მარტი - ამჯერად, ეს თვე განისაზღვრა ქვეყანაში COVID-ვაქცინაციის დაწყების თარიღად. ოღონდ, უფრო მარტის ბოლო. 24 თებერვალს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, სწორედ ასეთი მოლოდინი შექმნა ჯერ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მთავრობის დაპირებით, 29 250 დოზა „პფაიზერის“ ვაქცინას, „კოვაქს პლატფორმის“ გზით, ჯერ კიდევ თებერვალში ველოდით, მაგრამ ამბავი იმის შესახებ, რომ საქართველოში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა დაგვიანდებოდა, მხოლოდ მას შემდეგ შევიტყვეთ, რაც ყოველგვარმა დაპირებულმა თარიღმა ჩაგვიარა - თებერვლის შუა რიცხვებმაც, თებერვლის ბოლო დეკადამაც და თებერვლის ბოლო კვირამაც.
ასევე ნახეთ თებერვლის შუაც დადგა, ბოლო დეკადაც, ხეში წყალიც ჩადგა, ვაქცინა კი არ ჩანსროგორც ჩანს, დაგვიანების მიზეზად მთავრობა რამდენიმე ფაქტორს მოიაზრებს. მათ შორის, ერთი ფაქტორი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, 24 თებერვალს ასე ახსნა:
„ამ კვირაში მივიღეთ დამატებითი პირობები „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. კვირის ბოლომდე შედგება კიდევ ერთი კონსულტაცია „კოვაქსის“, „ფაიზერისა“ და საქართველოს მონაწილეობით, სადაც ყველა დეტალი დაზუსტდება და გვეცოდინება, როდის მივიღებთ შეპირებულ 29 250 დოზას. ამ დოზებს ველოდებოდით თებერვლის ბოლომდე, თუმცა „პფაიზერის“ მიერ დაყენებული დამატებითი მოთხოვნების გამო, ყველა იმ ქვეყანაში, რომლებსაც ვაქცინა ჩვენთან ერთად უნდა მიეღოთ, მიწოდება გადავადდა. მიმდინარე პერიოდში ჩვენ დავასრულებთ მოლაპარაკებას და იმედი გვაქვს, რომ უკვე მარტის პირველ ორ კვირაში მივიღებთ იმ დოზებს, რასაც ველოდით“.
მაინც რა დამატებითი პირობების შესრულებას სთხოვს „პფაიზერი“ და „კოვაქსი“ საქართველოს, ამ დეტალების დაზუსტებისგან მთავრობაში თავს იკავებენ. თამარ გაბუნია მხოლოდ იმ ზოგად დეტალებზე ლაპარაკობს, რომელიც მისი სიტყვებით, „არ შედის გაუთქმელობის ხელშეკრულების ნაწილში“:
„პფაიზერმა“ გამოგზავნა დამატებითი მოთხოვნების წერილი, სადაც დაზუსტებულია ცივი ჯაჭვის პირობები. როგორ და რა უნდა დავიცვათ. ძალიან დეტალური ინსტრუქცია, როგორ უნდა მოხდეს მიღებული ვაქცინის ტრანსპორტირება აეროპორტიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრამდე, რადგან აეროპორტამდე ტრანსპორტირებას თავად „პფაიზერი“ იღებს საკუთარ თავზე“.
თამარ გაბუნიას თქმით, საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს ასევე „პასუხისმგებლობების გადაზღვევის ხელშეკრულებას". თუმცა, კონკრეტულად რა იგულისხმება ამ ხელშეკრულებაში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღარ აკონკრეტებს.
„პფაიზერის“ მიერ წარმოებულ ვაქცინას, რომელიც 95%-იანი ეფექტიანობით ხასიათდება, შესანახად -80 გრადუსიანი მაცივრები სჭირდება. ასეთი მაცივრები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისშია და ჯამში, 200 ათასი დოზა ვაქცინის დასაწყობებაა შესაძლებელი. მაცივრიდან გამოღების შემდეგ, ვაქცინა თავსდება ე.წ. ცივ ყუთებში, მშრალ ყინულში და ხდება მისი ტრანსპორტირება ასაცრელ პუნქტებში. -80 გრადუსიანი მაცივრიდან გამოღების შემდეგ, ვაქცინა მაქსიმუმ 5 დღის ვადაში უნდა გაკეთდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ფუნქციას კარგავს.
გარდა ამისა, კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო აცრების ჩატარებისთვის სპეციალური სახეობის შპრიცებია საჭირო. მაგალითად, როგორც თებერვლის დასაწყისში, „გარდიანი“ წერდა, შპრიცების დეფიციტის გამო, იაპონიაში შესაძლოა მილიონობით ადამიანმა ვერ მიიღო მათთვის განკუთვნილი „პფაიზერის“ დოზები.
