საია და EMC ეხმიანებიან ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის შეფარდებას

ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

საია და EMC ნიკა მელიას მიმართ საპატიმრო ღონისძიების შეფარდებას კრიტიკულად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება აჩვენებს შერჩევითი, პოლიტიკურად ნაკარნახევი მართლმსაჯულების ნიშნებს. ორგანიზაციები მოუწოდებენ პოლიტიკურ ლიდერებს, დაიწყონ კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად და თავიდან აიცილონ საზოგადოების პოლარიზაცია, ვითარების კიდევ უფრო რადიკალიზება და ძალადობრივ რეჟიმში გადაყვანა.

„სამწუხაროდ, 20-21 ივნისის მოვლენები დღემდე არ არის სახელმწიფოს მიერ ეფექტიანად გამოძიებული და არ არის დადგენილი სამართალდამცავების, მათ შორის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა მანიფესტანტების წინააღმდეგ დისპროპორციული, დაუსაბუთებელი ძალის გამოყენებისთვის. ამ მოვლენებიდან თითქმის 20 თვის გასვლის მიუხედავად, დღემდე არ არის გამოკვეთილი, ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს საპოლიციო შენაერთების მართვასა და კონკრეტული იძულების ღონისძიებების გატარების თაობაზე. პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია შსს-ს მხოლოდ 3 თანამშრომლის მიმართ. სამწუხაროდ, დაშავებულ პირთა უმრავლესობას პროკურატურა ამ დრომდე დაუსაბუთებლად არ ანიჭებს დაზარალებულის სტატუსს. მათ შორის, საიას დაცვის ქვეშ მყოფი 27 დაზარალებულიდან (აქედან 11 ჟურნალისტია) ამ დროისთვის სტატუსი მხოლოდ 3-ს აქვს მინიჭებული.

ნიკა მელიას მიმართ მიმდინარე საქმის ქრონოლოგია და განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ გადაწყვეტილებები საქმეზე მიიღება პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით, რაც პროკურატურისა და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების კიდევ ერთი გამოცდილებაა“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომლის თანახმადაც კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებითაც, რამდენად დასაბუთებულად იყო ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება.

„17 თებერვალს გამართულ პროცესზე, საქმის პროკურორის მთავარი არგუმენტი, თუ რატომ უნდა იყოს გამოყენებული ბრალდების მიმართ პატიმრობა, იყო ნიკა მელიას დემონსტრაციული დაუმორჩილებლობა მანამდე მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებების პირობებისადმი. თუმცა, პროკურორს არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც დაამკაყოფილებდა ქართული კანონმდებლობით პატიმრობის გამოყენების წინაპირობებს. კერძოდ, პროკურორს არ უჩვენებია, რომ 1. არსებობს ბრალდებულის მიმალვის და ამ გზით მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის; 2. მის მიერ მტკიცებულების მოპოვებისთვის ხელის შეშლის, 3. ან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკები“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელშიც საუბარია ასევე საქმის პოლიტიკურ მხარეზე. კერძოდ, განცხადების მიხედვით, საქმე კიდევ ერთხელ აჩვენებს წამყვანი პოლიტიკური ძალების უუნარობას, შექმნან დემოკრატიული, კონსტრუქციული დიალოგი.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"და "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და გამოიყენოს ყველა ზომა პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკების გზით გადაჭრისა და პროცესების დეესკალაციის მიზნით. ორგანიზაციები მიმართავენ ხელისუფლებას, უზრუნველყოს 2019 წლის 20 ივნისს ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევების ეფექტიანი გამოძიება და შესაბამისი პირების, მათ შორის, აქციის დაშლაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირების დასჯა.

ორგანიზაციების მიმართვის ადრესატები არიან ასევე პოლიტიკური პარტიები და სამართალდამცავი უწყებები. ამ უკანასკნელს საია და EMC მიმართავენ, არ გამოიყენონ ძალისმიერი მეთოდები ნიკა მელიას საქმეზე, რაც მათი შეფასებით, კიდევ უფრო დაამძიმეს შექმნილ სიტუაციას და შეამცირებს მათ მიმართ საზოგადოებრივ ნდობას.

17 თებერვალს ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას ადრე შეფარდებული აღკვეთის ზომა - გირაო პატიმრობით შეუცვალა. პროკურატურამ მელიას დაპატიმრება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საქართველოს პარლმენტში "ქართული ოცნების" უმრავლესობამ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

აქციაზე, რომელიც დემონსტრანტების ერთი ნაწილის პარლამენტში შესვლის მცდელობის შემდეგ მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან.

ნიკა მელია აცხადებს, რომ მისი წინააღმდეგ ხელისუფლებას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია და "ქართული ოცნება" გავრილოვის დავალებას ასრულებს. მელია 17 თებერვალს სასამართლოს სხდომას არ დასწრებია.

დღეს დილით, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში მივიდნენ შსს-ს თანამშრომლები. მათ შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს მელიას მხარდამჭერებმა. ერთ-ერთი გამომძიებელი აცხადებდა, რომ ნიკა მელია იმყოფება შენობაში და მათი მიზანია სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ "ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო". ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო 18 თებერვალს თანამდებობა დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.