დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში ადგილობრივ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ მესამე დღეა, კავკასიონის ქედის ორივე მხარეს გადაუღებლად თოვს და ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
ტრანსკავკასიური მაგისტრალი ორშაბათ ღამით დაკეტეს და როდის გაიხსნება, დე ფაქტო სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ. უწყების ხელმძღვანელი აცამაზ ცოცითი ამბობს, რომ ავტომაგისტრალის როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ მონაკვეთზე ძლიერი თოვა არ წყდება. გუშინდელი დღის შემდეგ თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს გადააჭარბა.
ტრანსკავკასიური მაგისტრალი გადის მაღალ მთებში, კვეთს ოთხ ქედს და ათ ხეობას. ზამთარში ტრანსკავკასიური მაგისტრალი, უხვი ნალექის დროს მთიანი რელიეფისთვის დამახასიათებელი ზვავების გამო, ხშირად პრობლემურია. ამიტომ დე ფაქტო რესპუბლიკა რამდენიმე დღის განმავლობაში მოწყვეტილია ხოლმე გარესამყაროს. ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეგრეთ წოდებული გადასასვლელები ჩაკეტილია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიისკენაც. ამდენად, ახლა ოკუპირებული ცხინვალი სრულ იზოლაციაშია მოქცეული.
უხვმა ნალექმა არანაკლები სირთულეები შექმნა საქართველოს გზებსა და მაგისტრალებზე. სოციალურ ქსელში მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა მთავარ მაგისტრალზე დაზიანებული მანქანების ფოტოები. გორში გაუწმენდავი გზების გამო დილიდან ვერ მუშაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მიმართ კი შეზღუდვები მოქმედებდა.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო საავტომობილო გზებზე გარკვეული სახის შეზღუდვები დაწესდა.
შეიზღუდა მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მონაკვეთზე. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის (ნატახტარი-ხუნევი) მონაკვეთზე აიკრძალა მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სატვირთო ავტომანქანები აგარასა და სურამთან იყო გაჩერებული. მძღოლების თქმით, საგზაო დეპარტამენტმა გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა დააგვიანა, რის გამოც დილიდანვე შეიქმნა პრობლემები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, ამიტომ აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სინოპტიკოსები მომდევნო დღეებშიც ნალექს, ყინვასა და ქარს პროგნოზირებენ.