მარტიდან დასაქმებულების სამუშაო საათებს დაითვლიან

1 მარტიდან კომპანიებისთვის სავალდებულო ხდება აღრიცხონ თანამშრომლების სამუშაო საათები. ახალი წესი დასაქმებულს შესაძლებლობას აძლევს დააფიქსიროს ის საათები, რომელიც ზეგანაკვეთურად იმუშავა და მოითხოვოს მათი ანაზღაურება.

ახალი წესი, რომლის მიხედვითაც დასაქმებულების შრომის საათები უნდა აღირიცხოს, ეხება როგორც ბიზნესკომპანიებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ფორმის შევსების ვალდებულება აქვს შრომის კოდექსს დაქვემდებარებულ დამსაქმებელს. საჯარო სექტორი არ ექვემდებარება შრომის კოდექსს, ამ ნაწილში მათზე ვრცელდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონი“, - ამბობს შრომის ინსპექციის სამსახურის იურისტი ნატო ნათენაძე.

ვინ მუშაობს, ვინსაჩკაობს

ირაკლი ბუღალტერია საწარმოში, რომელიც სამშენებლო მასალებს აწარმოებს. მუშები ობიექტებზე დღის განმავლობაშიც მუშაობენ და ღამეც, რადგან ზოგჯერ დღისით ობიექტები დაკავებულია.

ჩვენთვის ბევრი არაფერი შეიცვლება. ოფიციალურად ვმუშაობთ ცხრიდან ექვს საათამდე, შეიძლება - შვიდის ნახევრამდე, შვიდამდეც, მაგრამ მერეც, თუ საჭიროა მუშაობა და მეორე ცვლა არაა, ვუნაზღაურებთ. მაგალითად, თუ ხელოსანს დღე საათში 30 ლარი აქვს, ზედმეტად ნამუშევარშიც საათში 30 ლარს ვუხდით. ბიჭებს უხარიათ კიდეც 6-ის მერე დარჩენა, მეტი ფული გამოსდით, მაგრამ რეგულარულად ასე ვერ გააკეთებ. დაღლილები რომ არიან, შრომისუნარიანობა კლებულობს, ერთი-ორი დღე კი მუშაობენ კარგად, მაგრამ მერესაჩკაობენ“.

რამდენი საათი მუშაობ რეალურად?

ახალი წესის თანახმად, ფორმა, სადაც ნამუშევარი თუ გაცდენილი საათები აღირიცხება, შეიძლება იყოს წერილობითი ან ელექტრონული. ის ან ყოველდღიურად უნდა შეავსონ, ან თვეში ერთხელ. ცვლაში მუშაობისას ამ ფორმას თან ერთვის ცვლის განრიგიც. დამსაქმებელი ვალდებულია გამოყოს თანამშრომელი, რომელიც ფორმის შევსებაზე იქნება პასუხისმგებელი.

შევსებისას გრაფებში უნდა მიეთითოს თვის განმავლობაში რამდენი დღე და საათი იმუშავა დასაქმებულმა და რამდენი საათი იყო აქედან ზეგანაკვეთური. ასევე ცალკე ითვლება ღამით (22:00-6:00) და დისტანციურად ნამუშევარი საათები, გაცდენილი და უქმე დღეები, ანაზღაურებადი თუ უხელფასო შვებულება.

აქამდე არსებობდა საფრთხე, რომ დამსაქმებელს არანორმირებული სამუშაო დროც ჩვეულებრივ საქმიანობაში გაეყვანა“, - ამბობს ნატო ნათენაძე.

სამუშაო საათების აღრიცხვის დოკუმენტს დასაქმებული თვის ბოლოს ეცნობა. თუ რამეს არასწორად ჩათვლის, შეუძლია თავისი პრეტენზია იქვეც გამოხატოს და შრომის ინსპექციასაც აცნობოს. დოკუმენტი კომპანიაში წლის განმავლობაში რჩება. თუ ორგანიზაციაში შრომის ინსპექცია შემოვიდა და სამუშაო საათების ფორმაში რამე შეუსაბამობა იპოვა, კომპანია დაჯარიმდება. ჯარიმა განისაზღვრება ინდივიდუალურად - კომპანიის ფინანსური ბრუნვის მასშტაბის მიხედვით.

თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც დამსაქმებელს შეუძლია არ აღრიცხოს რამდენი ხანი იმუშავა ამა თუ იმ თანამშრომელმა.

არსებობს საქმიანობების კატეგორია, რომელსაც არა აქვს მკაცრად განსაზღვრული ვადა სამუშაოს შესასრულებად. ასეთი შეიძლება იყოს მრჩეველი ან რომელიმე პროექტის დასკვნის მოსამზადებელი სამუშაო. დამსაქმებელმა თავად უნდა ამტკიცოს, რომ ეს გამონაკლისი, მართლაც, გამონაკლისია და, მართლაც, შეუძლებელი იყო მისი აღრიცხვა“, - ამბობს ნატო ნათენაძე.

ახალი წესი კოვიდის პირობებში

უკვე 15 წელი იქნება, რაც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) თანამშრომელთა სამუშაო საათების აღრიცხვის სისტემას იყენებს - ოფისში მოსული ელექტრონული ბარათით აფიქსირებს მოსვლის დროსაც და გასვლისაც.

საერთაშორისო დონორებმა მოგვთხოვეს ამის გაკეთება. კონსოლიდირებულითაიმშიტიც“ (აღრიცხვის ფორმა) კი გვქონდა, რომელშიც ყველა აღრიცხავდა, რომელ საქმიანობაზე რა დრო დახარჯა. თუ შეხვედრაზე გადიოდა, ამასაც კი აღრიცხავდით. ახლა, პანდემიის დროს, როცა დისტანციურად მუშაობენ, „თაიმშიტებსისევ ავსებენ, მაგრამ ოფისში ტაბელზე დაფიქსირება აღარ გამოდის. მაინც ნდობის საკითხია. მიკვირს კიდეც, როცა ერთ დღეს ან ორ საათს იღებენ ხოლმე ექიმთან მისასვლელად. ისედაც ვინ აკონტროლებს, სად წავა“, - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნანა ჯანაშია.

ახალი წესი რამდენიმე დღეში ამოქმედდება. შრომის ინსპექციაში აცხადებენ, რომ ფორმაში ისედაც იყო გრაფა დისტანციური შრომის ასასახავად, ამიტომ ახალი კორონავირუსის გამო შეცვლილი სამუშაო გარემო გრაფის შევსებას ხელს არ შეუშლის. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა შეამოწმოს დამსაქმებელმა დასაქმებული, ნატო ნათენაძე ამბობს, რომ ამის ერთ-ერთი საშუალებაა შესრულებული სამუშაო.