"პრაქტიკაში რაღაც ხდება პირველად" - პროკურორი მელიასთვის მეორედ შეფარდებულ გირაოზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე, რომელზეც ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების საკითხს განიხილავენ, დაცვის მხარე დაინტერესდა საქართველოში არსებული პრაქტიკით.

ადვოკატმა პროკურორს ჰკითხა, გქონიათ თუ არა პრაქტიკა, ბრალდებულისთვის შეფარდებული გირაოს გამკაცრების ღონისძიებად გამოგიყენებიათ გირაოს გაზრდა? პროკურორმა აღნიშნა: „სამართალი მხოლოდ ინტერპრეტაციაა“. მისი თქმით, ის არ არის ზუსტი მეცნიერება. პროცესზე მყოფმა კიდევ ერთმა ბრალმდებელმა აღნიშნა: „იყო - არ იყო პრაქტიკაში? პრაქტიკაში რაღაც ხდება პირველად“.

ადვოკატის შეფასებით, „ცხადია, ეს ყველაფერი პირველად იმიტომ ხდება, რომ ნიკა მელიას საქმეა“. დაცვის მხარე ინტერესდება, რატომ დგება თავდაყირა მანამდე არსებული სამართლებრივი პრაქტიკა?

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი (რაც მელიამ გადაიხადა) და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.

ამის შემდეგ, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მას სასამართლომ 40 000 ლარით გაუზარდა გირაოს თანხა. სწორედ, ამ თანხის გადაუხდელობის გამო მოითხოვს ბრალდების მხარე მელიას პატიმრობას.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.