გიორგი გახარია პრემიერობიდან გადადგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და ამის მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა.

გიორგი გახარიას თქმით, ნიკა მელია, რომელსაც სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, არის ადამიანი, რომელიც კანონმდებლობას დიდად პატივს არასდროს სცემდა და ადამიანი, რომელიც 20 ივნისს, მოქალაქეებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ და პარლამენტში შეჭრის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

„მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ, ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი. დღეს განსაკუთრებით, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაცია თვითონ ქვეყნის განვითარების და შემდგომ ქვეყნის უსაფრთხოების რისკებს ქმნის, მაშინ როდესაც ჩვენ ყველანი ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვებრძვით გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონალურ გამოწვევებს და რაც მთავარია, ვებრძვით პოლარიზაციას, რათა უკეთესი მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკები და არ იარსებებს არანაირი რისკი, მიუხედავად პოლიტიკური მიზანშეწონილობის, ან პოლიტიკური ორიენტაციისა მთითოეული ჩვენი მოქალაქის და რაც მთავარია, არ შექმნის არანაირ საბაბს ქვეყანაში ესკალაციის. იქიდან გამომდინარე, რომ მე სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად, ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მჯერა და მინდა, მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენ შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია პრემიერის თანამდებობას 2019 წლის 8 სექტემბერიდან იკავებდა. მის პრემიერობას წინ უძღოდა 20 ივნისის აქციის დარბევა - ამ დროს გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. აქციის დარბევის შემდეგ აქტივისტები 3 თვის განმავლობაში პერმანენტული საპროტესტო აქციებით მოითხოვდნენ შს მინისტრის თანამდებობიდან მის გადადგომას.