ჩეხეთის პრემიერის მრჩეველი დაითხოვეს, რადგან „ლოკდაუნს“ მოითხოვდა და ფეხბურთის მატჩზე წავიდა

რომან პრიმულა

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა თანამდებობიდან დაითხოვა თავისი მრჩეველი, ეპიდემიოლოგი, რომან პრიმულა.

18 თებერვალს პრიმულამ მოითხოვა ქვეყანაში მკაცრი კარანტინის შემოღება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო. რამდენიმე საათში კი სტადიონზე წავიდა პრაღის „სლავიის“ და „ლესტერ სიტის“ შორის ევროპის ლიგის საფეხბურთო მატჩის საყურებლად. რეპორტიორებმა მაყურებელთა შორის მჯდომი პრიმულას ფოტო გამოაქვეყნეს.

პრემიერმა ბაბიშმა განაცხადა, რომ პრიმულა კარგი სპეციალისტია, მაგრამ „სრულიად აკლია სოციალური ინტელექტი“. შემოდგომაზე, პრიმულა, რომელსაც პანდემიის პირველ ტალღასთან წარმატებული ბრძოლის გამო ჩეხეთის უმაღლესი ჯილდო გადასცეს, იძულებული გახდა, დაეტოვებინა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა, რადგან დაარღვია მთავრობის გადაწყვეტილება რესტორნების დახურვის შესახებ.

ამჯერად მას არავითარი წესი არ დაურღვევია. მართალია, საფეხბურთო მატჩები ჩეხეთში უმაყურებლოდ იმართება, თამაშებს „VIP” სტუმრები ესწრებიან ხოლმე. მატჩის საყურებლად მისული იყო კიდევ რამდენიმე ცნობილი პირი.

ამის მიუხედავად, პრემიერის მრჩევლის საქციელს მოჰყვა უარყოფითი კომენტარები, მათ შორის იმის გამოც, რომ ის მკაცრი კარანტინის, ლამის სახლიდან გასვლის აკრძალვის მომხრე იყო.

ვითარება ჩეხეთში პანდემიის გამო დაძაბულია. ერთ სულ მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპაში. 17 თებერვალს ახალი შემთხვევების რიცხვმა 10 813-ს მიაღწია. დეკემბრის ბოლოდან დაკეტილია მაღაზიების უმეტესობა, კაფეები და რესტორნები, მოსწავლეთა უმეტესობა დისტანციურ სწავლაზეა გადასული.

ეპიდემიის განმავლობაში, თითქმის ერთ წელიწადში, კორონავირუსით დაავადდა ჩეხეთის მოსახლეობის ათ პროცენტზე მეტი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. ოფიციალურად კოვიდის გამო გარდაცვლილთა რიცხვი 20 ათასს უახლოვდება.

გაზაფხულზე, პანდემიის დასაწყისისთვის, ვითარება ქვეყანაში პირიქით, ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ევროპის სხვა სახელმწიფოებში.