საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ერთი ნაწილი იხსნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გამართა და ისაუბრა, რა შეზღუდვები მოიხსნება და როდიდან.
ხვალიდან, 25 თებერვლიდან
- იხსნება სამთო-სათხილამურო კურორტები;
- მუშაობას იწყებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.
1 მარტიდან
- სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;
- უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ;
- მუზეუმები და ბიბლიოთეკები მუშაობას შეძლებენ;
- ბათუმში რესტორნებს სტუმრების მიღება შეეძლებათ შიდა სივრცეში (შაბათ-კვირის გარდა);
- შესაძლებელი იქნება კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება.
8 მარტიდან
- არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ;
- მთელი საქართველოს მასშტაბით რესტორნებს სტუმრების მიღება შეეძლებათ შიდა სივრცეში (შაბათ-კვირის გარდა);
- ამუშავდება სამთ-სათხილამურო კურორტებზე საბაგიროები.
15 მარტიდან
- უნივერსიტეტები სასწავლო პროცესს აუდიტორიებში განაახლებენ;
- სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას შეძლებენ;
- ამუშავდება სასკოლო წრეები;
- თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ.
1 აპრილიდან
- თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები სრულად აღადგენენ მუშაობას.
"კომენდანტის საათის" მოხსნის თარიღი კვლავ უცნობია. წესის დარღვევისთვის მოქალაქე 2000 ლარით ჯარიმდება.
საქართველოში მკაცრი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან მოქმედებს.