„ძალიან სევდიანი დღე“, - წერს საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი ტვიტერზე და ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების ფაქტს.
რამდენიმე წუთის წინ ტვიტერზე პირველი გამოხმაურება დაწერა ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა:
“პირდაპირ ეთერში ვუყურებდი დარბევას, შეშფოთებული ვარ ნანახით“... მოვუწოდებ მთავრობას, თავი დაანებოს ასეთ დრამატულ ქმედებას. ჩვენ ყველანი გაკვირდებით"
“ძალიან სამწუხარო მოვლენები განვითარდა საქართველოში ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინის დარბევით“, - წერს ტვიტერზე საერთაშორისო მიმომხილველი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მაიკლ კარპენტერი.
ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია რამდენიმე წუთის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს.
დაახლოებით 7:30 საათისთვის საპოლიციო ძალები მივიდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, სადაც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფებოდა.
პოლიციელების და სპეცრაზმელების ნაწილი შენობაში შესასვლელებიდან, ნაწილი კი სახანძრო ავტომანქანის კიბის გამოყენებით შევიდა. გატეხეს ოთახის კარი, სადაც მელია იმყოფებოდა.
შენობაში გაუშვეს ცრემლსადენი გაზი. არიან დაშავებულები, რომელთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია, რომელმაც მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა.
გიორგი გახარიას გადადგომამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად პარტიის ცენტრალურ ოფისში მისული შსს-ს თანამშრომლები ოპოზიციის მხარდამჭერებმა შენობაში არ შეუშვეს.
პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ "ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო". გახარიას გადადგომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკება.
ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.
აქციაზე, რომელიც დემონსტრანტების ერთი ნაწილის პარლამენტში შესვლის მცდელობის შემდეგ მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან.