გიუნტერ გრასის და ჟან-კლოდ კარიერის აპოკალიფსი

“თუნუქის დოლი"(1979, "Die blechtrommel", "The Tin drum", გფრ, რეჟისორი ფოლკერ შლენდორფი. "ოქროს პალმა" კანის კინოფესტივალზე)

პარიზში გარდაიცვალა ჟან-კლოდ კარიერი - ცნობილი მწერალი, კინოდრამატურგი. გარდაიცვალა ძილში. იგი 89 წლის იყო, თუმცა კინოსთან კავშირი სიცოცხლის ბოლომდე არ გაუწყვეტია.

დღეს კარიერს, პირველ რიგში, იხსენებენ, როგორც ლუის ბუნუელის სცენარისტს, დიდი ესპანელი სიურრეალისტის ფრანგული ფილმების თანაავტორს. იხსენებენ კარიერის მოგონებას ბუნუელზე: "სცენარზე მუშაობის პროცესში სრულიად მარტონი ვრჩებოდით - ცოლების გარეშე. ვსვამდით და ვწერდით. დავითვალე, ერთად ვისადილეთ 2 000 -ჯერ და უფრო მეტჯერაც..."

ჟან-კლოდ კარიერი მარტო ბუნუელთან ერთად არ სადილობდა, სვამდა და მუშაობდა. მან მოასწრო და სცენარი დაუწერა ისეთ განსხვავებულ ავტორებს, როგორებიც იყვნენ მილოშ ფორმანი და პიერ ეტექსი, ნაგისა ოსიმა და ანჯეი ვაიდა, პატრის შერო და ლუი მალი. თუმცა ბუნუელთან სიახლოვე ყველა მის ნამუშევარს დაეტყო - მწარე ირონიით წარმოგვიდგინა საფრანგეთის რევოლუცია ("დანტონი"), რაღაცნაირი სევდიანი სარკაზმით გაამდიდრა პრაღაში საბჭოთა ტანკების შესვლის ამბავი ("ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"), პოლიტიკური სატირა გადააქცია სიგიჟედ, სიზმრისეულ ხილვად ("მაქსი, ჩემი სიყვარული")... ჟან-კლოდ კარიერისთვის არ არსებობდნენ ავტორიტეტები (როგორც ბუნუელისთვის).მას შეეძლო გადაემუშავებინა პოპულარული რომანი და ეკრანიზაციის პროცესში წინ წამოეწია იქიდან ის, რაც თავად მოსწონდა, რაც მის სტილს მოერგებოდა, თანაც ისე, რომ არ დაერღვია მწერლის ხელწერა და სათქმელი. სწორედ ამის მაგალითია "თუნუქის დოლი", გიუნტერ გრასის წიგნის ეკრანიზაცია - "ოსკარით" და კანის კინოფესტივალის "ოქროს პალმით" აღნიშნული პირველი გერმანული ფილმი, სურათი, რომელიც მარტო დასავლეთ გერმანიაში ერთ წელიწადში სამმა მილიონმა მაყურებელმა ნახა.

გიუნტერ გრასის რომანს ისედაც ახასიათებს მრავალპლანიანობა, რადიკალურობა და "შავი იუმორი", თუმცა ერთია სიტყვა და მეორეა მოძრავი გამოსახულება, რომელმაც ეს სიტყვა უნდა გადმოსცეს... ვინ დაეხმარებოდა კინორეჟისორ ფოლკერ შლენდორფს ნაციზმის ისტორიის თითქმის სიურრეალისტური რაკურსიდან წარმოდგენაში თუ არა კაცი, რომელმაც 2000-ჯერ (და უფრო მეტჯერაც) ისადილა ლუის ბუნუელთან ერთად?

