ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე შესვლამდე მან მცირე კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან და სოლიდარობა გამოხატა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით:
„თქვენ ყველამ იცით, რომ ლიეტუვის რესპუბლიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს. ჩვენ ვმუშაობთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან წარმატების მისაღწევად ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ. მე აქ ვარ იმისათვის, რომ გამოვხატო სოლიდარობა მიმდინარე მოვლენების მიმართ და ცხადია, გვაშფოთებს ისეთი მომავალი, რომელიც შესაძლოა არაპროპორციული ზომების მიღებამ გამოიწვიოს".
სალომე სამადაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ლიეტუვის ელჩი აპირებს, იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვამდე:
"პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავს მხოლოდ ის, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს პოლიტიკური დევნა ნიკა მელიას წინააღმდეგ, გათავისუფლდეს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, ამის შემდგე შეიძლება გავაგრძელოთ მოლაპარაკებები და მივაღწიოთ შეთანხმებას ვადამდელ არჩევნებზე. დროა, ეს გააცნობიეროს ხელისუფლებამ".
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ოპოზიციური პარტიების სახელით განცხადება გააკეთა. ის ფასილიტატორების შუამავლობით, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დანიშვნის მოთხოვნით.
18 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გუნდში შეთანხმების მიუღწევლობის გამო ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.
17 თებერვალს ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას ადრე შეფარდებული აღკვეთის ზომა - გირაო პატიმრობით შეუცვალა. პროკურატურამ მელიას დაპატიმრება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საქართველოს პარლამენტში "ქართული ოცნების" უმრავლესობამ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.
ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.
აქციაზე, რომელიც დემონსტრანტების ერთი ნაწილის პარლამენტში შესვლის მცდელობის შემდეგ მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან.
17 თებერვალს, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების აღსრულება შსს-ს დაავალა.