აშშ-ის საელჩო საქართველოში ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენების გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს. საელჩო გავრცელებულ განცხადებაში "ყველა მხარის მიმართ" მოწოდებებს ავრცელებს.
"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი აარიდონ ისეთ ქმედებას ან რიტორიკას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად, რათა გაამყაროს ერთგულება დემოკრატიული, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების მიმართ თავისუფალი სასამართლო და სისხლის სამართლის დევნის სისტემის უზრუნველყოფით", - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
საელჩოს ამ განცხადებას წინ უსწრებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდება. განჩინების გამოცხადების შემდეგ პარტიის ოფისში მხარდამჭერებისა და პოლიტიკოსების მობილიზება გაიზარდა და ადგილზე მისული სამართალდამცავები არ შეუშვეს. მალევე ცნობილი გახდა, რომ პრემიერი გიორგი გახარია ამ საკითხზე გუნდთან შეუთანხმებლობის გამო თანამდებობას ტოვებდა. ამ თანამდებობაზე დასახელებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი თქვა, რომ "ძალიან მალე აღადგენენ წესრიგს".