მდინარაძე ასახელებს პრემიერობის კანდიდატად ღარიბაშვილის შერჩევის კრიტერიუმებს

მამუკა მდინარაძე

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე არ უკავშირებს მმართველი პარტიის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს. „ძალიან სპეკულაციურია იმ ადამიანზე საუბარი, რომელიც აბსოლუტურად დისტანცირებულია პოლიტიკისგან, არამხოლოდ ჩვენი პარტიისგან“, - თქვა მან.

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, ღარიბაშვილს მხარდაჭერა პრაქტიკულად გარანტირებული აქვს საქართველოს პარლამენტში. ის ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება გააცნეს ფრაქცია „ქართულ ოცნებას“.

მდინარაძემ დაასახელა კრიტერიუმები, რომლითაც შეარჩიეს ღარიბაშვილის კანდიდატურა.

„ადამიანი [ირაკლი ღარიბაშვილი] გამოირჩევა პროფესიონალიზმით და თავის დროზე ეს დაამტკიცა. ეს ადამიანი ასოცირდება ასოცირების ხელშეკრულებასთან, მათ შორის. ასოცირდება ძალიან ბევრ წარმატებულ პროექტთან, მათ შორის საქმის და გუნდის (რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია) ერთგულებასთან. შეგვიძლია, დღეს დამატებით, დაბეჯითებით ვთქვათ, რომ მას დაუგროვდა ძალიან ბევრი პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, პროფესიული თვალსაზრისითაც. ის არის წარმატებული მინისტრი. თქვენ იცით, თავდაცვის სამინისტროს საქმიანობა, რამდენად წარმატებულია, რამდენად გვაახლოებს ეს საქმეები NATO-სთან“, - ამბობს მდინარაძე.

დეპუტატს მიაჩნია, რომ ღარიბაშვილს მნიშვნელოვანი როლი ექნება, როდესაც 2024 წელს საქართველო განაცხადებს ევროკავშირის წევრობის სურვილს.

მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილეით, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება გიორგი გახარიამ დღეს, 18 თებერვალს, მიიღო.

გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და ამის მიზეზად დაასახელ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა.