„ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრემიერობის პირველი ასი დღის განმავლობაში, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ქვეყანაში წესრიგის დამყარება და „რიგი, ასე ვთქვათ, დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში და ჩარჩოებში დაბრუნება“.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ დღევანდელ სხდომაზე გამოსვლისას ღარიბაშვილმა „დესტრუქციული ოპოზიცია“ რამდენჯერმე დაადანაშაულა სახელმწიფოს და სხვადასხვა ინსტიტუტის საწინააღმდეგო ქმედებებში.
გამოსვლის ბოლოს ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართული საბოტაჟი უწოდა იმ ფაქტსაც, რომ „ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალა“ პარლამენტში არ შედის: „მე მინდა მათ მივმართო. ვიცი, რომ არ შეიძლება არსებობდეს იმაზე მეტი საფუძველი კონსენსუსისთვის, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მომავალია. ჩვენი პოლიტიკური პოზიციები შეიძლება, ვერასდროს დაუახლოვდეს ერთმანეთს და ღმერთმა დამიფაროს, რომ დაუახლოვდეს მათ პოზიციებს, მაგრამ ჯანსაღი ოპონირება, სამუშაო რეჟიმში დისკუსია ყველას დაგვეხმარება მათ დახვეწაში“.
პრემიერმინისტრობის კანდიდატმა თქვა, რომ ხალხს ნაკლებად აინტერესებს, მაგალითად, საარჩევნო კოდექსის გარკვეული დეტალები და ის, თუ რა გზით მოხვდებიან ადამიანები პარლამენტში, თუკი მათი სათქმელი არ ისმის პარლამენტის ტრიბუნიდან. ღარიბაშვილის განცხადებით, ხალხის დაკვეთა მათი რეალური და კონკრეტული პრობლემების გადაჭრაა და დღეს საჭიროა ხალხის ინტერესების გარშემო გაერთიანება:
„ის, რაც ხდება ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან, საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ დესტრუქციულ კამპანიას ვგულისხმობ, თავიანთი პარტიული ტელევიზიების პროპაგანდით შეიძლება ცოტა ხნით მოატყუო ადამიანები. ნათქვამი არის, რომ მრავალჯერ გამეორებული სიცრუე ხდება ხანდახან სიმართლე, მაგრამ ძალიან მალე ამ შესაძლებლობასაც გამოვართმევთ ხელიდან, ვინაიდან ჩვენ ყველა ამ სიცრუეს დავუპირისპირებთ სიმართლეს. ვინც თვლის, რომ ხალხს ეს კი არა, სხვა ინტერესები აქვს, მათ მოვუწოდებთ, რომ ღია და საჯარო დებატებში მოიპოვოს მხარდაჭერა“.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებითვე, თუ ოპოზიციის „ჯანსაღ ნაწილს“ ეყოფა ძალა, გამბედაობა, გონიერება და სახელმწიფოებრივი აზროვნება ასეთი შრომისთვის, პირადად ის და მმართველი გუნდი მიესალმებიან მათთან დიალოგს: „რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ იმ რადიკალურ ფრთას, რომელიც პირდაპირ სახელმწიფოს დისკრედიტაციას და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევას ცდილობენ“.
საქართველოს პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის მისაღებად წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას და 2021-2024 წლების პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს გიორგი გახარიამ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის.
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მთავრობაში მას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე შეცვლის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილს - მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძე. მთავრობის დანარჩენი შემადგენლობა უცვლელია.
საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობენ "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის", "ევროპული საქართველოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "ლელოს", "ლეიბორისტული პარტიისა" და "გირჩის" სიებით არჩეული დეპუტატები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ.
"ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას მოითხოვს, აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ პრემიერმინისტრობის ყველაზე დესტრუქციული კანდიდატი შეარჩია.