კარლ ჰარცელი: ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს და პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება.

საქართველოში დღეს განვითარებული მოვლენების გამო, ელჩი ჰარცელი აღნიშნავს, რომ „ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს. საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას“.

დღეს დილით, საპოლიციო ძალებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დააკავეს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია. შენობაში მყოფთა დასაშლელად ე.წ. წიწაკის გაზი გამოიყენეს. მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 21 პირი. სამედიცინო დახმარება დასჭირდა 17-ს.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

საპოლიციო ძალები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.

18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია, რომელმაც მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა.

გიორგი გახარიას გადადგომამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად პარტიის ცენტრალურ ოფისში მისული შსს-ს თანამშრომლები ოპოზიციის მხარდამჭერებმა შენობაში არ შეუშვეს.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ „ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო“. გახარიას გადადგომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკება.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

აქციაზე, რომელიც დემონსტრანტების ერთი ნაწილის პარლამენტში შესვლის მცდელობის შემდეგ მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან.

ნიკა მელია აცხადებს, რომ მისი წინააღმდეგ ხელისუფლებას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია და „ქართული ოცნება“ გავრილოვის დავალებას ასრულებს.

მელიას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო - 40 000 ლარი. მან თანხის გადახდაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით. მანამდე პარლამენტმა დააკმაყოფილა პროკურატურის მიმართვა და მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.