აღსანიშნავია ისიც, რომ ათასობით დოზა ვაქცინა ფუჭდება ევროპაში იმის გამო, რომ მოქალაქეები წინასწარ შეთანხმებულ დროზე არ ცხადდებიან ამცრელ პუნქტებში.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში „პფაიზერი“ დაპირებულ დროში ვერ ჩამოვიდა, გლობალურად შექმნილი ვაქცინის დეფიციტია:
„ჩვენ გვქონდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სრული დასტური იმისა, რომ ქვეყანაში ვაქცინა უნდა შემოსულიყო. გვქონდა დასტური „კოვაქს პლატფორმიდან", რომ „პფაიზერის პირველი დოზები თებერვლის მეორე ნახევარში უნდა მიგვეღო. თუმცა, სამწუხაროდ, ევროკავშირში შექმნილი დიდი დეფიციტის გამო, იმის გამო, რომ „პფაიზერმა“ და „ასტრაზენეკამ“ ვერ შეასრულეს ევროკავშირთან წინასწარ დადებული ხელშეკრულებები და ევროკავშირი დღეს აცრის მაჩვენებლებით ბევრად ჩამორჩება აშშ-ს და ბრიტანეთს, დიდ მწარმოებლებს სურთ, რომ ჯერ ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ. ამიტომ ვაქცინის შემოსვლის თარიღმა მარტის ბოლოსკენ გადაიწია, ზუსტი რიცხვი ჯერ არ ვიცით“.
"თუ არ დაგვაღალატეს, უნდა მივიღოთ მარტში"
რაც შეეხება კიდევ ერთ დაპირებულ ვაქცინას, რომელიც ასევე მარტში უნდა მივიღოთ, ეს არის AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინა.
როგორც 24 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, არ არის გამორიცხული, რომ „ასტრაზენეკამ“ „პფაიზერს“ დაასწროს და ჯერ ის ჩამოვიდეს საქართველოში. „ასტრაზენეკა“, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 16 თებერვალს დაამტკიცა. AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის ეფექტურობა 82,4%-ია, მის შენახვას განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება (მის შესანახად საჭიროა -2 -7 გრადუსიანი მაცივრები) და ამიტომ, ხელსაყრელია დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებისთვის.
თამარ გაბუნიას თქმით, საქართველო „კოვაქს პლატფორმის“ გავლით 315 ათას დოზა „ასტრაზენეკას“ ელის. ქვეყანა ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს პირდაპირ მწარმოებელ კომპანიასთანაც. ის არ გამორიცხავს, რომ საქართველოში "პფაიზერის" ჩამოსვლას "ასტრაზენეკამ" დაასწროს:
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ავტორიზაცია მისცა „ასტრაზენეკას“ ორ ვაქცინას, ინდური და სამხრეთ კორეული წარმოების ვაქცინებს. მოსალოდნელია, რომ „კოვაქს პლატფორმით“, წვდომა გვქონდეს ორივე ამ ვაქცინაზე. ზუსტდება დეტალები, თუ რა რაოდენობის ვაქცინას მივიღებთ „კოვაქსის“ საშუალებით. სავარაუდოდ, წინასწარი რაოდენობაა 315 ათას დოზამდე, მაგრამ რაოდენობები დღეს და ხვალ კიდევ დაზუსტდება. რაც შეეხება, „კოვაქს პლატფორმის“ მიღმა წარმოებულ მოლაპარაკებებს კომპანიასთან, „ასტრაზენეკას“ 150 ათას დოზა ვაქცინაზე ჩვენი მხრიდან ხელშეკრულების პროცედურები უკვე დასრულებულია, ველოდებით გარკვეულ ფორმალობებს იმისათვის, რომ თანხა გადავიხადოთ და უკვე დაიწყება მოწოდების პროცედურა. ვფიქრობ, მომავალ კვირაში გვექნება უფრო მეტი დეტალი, თუ საიდან ჩამოდის, რა საჰაერო გზით და როდის გვექნება მისი მიღების საშუალება. შესაძლებელია, რომ „ასტრაზენეკამ“ დაასწროს „პფაიზერს“. ამ ვაქცინების შემოტანის პროცესი, ფაქტობრივად, თანმიმდევრულია. აქ არის ლაპარაკი ერთკვირიან ინტერვაზლე“.
იმედით ელოდება ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ შემოტანას ამირან გამყრელიძეც, თუმცა, მის სიტყვებში, ეჭვიც გამოსჭვივის:
„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ „ასტრაზენეკას“ მიმართულებით წარმოებული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და წესით და რიგით, ყოველ შემთხვევაში, თუ არ დაგვაღალატეს, უნდა მივიღოთ მარტში, რადგან კონტრაქტები უკვე გაფორმებულია”.
