ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას ისევ აპროტესტებენ

ბათუმის ბულვარში, სადაც სასტუმრო "ამბასადორი" შენდება, მოქალაქეები არიან შეკრებილი და მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი მოითხოვენ მშენებლობის შეჩერებას.

"ბულვარი ჩვენია", "არ დავთმობთ ბულვარს" - ამ ტიპის შეძახილები ისმის სამშენებლო ადგილთან.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მრავალსართულიანი შენობის მშენებლობა არღვევს ბულვარის ისტორიულ განაშენიანებას.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ბათუმის ბულვარის დასაცავად აქცია იმართება.

ასევე ნახეთ „ბულვარის მკვლელობის გამოცხადებული ქრონიკა“

შპს „ამბასადორი ბათუმმა“ საძირკველი ბულვარის ცენტრში 2018 წელს გათხარა, როდესაც 4-სართულიანი შენობის აშენების ნებართვა მოიპოვა. ბათუმელები საძირკვლის სიღრმის გამო იმთავითვე ეჭვს გამოთქვამდნენ, ხომ არ აპირებდა კომპანია უფრო მასშტაბურ მშენებლობას. ეჭვები დადასტურდა: 2019 წლის ბოლოს მენაშენემ შენობის 15 სართულამდე გაზრდა მოითხოვა. მაშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბათუმელების პროტესტის ფონზე პროექტის შეცვლაზე უარი თქვა, მიმდინარე წლის 21 იანვარს კი შპს „ამბასადორი ბათუმის“ პროექტის მასშტაბის 16 სართულამდე შეცვლას მხარი დაუჭირა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული საბჭოს წევრთა უმრავლესობამ, მათ შორის კაკო ძნელაძემ, რომელიც ამ საბჭოს წევრიცაა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეც. მისი არგუმენტი ისაა, რომ არქიტექტურული პროექტი მოსწონს.