ანტარქტიდა ქართველი თვითმხილველების თვალით

ხანდახან გგონია, რომ ეს კონტინენტი მხოლოდ რუკაზეა დახატული და სინამდვილეში არ არსებობს. ასე ხდება, როცა არავის იცნობ, ვინც იქ ერთხელ მაინც არის ნამყოფი. ანტარქტიდაში საქართველოდან სულ რამდენიმე ადამიანია ჩასული. მათგან ისინი, ვინც იქ საბჭოთა ექსპედიციების დროს იყო, ახლა ცოცხლები აღარ არიან, თუმცა დატოვეს მოგონებები - გამოცდილება, რომელიც სხვას არაფერს შეედრება.

ანტარქტიდა შორია და ძვირი - ალბათ, ეს არის მიზეზი, რომ ამ კონტინენტს ბევრი სტუმარი არა ჰყავს, განსაკუთრებით, ღარიბი ქვეყნებიდან. აქ ან მკვლევრები მიდიან, ან კინომატოგრაფისტები, ან ტურისტები, რომლებმაც ამ მოგზაურობაში ათიათასობით დოლარი გადაიხადეს.

საბჭოთა კავშირის დროსაც კი მხოლოდ გარსევან კურდღელაიძე და ლაშარ ფულარიანი მოხვდნენ საქართველოდან. თანამედროვე დროში, თუ მოინდომე, ზელანდიიდან უკვე ტურისტადაც ჩახვალ. ანტარქტიდას მეცნიერები დღემდე აქტიურად სწავლობენ, რადგან ის მდიდარია რესურსებით და, ამასთან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჰაერის მასების გადაადგილების კუთხით“, - ამბობს გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი.

ალბატროსი სამმეტრიანი ფრთებით

ანტარქტიდის პირველი ქართველი მკვლევარი, გარსევან კურდღელაიძე, უკიდურესი სამხრეთით მდებარე კონტინენტზე 1957 წელს ჩავიდა და იქ სამი წელი გაატარა. სახლში დაბრუნებულმა დაწერა წიგნი „ანტარქტიდის დღიური“, რომელიც 2020 წელს, მისი დაბადებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ხელმეორედ გამოიცა.

გარსევან კურდღელაიძე გემზე

„ღამით რამდენიმე ვეშაპზე მონადირე გემი წამოგვეწია... დღისით მოგვაცილებდნენ უზარმაზარი ალბატროსები, რომელთა გაშლილი ფრთების სიგრძე სამ მეტრს აღემატება... როგორც კი გემიდან ნარჩენებს გადაყრიან, მაშინვე დაესევიან, პურისა და ხორცის ნაჭრებს შესანსლავენ და შემდეგ ისევ წამოგვეწევიან. ზღვის ცხოველებიდან დავინახეთ ზვიგენები და მფრინავი თევზები. საღამო ჟამს კი შორს ვეშაპების სუნთქვით წარმოშობილი შადრევნები ჩანდა („ანტარქტიდის დღიური“).

კონტინენტი ბაქტერიების გარეშე

ინჟინერ-აეროლოგი ლაშა ფულარიანი ანტარქტიდაზე 1974 წლის ექსპედიციას გაჰყვა. მოგონებებში, რომელიც შემდეგ წიგნად („ანტარქტიდა - სამხრეთის იდუმალი მიწა“) გამოიცა, ის წერს:

ყინულის მოზრდილ და საშუალო ზომის ნაჭრებზე ჯგუფებად წამოწოლილი ზღვის ლომები აბსოლუტურად არავითარ დაინტერესებას არ იჩენდნენ ჩვენს მიმართ: წყალში ჭყუმპალაობდნენ, კოტრიალობდნენ, შეყვარებულები კი თავაწეულები ეფერებოდნენ ერთმანეთს. პინგვინები, ეს ადამიანების შემდეგ ყველაზე ცნობისმოყვარე არსებანი, ჩამწკრივებულნი, „სმენაზეგაჭიმულები, თითქოს საზღვაო აღლუმს იღებენ ჩვენგანო, ისე გვაცილებდნენ. ადელის ჯიშისანი ზომით პატარები არიან, მოძრაობა ძალიან სასაცილო აქვთ. ერთი სიტყვით, ასე გემრიელად, რაც სახლიდან წამოვედი, არ მიცინია. მერე ყინულის სისქემ უფრო იმატა და ჩვენი მოძრაობაც შენელდა იმდენად, რომ ერთი პატარა პინგვინი 4-5 საათის განმავლობაში მოგვსდევდა ხან ხტუნვით, ხან მუცელზე ხოხვით“.

ლაშარ ფულარიანი (მარჯვნივ) და პინგვინების კოლონები

რაც უფრო უახლოვდებოდნენ კონტინენტს, ყინულმჭრელ გემს მით უფრო უჭირდა. 50 კმ-ის გავლას დღეები მოანდომეს. ხანდახან ყინულზე გადადიოდნენ და გზის გაკვალვაში თავად ეხმარებოდნენ ხომალდს. შუა მუშაობაში ერთხელ ასამდე პინგვინი დაადგათ თავზე. ერთი დაიჭირეს, მაგრამ წივილი ატეხა და შეეშვნენ. მერე კონტინენტზეც ხშირად მიდიოდნენ პინგვინების კოლონების სანახავად. ცხოველებს ანტარქტიდაზე ხალხის არ ეშინიათ და არც მათ დანახვაზე გარბოდნენ.

