ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ნიკა მელიას შესაძლო დაპატიმრებას რუსეთის შურისძიებად და „ქართული ოცნების“ შეცდომად აფასებენ

რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი 14 თებერვალს ინდივიდუალურად გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას შესაძლო დაპატიმრებას და ის რუსეთის შურისძიებად და „ქართული ოცნების“ მარცხად შეაფასა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კი განაცხადა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და დეპუტატთან დაკავშირებით ისე მოიქცევა, როგორც კანონიდან გამომდინარე იქნება საჭირო.

„ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ფეისბუკზე“ დაწერა, „ნიკა მელიას გირაო სინამდვილეში გავრილოვის ხარკიაო“.

რუსეთის კვალს ხედავს ამ საქმეში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძეც. „ის არის გავრილოვის პატიმარი. ფაქტობრივად, რუსეთის მძევალია, შეიძლება ითქვას, რუსეთის ტყვე. ამიტომ, მორალური და ყველანაირი უპირატესობა მისი და ოპოზიციის მხარეს არის, რომელსაც ამ შემთხვევაში ნიკა მელია განასახიერებს“, - უთხრა რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ კი დეპუტატის შესაძლო დაკავებას „დიდი უსამართლობა“ და „ქართული ოცნების" დიდი შეცდომა“ უწოდა. „ნიკა მელიას დაკავება იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული ჩიხისკენ, მდგომარეობის ესკალაციისკენ და მოლაპარაკებების ჩაშლისკენ, რისკენაც „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად მიდის“, - თქვა მან.

ელენე ხოშტარიას განცხადებით კი: „ქართული ოცნება”, რომელიც აპირებს, რომ ინსტრუქციების შედეგად მეორედ შეუწყვიტოს იმუნიტეტი ნიკა მელიას, არის კუთხეში მომწყვდეული, დარცხვენილი და კიდევ ერთხელ აღრმავებს კრიზისს. მნიშვნელობა არ აქვს რას გადაწყვეტს „ქართული ოცნება”, ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია”.

ოპოზიციური პარტიები წარმომადგენლები ერთმანეთს 15 თებერვალს შეხვდებიან და ერთიან პოზიციას დააფიქსირებენ.

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის ბიურო ნიკა მელიასათვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს ორშაბათს, 15 თებერვალს განიხილავს, პლენარულ სხდომაზე კენჭს კი 16 თებერვალს უყრის.

საქართველოს პროკურატურამ 12 თებერვალს საქართველოს პარლამენტს მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობაზე წინასწარი თანხმობის მისაღებად.

ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად პროკურატურისგან მიცემული ვადა 12 თებერვალს ამოეწურა. მან გირაოს თანხა, 40 000 ლარი, სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე არ გადაიხადა და, ასევე, გირაო არ უზრუნველყო რაიმე ქონებით. პროკურატურამ მას 5 თებერვალს დამატებით ერთი კვირა მისცა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.