24 თებერვალს, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ახალ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილსა და მის გუნდს, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაცია წარუდგინა:
„მთავრობას მივეცით რეკომენდაცია, რომელი პერსპექტიული ვაქცინის შემოტანაზე უნდა იმუშაონ, რათა ჩვენი სამიზნე, მოზრდილი მოსახლეობის 60% წელს ავცრათ. ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მარტში დაიწყოს ვაქცინაცია. „პფაიზერთან“ დაკავშირებით სერიოზულად მოვემზადეთ. შეირჩა 10 ჰოსპიტალი, სადაც უნდა ჩატარდეს „პფაიზერით“ ვაქცინაცია. გადამზადდნენ ბრიგადები, ჩატარდა ტრენინგები. გადამზადდნენ ასევე რეგისტრატორები, რომლებმაც მონაცემები უნდა შეიყვანონ საინფორმაციო სისტემაში. ახლა დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკვე გადართულია „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ლოჯისტიკაზე. ქვეყნის მასშტაბით იქნება დაახლოებით 350-მდე პუნქტი, სადაც ვაქცინაცია ჩატარდება“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.
მისივე გათვლებითა და სურვილით, მაისის ბოლომდე ქვეყანაში 200 ათასამდე ადამიანი ორჯერადად უნდა იყოს აცრილი. ივნისიდან კი ვაქცინაციის გაფართოებული კამპანია უნდა დაიწყოს: „ჩვენ ველოდებით, რომ სექტემბერში, ქვეყანაში იმუნიზაცია „ასტრაზენეკათი“ დაიწყება“.
ერთ-ერთი ჰოსპიტალი, სადაც ვაქცინაციის პროცესი უნდა დაიწყოს, "ევექსს" ეკუთვნის. რადიო თავისუფლება "ევექსის" ჰოსპიტლების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, რათა უფრო მეტი ინფორმაცია შეგვეტყო, თუ რა ტიპის მომზადება გაიარეს ჰოსპიტლის წარმომადგენლებმა, ვის ჩაუტარდა ტრენინგები, რამდენი ადამიანი გადამზადდა და ა.შ. კლინიკის წარმომადგენელმა განგვიმარტა, რომ კითხვებს ჰოსპიტლის ადმინისტრაციასთან შეათანხმებს და თუკი ადმინისტრაცია თანახმა იქნება, კომენტარიც მხოლოდ მას შემდეგ გაკეთდება.
ვაქცინა და მსოფლიო - რამდენიმე რიცხვი
- დღეს ვაქცინაციის პროცესი მსოფლიო 98 ქვეყანაში მიმდინარეობს. ვაქცინაცია არ დაწყებულა დაახლოებით 130 ქვეყანაში.
- 24 თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში სულ 209 მილიონი ადამიანია აცრილი. მათგან 17 მილიონი ევროკავშირის ქვეყნებში.
- იმ ტემპით, რა ტემპითაც დღეს ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს, მსოფლიოს მოსახლეობის 75%-ის აცრას, ანუ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებას, 5 წელი დასჭირდება.
- დღევანდელი მდგომარეობით მსოფლიო იცრება 7 ვაქცინით: „პფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „კოვაქსინი“ და რუსული წარმოების „სპუტნიკი“.
- კვლევების ბოლო ეტაპს გადის 4 ვაქცინა. დიდი ალბათობით, ეს ვაქცინები ბაზარზე აპრილ-ივნისში გამოჩნდება.
ამ ვაქცინებიდან ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ვაქცინა ამერიკული წარმოების „ნოვოვაქსია“. მისი ეფექტიანობა თითქმის 90%-ს უტოლდება. როგორ ამირან გამყრელიძე ამბობს, ქართული მხარე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ ვაქცინა საქართველომაც მიიღოს. მისივე თქმით, წლის ბოლომდე „კოვაქს პლატფორმაზე“ ერთ მილიარდ დოზამდე „ნოვოვაქსი“ უნდა განთავსდეს.
24 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, გარდა იმისა, რომ შევიტყვეთ, რომ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში დაახლოებით ერთი თვით დაიგვიანებს, ანუ მინიმუმ მარტის ბოლომდე, საქართველოს, ქვეყნის შიგნით აცრილი ერთი მოქალაქეც არ ეყოლება, ასევე შევიტყვეთ, რომ მთავრობა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაწესებულ შეზღუდვებს ამ ერთი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეამსუბუქებს. მათ შორის, იხსნება შეზღუდვები მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე; აღსაზრდელებს მიიღებენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები; უმაღლეს სასწავლებლებში სიარულს დაიწყებენ სტუდენტები; იხსნება ზამთრის კურორტები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები; რესტორნები სტუმრებს შიდა სივრცეებშიც გაუმასპინძლდებიან და ა.შ.