ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა მელიაზე საუბრისას: კანონი უნდა აღსრულდეს 

საქართველოს პრემიერობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიაზე საუბრის დროს ამბობს, რომ "კანონი უნდა აღსრულდეს". ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" ფრაქციის სხდომაზე ისაუბრა.

"მელია კრიმინალია იმიტომ, რომ სასამართლომ შერაცხა კრიმინალად "ბანკი ქართუს" გაკოტრების საქმეზე. მე ყველას შევახსენებ, რომ არ შეიძლება, ალიბი იყოს პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეობა... ეს კრიმინალი გამოაცხადეს პარტიის თავმჯდომარედ და გვეუბნებიან, რომ ის იმ მძიმე დანაშაულისთვის, რომელიც მან ჩაიდინა, სავარაუდოდ, ვგულისხმობ პარლამენტზე შტურმს და ხელისუფლების დამხობის მცდელობას და გვეუბნებიან, რომ არ უნდა შევეხოთ ბატონ მელიას... როდის ყოფილა, რომ პოლიტიკური პარტია გამხდარა ასეთი კრიმინალების თავშესაფარი... სიმართლე არის ძალიან მარტივი, ერთი რამ ახსოვდეს ყველას - არც პოლიტიკური პარტია, არც რაიმე თანამდებობა ამ ქვეყანაში არ იქნება მათი დანაშაულების თავშესაფარი. თუ ისინი ღიად აცხადებენ, რომ ეს პარტია არის კრიმინალების და ტერორისტების თავშესაფარი, მაშინ ესეც მორიგი აღიარებაა. ასე რომ, ჩემი პასუხი მარტივია, კანონი უნდა აღსრულდეს", - თქვა ღარიბაშვილმა.

ნიკა მელიას საქალაქო სასამართლომ პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გუნდში ან საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის გამო, თანამდებობა დატოვა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით გადადო პრემიერის გადადგომის გამო.

ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე, საერთაშორისო პარტნიორები კი დიალოგის საჭიროებასა და გაღრმავებულ პოლიტიკურ კრიზისზე ალაპარაკდნენ. "ქართულმა ოცნებამ" პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.