ზაზა გახელაძე არ აპირებს დე ფაქტო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას

ცხინვალის ციხის უკანონო პატიმარი, ზაზა გახელაძე უარს ამბობს, დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს კოლეგიაში გაასაჩივროს მისთვის 5 თებერვალს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

ზაზა გახელაძის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ზაზას უარი, რომლის მიზეზი ჯერჯერობით არ იცის, ადგილობრივმა ადვოკატმა შეატყობინა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ გახელაძემ სამხედრო მოსამსახურეს ესროლა, თუმცა, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.

ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის მისჯა საქართველოს ხელისუფლების გარდა დაგმეს დასავლეთის სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აგრძელებს მუშაობას უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად. მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები.