თუკი სოციალურ ქსელებში ღარიბაშვილის დაბრუნებით გახარებული ადამიანების პოსტებს გადავხედავთ, ჩანს, რომ მათი დიდი ნაწილი ამ სიხარულს „ნაციონალური მოძრაობის“ „დასრულებისა“ და ოპოზიციაზე შურისძიების იმედთან აიგივებს.
რა კრიტერიუმებით შეარჩია „ქართულმა ოცნებამ“ ახალი (ძველი) პრემიერი, რომელიც ბევრს ხისტი გამონათქვამებითა და ქმედებებით ახსოვს?
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას შემცვლელზე ბევრი არ უფიქრიათ და მმართველ გუნდში ყველას მაშინვე ირაკლი ღარიბაშვილი გაახსენდა - ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც პრემიერის პოსტი პირველად 2013 წელს დაიკავა, 2015 წელს კი - დატოვა და ამ „დროული“ წასვლის გამო ბიძინა ივანიშვილის ქებაც დაიმსახურა.
რატომ ის და არა სხვა?
ამ შეკითხვებზე საპასუხოდ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მას ასე ახასიათებს:
„ეს ადამიანი ასოცირდება (ევროკავშირთან) ასოცირების ხელშეკრულებასთან - მათ შორის... ასოცირდება ძალიან ბევრ წარმატებულ პროექტთან; ასოცირდება საქმის და გუნდის ერთგულებასთან და შეგვიძლია ესეც დამატებით დაბეჯითებით ვთქვათ, რომ მას დაუგროვდა ძალიან დიდი გამოცდილება პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, პროფესიული თვალსაზრისითაც - ის არის წარმატებული მინისტრი...
თქვენ იცით, თავდაცვის სამინისტროს საქმიანობა რამდენად წარმატებულია - რამდენად გვაახლოებს ეს წარმატებები ნატოსთან... და როდესაც ჩვენი დეკლარირებული და გაცხადებული პოზიციაა, რომ 2024 წელს საქართველომ უნდა განაცხადოს დასაბუთებულად პრეტენზია ევროკავშირის წევრობაზე, მათ შორის - როდესაც კრიტერიუმებზე ვსაუბრობთ - ნატოსთან ასე წარმატებით მოთანამშრომლე მინისტრი, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ალბათ იმსახურებს, რომ ჩვენი ნდობა მოიპოვოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატის პოსტზე“.
თუმცა ოპონენტებისთვის ირაკლი ღარიბაშვილი სულ სხვა მოვლენებსა და თვისებებთან ასოცირდება. მისი წარსული პრემიერობისა თუ ამჟამინდელი მინისტრობის პერიოდიდან ისინი მრავლად იხსენებენ ფაქტებს, რომლებიც ღარიბაშვილის უკიდურეს სიხისტესა და კონფრონტაციულობაზე მეტყველებს.
„ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერი ანა ნაცვლიშვილი მაშინ საია-ში მუშაობდა და კარგად ახსოვს, თუ როგორ უპირისპირდებოდა 2014 წელს პრემიერი ღარიბაშვილი ე.წ. მოსმენების კანონის დასახვეწად მებრძოლ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
„ევროკავშირის წევრობის განაცხადზე ლაპარაკობს „ქართული ოცნება“ და პრემიერად ასახელებს ადამიანს, რომელიც არასამთავრობო სექტორს „ძირგამომთხრელს“ უწოდებდა... რაზე უნდა ვილაპარაკოთ... იმ წლებშიც კი, როცა „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ არ აჩვენებდა თავის ძალადობრივ ბუნებას, ღარიბაშვილი გამოირჩეოდა თავისი აგრესიული პოზიციონირებითა და კონფრონტაციით. ასევე გვახსოვს მისი კლანური ბექგრაუნდი და კორუფციული გადაჯაჭვულობებიც (ე.წ. კახური კლანი) და ხუმრობაში დარჩენილი ძალიან მწარე ამბავი - „ცოლის ნათესავი ნათესავი არ არის“ ... ბოლო პერიოდში კი ის წამოტივტივდა „დავითგარეჯის“ თემით“, - ეუბნება ანა ნაცვლიშვილი რადიო თავისუფლებას.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაზე": მოღალატე ძალა უნდა გაუქმდეს2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინ, როცა გაჩნდა ლოზუნგი „გარეჯი საქართველოა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მთავარი ოპოზიციური ძალის - „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმების საჭიროებაზე ალაპარაკდნენ, „კარტოგრაფების საქმის“ ფონზე ეს საკითხი თავდაპირველად სწორედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წამოჭრა.
