„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში მივიდნენ შსს-ს თანამშრომლები. მათ შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს მელიას მხარდამჭერებმა.
ერთ-ერთი გამომძიებლის განცხადებით, ნიკა მელია იმყოფება შენობაში და მათი მიზანია სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა შსს-ს წარმომადგენელს უთხრა, რომ შეუძლია დოკუმენტი თავად ჩაიბაროს, რაზეც უარი მიიღო.
შსს-ს წარმომადგენლები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შესასვლელში შეკრებილებს აფრთხილებდნენ, რომ წინააღმდეგობის გაწევა კანონით ისჯება.
გამომძიებლებმა ოფისის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, მანამდე კი განაცხადეს, რომ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
17 თებერვალს ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას ადრე შეფარდებული აღკვეთის ზომა - გირაო პატიმრობით შეუცვალა. პროკურატურამ მელიას დაპატიმრება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საქართველოს პარლმენტში "ქართული ოცნების" უმრავლესობამ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.
ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.
აქციაზე, რომელიც დემონსტრანტების ერთი ნაწილის პარლამენტში შესვლის მცდელობის შემდეგ მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან.
17 თებერვალს, მოამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების აღსრულება შსს-ს დაავალა. მელია, რომელიც სასამართლოში სხდომას არ დასწრებია და ამჟამადაც "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში იმყოფება, სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად. ისინი აცხადებენ, რომ ნიკა მელიას დაპატიმრებას არ დაუშვებენ.