისევ ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. სახალხო დამცველის აპარატის მიერ შემოწმებული ფაქტები ცხადყოფს, რომ მსგავსი შემთხვევები მშობლების მოლაპარაკებით ან უკანონოდ თავისუფლების აღკვეთით ხდება. სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები, მათ შორის პრევენციის კუთხითაც, არ იძლევა საშუალებას ეს პრობლემა ადეკვატურად გადაიჭრას. ჩვენ ახალგაზრდებთან და მათ მშობლებთან უნდა ვიმუშაოთ“.

„თუ დავნიშნავთ, არ მოიტაცებენ“

აქტივისტი რაველ მამედოვი განმარტავს, რომ მსგავსი ნიშნობები აქტუალურია სხვა პრობლემის გამო: გოგონებს ცოლად მოყვანის მიზნით იტაცებენ.

„იქ, სადაც მშობლების შეთანხმებით ნიშნობა ხშირია, ხშირია მოტაცებაც. ბევრი ოჯახი ამბობს, რომ ნიშნობას სწორედ ამიტომ აწყობენ: თუ გოგო დანიშნულია, აღარ მოიტაცებენ. ამბობენ, რომ ისევ ბავშვის გამო აკეთებენ ასე“.

15 წლის ტურკანის დედა ქვემო ქართლიდან ჰყვება, რომ თავისი გოგო სწორედ ამ მიზეზით დანიშნა: „თანაკლასელი შეუყვარდა ძალიან ღარიბი ოჯახიდან. ჩუმად ხვდებოდნენ. როცა გავიგე, შევეცადე რაღაც მექნა. შეიძლებოდა გაქცეულიყვნენ ერთად და მერე უკვე ვეღარაფერს ვიზამდი“.

მისი თქმით, გოგონასთვის შესაფერისი საქმრო მოძებნა, ვისთანაც ის ბედნიერი იქნება.

„16 წლის ბიჭია, ჩემი ნათესავია. ოჯახს კარგად ვიცნობ. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ გოგო სიღარიბეში არ იცხოვრებს. თავიდან უარზე იყო, მაგრამ როცა ბიჭმა ყურადღება გამოიჩინა და ძვირფასი საჩუქრები მოართვა, მიხვდა, მართალი ვიყავი. ქორწილს, რა თქმა უნდა, 18 წლამდე არ გადავიხდით, მაგრამ ასე უფრო მშვიდად ვართ. არაფერი ცუდი არ გვიქნია მისთვის, ასე უკეთესი იქნება“.

თუმცა გოგონა სკოლაში აღარ დადის, რადგან მშობლებს მიაჩნიათ, რომ ის შეიძლება მაინც „არასასურველ“ თანაკლასელთან ერთად გაიქცეს.

საქსტატის მონაცემებით, 2018-2019 სასწავლო წლებში სკოლაში სწავლა 12 ათასმა მოსწავლემ შეწყვიტა. აქედან 5 449 გოგონა იყო. უფრო დეტალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რომელ რეგიონშია უფრო მეტი ასეთი შემთხვევა, არ არსებობს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც გოგოები სკოლაში სწავლას თავს ანებებენ, ადრეული ქორწინებაა.

„სახლში მითხრეს, რომ ოჯახის შემარცხვენელი ვარ“

მშობლებმა სამირა შარშან 15 წლისა დანიშნეს. თავიდან არ უნდოდა, მაგრამ შემდეგ მაინც დათანხმდა. ნიშნობამდე საქმროს არ იცნობდა. შემდეგ ახალგაზრდებმა პაემანზე სიარული და საქართველოში მოგზაურობა დაიწყეს.

„ვიცოდი, რომ ქორწინებამდე სექსუალური ცხოვრების დაწყება წესი არ არის, მაგრამ საქმრომ დამიყოლია, მაინც უნდა დავქორწინდეთო. მშობლებმა არ იცოდნენ, რომ როცა დასასვენებლად მივდიოდით, ერთად ვცხოვრობდით. მოგზაურობის უფლებას გვაძლევდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ სხვადასხვა ნომრებში ვიქნებოდით“, - ამბობს სამირა.

ახლახან 16 წლის გოგომ შეიტყო, რომ ორსულადაა. მამამ სცემა, ოჯახმა გაკიცხა, საქმრომ კი მიატოვა.