ის ოპონენტებს მოღალატეებად, მანიაკებად, არარაობებად და სულელებად მოიხსენიებდა საქმეზე, რომელთან დაკავშირებულ საგამოძიებო პროცესსაც ჯერ არაფერი დაუდგენია და სამაგიეროდ - უამრავი კითხვა გააჩინა.
ოპონენტებს ღარიბაშვილის მისამართით ძალიან ბევრი კითხვა ჰქონდათ ანონიმურად გავრცელებულ ვიდეომასალებთან დაკავშირებითაც. იმხანად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ძალიან აღიზიანებდათ ირაკლი ღარიბაშვილისთვის სოციალურ ქსელებში შერქმეული ზედმეტსახელი - „ჰაკიმ ფაშა“.
ერთხელ ღარიბაშვილმა ოპონენტების გასაგონად ამ თემაზე ხუმრობაც გადაწყვიტა და თქვა, რომ ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული ვიდეომასალა ჰაკიმ ფაშას სახელით ინტერნეტში მან ატვირთა. 2014 წლის 19 მარტს ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, რომელიც შედგენილი იყო ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების შემდეგ გადაღებული და გარდაცვლილთა სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებების ამსახველი ფოტოებით. ჰაკიმ ფაშას სახელით ატვირთული ვიდეო საქართველოს მართლმსაჯულებამ განსახილველ მტკიცებულებად მიიჩნია.
ასევე ნახეთ მელია ღარიბაშვილის კანდიდატურაზე: შემიძლია დავიფიცო, დამთავრებულია "ქართული ოცნება“„ეს ადამიანი ყოველთვის გამოირჩეოდა სიძულვილის ენით, დაპირისპირებისკენ მოწოდებებით. გვახსოვს, როგორ გაამართლა მან ორგანიზებული თავდასხმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე. ამ განაცხადით ივანიშვილმა აირჩია ძალადობა ნაცვლად მშვიდობისა, აირჩია ესკალაცია ნაცვლად დეესკალაციისა... მაგრამ ჩვენ ჩვენი მოქმედებებით და, დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაინც შევინარჩუნოთ მშვიდობიანი გზა და ასე გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ კრიზისიდან“, - განაცხადა 17 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ.
მოელის თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა მელიას დაკავებას ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პირობებში?
რადიო თავისუფლების ამ შეკითხვას ბოკუჩავამ უარყოფითი პასუხი გასცა. მისი აზრით, „პუტინისეული დიქტატურის დამყარებას საქართველოში არავინ დაუშვებს“ და „ეს მხოლოდ უსუსური მცდელობაა“.
ექსპერტების ერთი ნაწილი თვლის, რომ ოპონენტების მიმართ აგრესიულად განწყობილი პრემიერი ვერ შეძლებს ქვეყანაში არსებული მზარდი პოლარიზაციის აღმოფხვრას.
თუკი სოციალურ ქსელებს გადავხედავთ, ჩანს, რომ ღარიბაშვილის კვლავ გაპრემიერებით გახარებული ფეისბუკის მომხმარებელთა ნაწილი მისგან სწორედ ოპონენტების „დასრულებას“ ელოდება:
- „ირაკლი თუ გადატეხავს ნაცებს... წარმატებები და ველოდები მათ დასრულებას არავითარი კოჰაბიტაცია“;
- „დავით გარეჯის თემაც ირაკლისია...“;
- „რა ხანმოკლე აღმოჩნდა მაგათი (ოპოზიციის) სიხარული... წარმატებები ირაკლის“;
- „ახლა ნამდვილად იქნება ნაცების დასასრული“.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი, თენგიზ ფხალაძე „სიურპრიზსა“ და „უნიკალურ სიტუაციას“ უწოდებს იმ ფაქტს, რომ პრემიერად არ დასახელდა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ანდა გენერალური მდივანი, როგორც ეს უნდა ხდებოდეს საპარლამენტო რესპუბლიკაში, სადაც პრემიერის პოსტს ტოვებს მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი (ამ შემთხვევაში - გიორგი გახარია).
ფხალაძე დიდი ინტერესით ელოდება, თუ როგორ დააკომპლექტებს ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტს. „ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად მიეკუთვნება იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არ ერიდებიან ხისტ გადაწყვეტილებებს... მაგრამ ვნახოთ, შევხედოთ, როგორ დააკომპლექტებს გუნდს... დიდი სურვილი მაქვს, რომ ახალმა მთავრობამ აირჩიოს არა ოპონენტების მორევის გზა, არამედ აირჩიოს ეროვნული კონსენსუსის გზა. გაღრმავებული პოლარიზაციის დასაძლევად აუცილებელია დიალოგი. პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთი გზა მოლაპარაკებები უნდა იყოს“, - ეუბნება ფხალაძე რადიო თავისუფლებას.