მოთხოვნა არის, მაგრამ მიწოდება - არა. ასეთი მდგომარეობაა აფხაზეთში IT სპეციალისტების მხრივ. აქ არავინაა ისეთი, ვინც თანამედროვე ტექნოლოგიებს დანერგავდა. თუ ეს ბზარი არ ამოივსო, 5 წლის შემდეგ გვიანი იქნება, მიიჩნევს IT სკოლის (Stemlaboratory) დამფუძნებელი დამეი ჯონუა.
- დამეი, რატომ ფიქრობთ, რომ IT განათლებას ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს?
- სამყარო ძალზედ გლობალური გახდა. აფხაზეთმა მთელ მსოფლიოს უნდა გაუწიოს კონკურენცია. IT არის ის, რაც პროცესებს აჩქარებს, ბიზნესს უფრო იაფს და რენტაბელურს ხდის.
- რად შეიძლება დაუჯდეს აფხაზეთს ეს ჩამორჩენა?
- მაგალითად, საბანკო სფერო ავიღოთ, „ტინკოფბანკი“ - რეალურად ეს ბანკი ჩვენს ტელეფონებშია. მათ ქვეყნებში წარმომადგენლები არ ჰყავთ. არ შეუძლიათ თანამშრომელთა დიდი შტატისა და ძვირი ოფისების შენახვა. ასეთ ბანკთან კონკურენციას კლასიკური აფხაზური ბანკი, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს. ახლა, სამწუხაროდ, იზოლაციაში ვართ, მაგრამ როდისმე გლობალური პროცესების მონაწილე ვიქნებით და თუ აქ „ტინკოფი“ თავისი ბანკით შემოვა, ყველა ჩვენი ბანკი ავტომატურად დაიხურება, მასთან კონკურენციაში ყოფნას ვერ გაუძლებენ. იგივე მოხდება ნებისმიერ სავაჭრო ქსელთან მიმართებით - მაგალითად, თუკი ჩვენთან შემოვა „პიატეროჩკა“ ან ტაქსი Uber-ი, ან რამე ამის მსგავსი.
- რა შეიძლება აფხაზეთს დაეხმაროს?
- პროცესების ავტომატიზება. ჩვენ კონკურენტუნარიანები უნდა გავხდეთ. ეს ძალიან ადრე უნდა დაგვეწყო. თუნდაც ვერ შევძლოთ რამე პროგრამის დაწერა, ის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ მსგავსი პროდუქტი ვიყიდოთ და გამოვიყენოთ. ჩვენ უნდა გვყავდეს სპეციალისტები, რომლებიც შეძლებდნენ მსგავსი პროდუქტის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნებას. სახელმწიფომ თავისი პროცესების ავტომატიზაცია უნდა მოახდინოს. ჩვენი საჯარო სექტორის შტატები ძალიან არის გაბერილი და ავტომატიზაციის დანერგვისას, ვფიქრობ, მკვეთრად შემცირდება. სამაგიეროდ, გაიზრდება ეფექტურობა. თუ ამას უახლოეს მომავალში არ გავაკეთებთ, სადღაც 5 წლის შემდეგ უკვე გვიანი იქნება.
- დღეს საზოგადოებაში IT სპეციალისტებზე მოთხოვნა არის?
- მოთხოვნა არის, მაგრამ არცთუ დიდი. ეს მარტივად აიხსნება. ყოველ ჯერზე, როდესაც ბიზნესი რამე პრობლემას აწყდება, ადგილობრივებს მიმართავს, ისინი კი უარს ეუბნებიან, რადგან ან ძალიან დატვირთულები არიან, ან არ შეუძლიათ გაკეთება. ამიტომ ბიზნესიც აღარ ცდილობს რამე შეცვალოს. მაგალითად, არის კომპანია, რომელსაც დიდი ხანია უნდა ტაქსისთვის მობილური აპლიკაცია შექმნას, მაგრამ ამას ვერავინ ახერხებს. ეს მხოლოდ ტაქსის არ ეხება, ეხება ნებისმიერ კომპანიას. ვიცი, რომ ზოგ ბანკს უნდა დანერგოს IP ტელეფონი და CRM - ეს სისტემა ბანკის თანამშრომლისა და კლიენტის ყველა სატელეფონო კავშირის ისტორიას ინახავს. მომდევნო დარეკვაზე ბანკის თანამშრომელი უკვე სახელით მიმართავს კლიენტს, ეცოდინება მანამდე რაზე ილაპარაკეს და ასე შემდეგ. ეს მომსახურების ხარისხს ზრდის, მაგრამ ჩვენ არავინ გვყავს ისეთი, ვინც ამ სისტემას შექმნიდა და ჩაუშვებდა. ეს ცალკეული მაგალითებია, მაგრამ მგონია, რომ IT პროდუქტებზე მოთხოვნა ძალიან დიდია და ბიზნესმენებმა ყოველთვის არ იციან, რა შეიძლება მათი მეშვეობით გააკეთო. სპეციალისტები რომ იყვნენ, ისინი თავად შესთავაზებდნენ საკუთარ პროდუქტს.
- მმართველ სტრუქტურებში თუ არის მოთხოვნა ამ მიმართულების სპეციალისტებზე?
- მგონია, რომ სისტემის ადმინისტრატორებზე მოთხოვნა ძალიან დიდია და არა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებში, არამედ ყველგან, მაგრამ ისინი ცოტა გვყავს. სისტემის ასამდე ადმინისტრატორი დღესვე იშოვიდა სამსახურს.
- მაშინ როგორღა შეიძლება მოგვარდეს პრობლემა, თუ ისინი გვჭირდება, მაგრამ არ გვყავს?
- არიან ადამიანები, რომლებიც ერთდროულად ათ სამსახურში მუშაობენ. რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტის მთელ ადმინისტრაციას მხოლოდ ერთი ადამიანი ემსახურება. ვერ ვხვდები, ამას როგორ ახერხებს. უნდა იყოს დიდი შტატი, სადაც ყველას თავისი ფუნქცია ექნება, ვიღაც უსაფრთხოებაზე იქნება პასუხისმგებელი, ვიღაც - ქსელის გამართულობაზე.
- რა არის ის მთავარი პრობლემა, რომელიც აფხაზეთში IT სპეციალისტების მომზადებას ხელს უშლის?
- ჩვენ გვყავს რაღაც რაოდენობა სპეციალისტებისა, რომლებიც სხვებსაც ამზადებენ. მგონია, რომ ძალიან ბევრი პროფესია ჩვენთან, უბრალოდ, მიუწვდომელია - არ არსებობენ სპეციალისტები, რომლებისგანაც ისწავლიდი. ეს, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა და საჭიროა ხალხის გაგზავნა რუსეთში ან საზღვარგარეთ. ანდა უნდა ვეცადოთ მოვიზიდოთ სპეციალისტები, რომ მათ აქ შეძლონ სწავლება. ამ კითხვაზე პასუხს მარტივად ვერ გავცემ, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი - ეს სისტემური პრობლემაა. ჩვენ მინიმუმ 1000 IT სპეციალისტი გვინდა, რომ ოდნავ წინ წავიწიოთ. როდესაც ამას შევძლებთ, ეს სულ სხვა ქვეყანა იქნება.
ტექსტი შეიცავს ტერმინებსა და ტოპონიმიკას, რომლებიც გამოიყენება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.