ასეთ ტემპერატურულ რეჟიმში ნავთი მყარდება, რკინის კასრს ნაჯახის ერთი დარტყმით ძირი ძვრება, ციგის დამსხვრევა შეიძლება ჩაქუჩის რამდენიმე დარტყმით. მარტის თვეში, იქაური შემოდგომის დასაწყისში, მზიან უქარო ამინდში ტემპერატურა მინუს 50 გრადუსს აღწევს, მაგრამ მზის რადიაცია იმდენად ძლიერია, მისი არეკვლა ყინულოვანი ზედაპირიდან იმდენად დიდი, ხოლო ჰაერი იმდენად გამჭირვალე, რომ წყლის დასამზადებლად თოვლის ხერხვის დროს ტანთ გავიხადეთ. აღსანიშავია, რომ ასეთ პირობებში შავი საგნები (მათ შორის კლდოვანი მასივები) +40 გრადუსამდეც კი ხურდება“.

გემი ყინულოვან ზღვაში

ანტარქტიდაზე ბაქტერიები ნაკლებია, ამიტომ ჭრილობა ძნელად ხორცდება, სამაგიეროდ, გრიპი აქ არავის სჭირს და, კიდევ, პროდუქტი ინახება იმდენად კარგად, რომ საწყობში 15 წლის წინანდელი მარილიანი ბისკვიტები იპოვეს და დილით ყავას შეატანეს. რკინას ჟანგი არ ედება, ხის საგნები დაელექტრიზებულია, გარეთ კი თითქმის ყოველი დღე ქარიშხლიანია. აქ თვითმფრინავები ძაღლებივით ჰყავთ დაბმული.

ერთხელ ძველ, მიტოვებულ შენობაში მივედით და ფანჯარასთან თოვლის დიდი გორა აღმოვაჩინეთ. ვერაფრით ვერ მივხვდით, საიდან შეიძლებოდა შემოეღწია. ბოლოს ფანჯრის კუთხეში წვრილი, ნემსის წვერიც რომ არ გაეტეოდა, ისეთი ნახვრეტი აღმოვაჩინეთ! საოცარია, ჰაერში თოვლის ასეთი მასა ტრიალებს და ჰაერი მაინც საშინლად გამომშრალია. ეს თოვლი აქ მოსული კი არაა, კონტინენტის სიღრმიდან მოაქვს ქარს. გზაში აწვალებს, აწვრილმანებს და მტვრად აქცევს ისეთნაირად, რომ თვალში როგორც ქვიშა, ისე გხვდება, ყველა წვრილ და უწვრილეს ნახვრეტში იპარება და დროზე თუ არ დაუკეტე გზა, ნებისმიერ სივრცეს ამოავსებს“.

ვეშაპებზე მონადირეები

თოკით და ველოსიპედით

ანტარქტიდაზე ნამყოფია მოგზაური ჯუმბერ ლეჟავაც, რომლის ოცნება და მიზანი მსოფლიოს ველოსიპედით შემოვლა იყო.

ბატობ ჯუმბერს კარგად ვიცნობდი. თავად მომიყვა, რომ ბუეოს აირესის აეროპორტში აზიდვები გააკეთა. ამ სანახაობაში აღებული ჰონორარით კი ანტარქტიდაში გადაფრინდა, სადაც 200 მეტრი გაიარა სამთო ველოსიპედით“, - ჰყვება გიორგი დვალაშვილი.

ბენო ქაშაკაშვილი კი ანტარქტიდაში მწერვალ ვინსონის დასაპყრობად მოხვდა. 2002 წლის დეკემბერი იყო - დრო, როცა ანტარქტიდაზე ზაფხული, დანარჩენ მსოფლიოში კი ზამთარი დგას. სამი ალპინისტი ჯერ ჩილეში ჩაფრინდა, იქიდან კი ანტარქტიდისკენ აიღეს გეზი.

„12-ჯერ მივედით აეროპორტში და უკან მოვტრიალდით. ანტარქტიდაზე ნავიგაცია არ არის და მთლიანად ამინდზეა დამოკიდებული ფრენა“, - იხსენებს ის.

ბენო ქაშაკაშვილს ანტარქტიდაზე იდეალური სისუფთავე დახვდა. ნაგავი რაც რჩება, ისევ თვითმფრინავით გამოაქვთ უკან. დახვდა „გაჩერებული“ დროც - ანტარქტიდაზე შეიძლება თვეების განმავლობაში არ გათენდეს, ან, პირიქით, არ დაღამდეს. უბრალოდ, ამინდი იცვლება. ღრუბლიან ამინდში გგონია, ცას თხილამურის ჯოხით მისწვდები.

ბენო ქაშაკაშვილი

„აქ ყველაფერი სხვანაირია - თოვლიც, ყინვაც... სხვა პლანეტაა. მთათა მასივები 3000 -5000 სიმაღლისაა, მაგრამ ჩვენ როგორი მთებიც წარმოგვიდგენია, ისეთი არაა. სტადიონივით ბრტყელი რელიეფია და უცებ ამ რელიეფზე პირამიდებივით დგას მთები. ანტარქტიდაში რთული ისაა, რომ არავინ არაა. სხვაგან რომ ხარ, რომელიმე მწვერვალზე, იცი, რამდენიმე კილომეტრს გაივლი და მერე ბაზა იქნება. აქ - არა,- ჰყვება ბენო ქაშაკაშვილი.

ეს გრძნობა უფრო ადრე ლაშარ ფულარიანმა ასე აღწერა:

არავითარი სულიერი არსება ირგვლივ არ არსებობს. კანი ერთხელაც არ მოგეფხანება, არც კოღო გიკბენს, არც ბუზი დაგაჯდება, არც ჭიანჭველა გადაგივლის. ამას წინათ, მორიგეობის დროს, ხახვს ვარჩევდი და ყუთიდან რამდენიმე ქინქლა ამოფრინდა.

ვუყურებდი და გამეცინა - კაცს ქინქლას დანახვა როგორ უნდა გაეხარდეს ასე“.