განათლების მინისტრის თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პანდემიის დროს 2 ახალი მუზეუმი გაიხსნა

"ევროპის მასშტაბით საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მსოფლიო პანდემიის დროს ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა, ეროვნული მუზეუმის ვანის არქოლოგიური მუზეუმი და ბოლნისის რეგიონალური მუზეუმი. დასრულდა მცხეთის არქელოგიური მუზეუმის მშენებლობა", - თქვა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა და მოქმედმა მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც ახალი პრემიერ-მინისტრის და მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების წინ საკომიტეტო მოსმენები იმართება. მიხეილ ჩხენკელი სამინისტროს ამ მიღწევაზე ჯერ კიდევ 2020 წელს, ანგარიშის წარდგენისას საუბრობდა.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წელს დაფუძნდა, 2020 წელს მისი განახლებული შენობა გაიხსნა. რაც შეეხება ბოლნისის რეგიონალურ მუზეუმს, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში შენდებოდა, ის კომპანია „RMG გოლდის“ ფინანსური მხარდაჭერით აშენდა, რომელმაც 2014 წლის 13 დეკემბერს კომპანია საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო ააფეთქა.

მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა ისიც, რომ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები ყველაზე მტკივნეულად კულტურის სფეროს შეეხო, თუმცა სამინისტრომ შეინარჩუნა თავის დაქვემდებარებაში არსებულ სექტორში ყველა სამუშაო ადგილი, დამატებითი რესურსი მიმართა დარგობრივი ორგანიზაციების სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის. სამინისტროს სისტემაში არსებულ თეატრებსა და მუზეუმებში თანამშრომელთა ანაზღაურება საშუალოდ 100 ლარით გაიზარდა.

კულტურის სფეროში მიღწევებზე საუბრისას მიხეილ ჩხენკელი შეეხო ლიტერატურასაც და თქვა, რომ "საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებითა და ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით გამოიცა ეროვნული კულტურის შესახებ სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“, უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემა ეტაპობრივად მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებს გადაეცემა". ასევე აღნიშნა, რომ "შეიქმნა 16 ახალი სახელოვნებო სახელმძღვანელო, გამოსაცემად მომზადდა შუა საუკუნეთა ქართული საგალობლების XIX-XX საუკუნეებში შესრულებული სანოტო ხელნაწერების ექვსტომეული".