უკან პრემიერის პოსტზე - რატომ ირაკლი ღარიბაშვილი?
პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება ოპონენტებისთვის იმის ნიშანია, რომ „ქართული ოცნება“ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში აგრესიულ პოლიტიკას ირჩევს და მმართველი პარტიის მიზანი პოლარიზაციის შემცირება არ არის. პოლარიზაციის შემცირებაზე გადამდგარმა პრემიერმა გახარიამ ილაპარაკა.
თუკი სოციალურ ქსელებში ღარიბაშვილის დაბრუნებით გახარებული ადამიანების პოსტებს გადავხედავთ, ჩანს, რომ მათი დიდი ნაწილი ამ სიხარულს „ნაციონალური მოძრაობის“ „დასრულებისა“ და ოპოზიციაზე შურისძიების იმედთან აიგივებს.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას შემცვლელზე ბევრი არ უფიქრიათ და მმართველ გუნდში ყველას მაშინვე ირაკლი ღარიბაშვილი გაახსენდა - ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც პრემიერის პოსტი პირველად 2013 წელს დაიკავა, 2015 წელს კი - დატოვა და ამ „დროული“ წასვლის გამო ბიძინა ივანიშვილის ქებაც დაიმსახურა.
რა კრიტერიუმებით შეარჩია „ქართულმა ოცნებამ“ ახალი (ძველი) პრემიერი, რომელიც ბევრს ხისტი გამონათქვამებითა და ქმედებებით ახსოვს?
წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.
ამ თემაზე ასევე ნახე:
- მელია ღარიბაშვილის კანდიდატურაზე: შემიძლია დავიფიცო, დამთავრებულია "ქართული ოცნება“
- მდინარაძე ასახელებს პრემიერობის კანდიდატად ღარიბაშვილის შერჩევის კრიტერიუმებს
- არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი
- აშშ-ის საელჩო: აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე
- ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ თავიდან აიცილონ ესკალაცია
- დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში: საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს
სხვანაირი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, თანაც გადადგა არჩევნებიდან სულ რაღაც სამი თვის თავზე. გიორგი გახარიას ეს გადადგომა ყველაზე მეტად ჰგავდა ნამდვილ გადადგომას, რომელსაც ვერ შევადარებთ მისი ვერცერთი წინამორბედის გადადგომას, რომლებიც უფრო „თანამდებობიდან მოხსნა“ იყო, ვიდრე პოლიტიკური ვითარების შესაბამისად გადადგმული ნაბიჯი.
გიორგი გახარიას გადადგომამ უკვე შეცვალა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის გეგმები. გადადგომის პირველი ეფექტი სახეზეა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ერთწინადადებიანი განცხადება: „პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო“.
გიორგი გახარიას გადადგომამ, რასაც ოპოზიცია საკუთარი დარაზმულობისა და ბრძოლის შედეგად მიიჩნევს, მეტი მუხტი და დამაჯერებლობა შესძინა მოთხოვნას, განახლდეს მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად.
წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.
როდის ეყოლება ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი?
გასულ 24 საათში გადადგა ქვეყნის მოქმედი პრემიერი და დასახელდა მისი შემცვლელი. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება გადაწყვიტა.
საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას უახლოეს დღეებში დაამტკიცებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა. მისი თქმით, მანამდე უზრუნველყოფილი იქნება არსებული პოლიტიკის უწყვეტად გაგრძელება.
რას ამბობს კონსტიტუცია? ქვეყნის უმაღლესი კანონის მიხედვით, პარლამენტი პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს მმართველი პარტიის მიერ წამოყენებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და მის მიერ წარდგენილ მთავრობას.
კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის, ვახუშტი მენაბდის თქმით, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ანუ 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.
ასევე ნახეთ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია
გადაიდო საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა, რომელიც 19 თებერვალს ბაქოში უნდა გამართულიყო, გადაიდო. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის Twitter-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სააგენტო „ტრენდი“ იუწყება.
როგორც რადიო თავისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებული გარემოებების გამო, ვიზიტის განხორციელება ვეღარ მოხერხდა, პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ კი ერთობლივად იქნა მიღებული გადაწყვეტილება შეხვედრის გადადების თაობაზე.
სააგენტოს თანახმად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს ვიზიტი ბაქოში 18 თებერვალს იყო დაგეგმილი, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს აზერბაიჯანის დედაქალაქში 19 თებერვალს ელოდნენ.
5 პრემიერ-მინისტრი და მათი საბოლოო სიტყვა
2012 წლიდან დღემდე საქართველომ 5 პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა. მათ შორის ყველაზე დიდხანს პოსტი გიორგი კვირიკაშვილს ეკავა.
ყველა პრემიერმა დატოვა საბოლოო სიტყვა წასვლამდე. გიორგი გახარიამ იმ უთანხმოებაზე გააკეთა აქცენტი, რის გამოც მან გადადგომა გადაწყვიტა. ახსენა კონკრეტული მიზეზიც - ნიკა მელიას საკითხი.
გუნდთან შეუთანხმებელი საკითხების არსებობა იკითხებოდა გიორგი კვირიკაშვილის გამოსამშვიდობებელ გზავნილშიც. მისგან განსხვავებით, პირად და პარტიის მიღწევებზე აქცენტირებით წავიდნენ მამუკა ბახტაძე და ირაკლი ღარიბაშვილი.
პირველი კი იყო ბიძინა ივანიშვილი. თანამდებობის ოფიციალურად დატოვებამდე მან არაერთხელ განაცხადა, რომ ფიქრობდა რამდენიმე კანდიდატურაზე, რომელთაგან ერთ-ერთს თავის შემცვლელად დატოვებდა. „შემცვლელი“ ისევ ბრუნდება პრემიერის პოსტზე.
წაიკითხე მეტი თეა თოფურიას სტატიაში.
12 თებერვალს გავრცელებულ ხმებს მისი მოსალოდნელი გადადგომის შესახებ გახარიამ უპასუხა, რომ ის კი არ მიდის, არამედ მოდის. 18 თებერვალს გიორგი გახარია წავიდა.