„როდესაც ვუთხარი, ორსულად ვარ და სასწრაფოდ უნდა დავქორწინდეთ-მეთქი, მიპასუხა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი შვილია. ჩემთან თუ დაწექი, იქნებ სხვასთანაც იწექიო“, - მითხრა და თან გამომლანძღა.

სამირას მშობლები მაინც შეეცადნენ ბიჭის ოჯახს დალაპარაკებოდნენ, მაგრამ პასუხად მიიღეს რჩევა, რომ გოგოს აბორტი გაეკეთებინა.

„არ ვიცოდი რა მექნა. ჩემებმა მითხრეს, შემარცხვენელი ხარო. საქმრომ, გარდა იმისა, რომ მიმატოვა, სოციალურ ქსელში ჩვენი პირადი მიმოწერის გავრცელება დაიწყო. მე ვარ დასახლებიდან, სადაც ყველა ყველას იცნობს. სახლიდან წასვლის გარდა არაფერი დამრჩენოდა“.

აქტივისტ ხატია ახალაიას თქმით, სექსუალური განათლების ნაკლებობას ფსიქოლოგიური და სამედიცინო პრობლემები მოაქვს:

„როდესაც მოზარდები ქორწინდებიან, რისკებს ვერ აცნობიერებენ. სექსუალური განათლება მათ დაეხმარებოდათ ადრეულ ასაკში ორსულობით გამოწვეული სიკვდილიანობის ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილებაში. განათლება მშობლებსაც სჭირდებათ, რომ იცოდნენ, რა პრობლემების წინაშე აყენებენ ბავშვებს. ეკონომიკურ წარმატებაზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე შვილების ჯანმრთელობაზე. როდესაც ნიშნობა მშობლების მოლაპარაკებით ხდება, ისინი მათ თავს ახვევენ სექსუალურ პარტნიორს. ასე ცდილობენ, მათ ერთზე მეტი პარტნიორი არ ჰყავდეთ. ნიშნობას აწყობენ იმასთან, ვისაც თავად მიიჩნევენ სასურველ საქმროდ“.

აქტივისტი პაველ მამედოვი მიიჩნევს, რომ საქმის გახმაურებას, მაგალითად ისე, როგორც ეს ფოტოს გამოქვეყნების შემთხვევაში მოხდა, ხშირად მოაქვს შედეგი.

„ჩვენ, აქტივისტებს, არაერთხელ გვაქვს შემჩნეული, რომ საზოგადოებრივი კრიტიკის შემდეგ ოჯახებს ეშინიათ. ეს შემთხვევაც სხვებისთვის მაგალითი იქნება, თუ როგორ არ უნდა მოიქცე. ოჯახის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ისინი გააკრიტიკეს. რა თქმა უნდა, მსგავსი შემთხვევები კიდევ იქნება, მაგრამ რომ შემცირდება, ეს ნამდვილია“.

რაც შეეხება პოლიციას, აქტივისტ რავილ მამედოვას თქმით, პოლიციას არ შეუძლია ან არ სურს იმუშაოს არც ადრეული ქორწინების პრობლემაზე, არც იმ შედეგებზე, რომლებიც ამ ქორწინებას მოსდევს.

„სამწუხაროდ, სამართალდამცავები ხშირად ხუჭავენ თვალს მომხდარზე. ხშირად ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ განცხადებები შემდეგ ისევ უკან მიაქვთ, რადგან შერცხვენის ეშინიათ...

პოლიციის საქციელი მუდმივად ადასტურებს იმას, რომ ისინი არასერიოზულად ეკიდებიან საქმეს. ეს ეხება არა მხოლოდ ადრეულ ქორწინებას, რაც ეროვნული უმცირესობის ტრადიცია შეიძლება ეგონოთ, არამედ ისეთ სერიოზულ პრობლემასაც, როგორიცაა გაუპატიურება“, - განაგრძობს მამედოვი და მაგალითად მოჰყავს დასავლეთ საქართველოში 14 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტი, როდესაც პოლიციამ ძალადობაში ეჭვმიტანილი მხოლოდ გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ დააკავა, მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველებმა ამ ფაქტის შესახებ რამდენიმე თვით ადრე იცოდნენ.