რასმუსენი მელიას დაკავების შემდეგ: ეს სიტუაცია ყველაზე მეტად ქართველ ხალხს აზიანებს

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი ნიკა მელიას დაკავების შემდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს ეხმაურება.

"ის, რაც დღეს საქართველოში მოხდა, ძალიან სამწუხაროა. ეს სიტუაცია ყველაზე მეტად ქართველ ხალხს აზიანებს. დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს თავშეკავებისა და უკან სვლაზე უარის თქმისკენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა იმ ადამიანს, ვინც იცავს კანონის უზენაესობას და დემოკრატიას საქართველოში", - წერს რასმუსენი Twitter-ზე.

რასმუსენის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოდან ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელმაც twitter-ზევე დაუწერა, რომ სანამ დასავლეთი საქართველოსთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარებების პირობებზე დაფუძნებით გაცემის წესზე არ გადავა, საქართველოს მთავრობა არ შეაჩერებს ქვეყნის წაყვანას უკან, საბჭოთა კავშირისკენ.

ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩო: დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია დანიშნა კანცელარიასთან დღის 3 საათზე. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მელიამ თავისი თავი თვითონ დაიკავა და მადლობა გადაუხადა შს მინისტრს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის. ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განცხადება გაავრცელეს საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც დაგმეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ნიკა მელიას დაკავების შესახებ.