არასამთავრობოები მელიას დაკავებაზე: ვგმობთ საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას

22 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და გმობენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც მათი შეფასებით კიდევ უფრო გაამწვავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. ისინი ვითარებას ჩიხში შესულად აფასებენ და საერთაშორისო პარტნიორებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

"მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არსებული ვითარების განმუხტვა სამართლებრივი და არაძალადობრივი მეთოდებითაც შეეძლო. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არ დაელოდა სააპელაციო სასამართლოში მელიას სარჩელის განხილვას და არ აჩვენა მძიმე ვითარების განმუხტვის და პოლიტიკური პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვის ნება. ცხადია, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება საქართველოს ახლად არჩეული პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი აგრესიული რიტორიკის გაგრძელებაა. საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გასული დღეების განმავლობაში გამოთქმული გაფრთხილებებისა და მოწოდებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური პროცესები თანდათან მძიმდებოდა. დღეს კი ის სრულიად ჩიხშია შესული. საქართველოს მთავრობას სიტუაციის განმუხტვის რეალური პოლიტიკური ნება კრიზისის გამწვავების არც ერთ ეტაპზე არ გამოუჩენია. აღნიშნული ქმედებით კი სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციისკენ გადადგა ნაბიჯი, რაც შესაძლოა ქვეყნისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იყოს. ცხადია, რომ პროცესების მომავალ გამწვავებაზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მმართველ ძალას ეკისრება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება ცალსახად ესკალაციის გზას ადგას, რთულია მისგან ადექვატური გადაწყვეტილების მოლოდინი" - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია შეჩერდეს საზოგადოების პოლარიზაცია იმისათვის, რომ სამოქალაქო დაპირსპირება არ მოხდეს.

"დღეს როგორც არასოდეს, საქართველოს სჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, ვინაიდან, სიტუაციის უფრო მეტად ესკალაციის შემთხვევაში, ქვეყანამ შესაძლოა დამოუკიდებლობის პერიოდში მოპოვებული ყველა მიღწევა დაკარგოს" - წერს არასამთავრობო სექტორი.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგაზაციები:

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - TIG

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკომონიკური ანალიზის ცენტრი

საზოგადოება და ბანკები

მედიის განვითარების ფონდი - MDF

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - GFSIS

საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS

ღია საზოგადოების ფონდი - OSGF

ცენტრი “ემპათია”

საფარი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - EPRC

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC

საქართველოს გაეროს ასოციაცია - UNAG

ადამიანის უფლებათა ცენტრი

მწვანე ალტერნატივა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს.

ნიკა მელიას უკვე დაკავებას უკვე მოყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია დანიშნა კანცელარიასთან დღის 3 საათზე. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მელიამ თავისი თავი თვითონ დაიკავა და მადლობა გადაუხადა შს მინისტრს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის.