რა ხდება, როცა თანამდებობას ტოვებს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე, მთავრობის მეთაურის მოვალეობას ასრულებს ვიცე-პრემიერი, მინისტრები განაგრძობენ მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.

პარლამენტი პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს მმართველი პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის, ვახუშტი მენაბდის თქმით, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ანუ 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს.

თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. როგორც მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მან მმართველ გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია. გახარიას თქმით, ასეთი ღონისძიება მხოლოდ მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც ესკალაციის არანაირი რისკი არ იარსებებს.

ნაციონალური მოძრაობის ოფისში სამართალდამცველები დილას იყვნენ მისულები, თუმცა მათ ენმ-ის ოფისში შესვლის საშუალება არ მისცეს.

სასამართლომ 17 თებერვალს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, ნიკა მელია, სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, აქტივისტები და მათი მხარდამჭერები ნაციონალური მოძრაობის ოფისში არიან შეკრებილები და ამბობენ, რომ ნიკა მელიას დასაპატიმრებლად სახელმწიფოს მოუწევს მათზე ძალის გამოყენება.