შსს-ს ცნობით, პარლამენტთან აქციაზე 20 პირი დააკავეს

პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლის მცდელობისას სამართალდამცავებმა 20 პირი დააკავეს. როგორც რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუმარტეს, 20-ვე პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

პარლამენტის შენობის წინ სამოქალაქო აქტივისტებს სამართალდამცავებმა დღეს ორჯერ შეუშალეს ხელი კარვის გაშლაში. მათ კარვები წაართვეს.

სამოქალაქო აქტივისტებს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან რამდენიმე თვეა კარავი აქვთ გაშლილი. მათი განცხადებით, ისინი პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს აპროტესტებენ.