ვისაც "თუნუქის დოლი" უნახავს, დამეთანხმება, ალბათ, რომ ფილმში საუკეთესოა ის ეპიზოდები, რომლებშიც ავტორები დაუფარავ ქილიკზე გადადიან. სხვაგვარად არც შეიძლებოდა. ასეთი "გამასხარავების" საბაბს იძლევა თავად ეს ნახევრად ფანტასტიკური ამბავი (სიურრეალისტური სიგიჟე?), რომელსაც გიუნტერ გრასი გვიამბობს თავის წიგნში: 1924 წელს დანცინგში დაბადებულ ოსკარს, "თუნუქის დოლის" მთავარ გმირს, ყველაზე მხურვალე ნეტარებას ბებიის კალთაში დამალვა ანიჭებდა. საერთოდ, დაბადების პროცესშიც საშინლად არ უნდოდა "დედისეული წიაღის" დატოვება - იგი, ფაქტობრივად, ძალით გამოათრიეს იქიდან. 3 წლის იყო, როცა ნახევრად წითელი და ნახევრად თეთრი დოლი აჩუქეს. თავიდანვე მოიმარჯვა სათამაშო და ყვირილი დაიწყო - უნდოდა როგორმე უფროსების ყურადღება მიექცია, მაგრამ უფროსები, პირველ რიგში კი დედამისი, სხვა საქმით იყვნენ გართული. როცა ისკარმა შეამჩნია, როგორ ღალატობდა დედა მამას, იგი კიბიდან გადმოხტა, ხერხემალი დაიზიანა და ამით მისი განვითარებაც შეჩერდა. ეს მოხდა იმ დროს, როცა ნაცისტები გერმანიის ხელისუფლებაში მოსვლისთვის ემზადებოდნენ.

ოსკარის პროტესტი (გამოხატული მისი ხმით, რომელიც ყუმბარაზე უფრო ძლიერია) ხანდახან მაყურებლის თანაგრძნობას ბადებს. თუმცა ყოველთვის არა. ეს ბავშვი სისასტიკისთვისაც მზადაა. ორაზროვნება, რომელიც მთელი ფილმის მსვლელობისას იკითხება "თუნუქის დოლის" მთავარ გმირში, შეიძლება გამაღიზიანებელიც იყოს, რომ არა სწორედ ის "შავი იუმორი" და დისტანცია, რომელსაც ქმნიან შლედორფი და ჟან-კლოდ კარიერი... ჰო, რა თქმა უნდა, ოსკარის როლის შემსრულებელიც, 12 წლის დავიდ ბენეტი, რომელიც მაშინ, როცა "თუნუქის დოლი" ჩვენში ვიდეოკასეტებზე გავრცელდა, ყველას ლილიპუტი გვეგონა. არა, ჩვეულებრივი ბავშვი იყო, რომელიც მოგვიანებით პროფესიონალი მსახიობი გახდა (155 მეტრი სიმაღლის გამო დღეს ძირითადად სახასიათო როლების შესასრულებლად იწვევენ). "ერთადერთი, რასაც ამ ბავშვს გადაღების დროს ვუთხარით, - წერს ფოლკერ შლენდორფი, - ეს იყო: როგორ გგონია, რა ბადებს ძალადობას და რად გარდაიქმნება ხოლმე?... ბიოლის ცნობილი ფრაზის ინტერპრეტაციას მივმართავდით...სამჯერ მაინც ვკითხეთ და სამივეჯერ კითხვითვე გვიპასუხა: "ამაზეა ეს ფილმი?"

რა თქმა უნდა, ამაზეა.. "თუნუქის დოლი", ჯერ გიუნტერ გრასის რომანით, შემდეგ ჟან-კლოდ კარიერის სცენარით შექმნილი აზრობრივი ლაბირინთის მიუხედავად, საკმაოდ მარტივი სურათია. ძალადობის მექანიზმის კვლევას, მოგეხსენებათ, ფოლკერ შლენდორფმა და მისი თაობის გერმანელმა რეჟისორებმა ლამის მთელი შემოქმედება მიუძღვნეს, თუმცა, "ახალი გერმანული კინოს" სხვა ავტორებისგან განსხვავებით, შლენდორფმა გათვალა არა იმდენად გერმანელ, რამდენადაც მსოფლიო - განსაკუთრებით, ამერიკელ - მაყურებელზე. შემთხვევით არ მოინდომა მან გერმანიის გაერთიანების შემდეგ კომუნისტური გერმანიის კინოსტუდიის, "დეფას", ბაზაზე "ევროპული ჰოლივუდის" - ბაბელსბერგის - აშენება. მიუხედავად იმისა, რომ შლენდორფმა კინოში მოღვაწეობა სრულიად არაჰოლივუდური რეჟისორის, ფრანგი ალენ რენეს, ასისტენტობით დაიწყო, იგი მალევე ჩამოშორდა ევროპულ "ინტელექტუალურ კინოს" და ფილმისგან, პირველ რიგში, სანახაობის შექმნა მოინდომა. ეპიზოდი, როცა ოსკარი ჩინიანი ფაშისტების ცერემონიალზე ხვდება, თავისი დოლით ტრიბუნაზე ძვრება, შემდეგ კი ისე ურტყამს, რომ ნაცისტების მწყობრ, მკაცრად გათვლილ რიტუალს მთლიანად ურევს, აუცილებლად გაგახსენებთ ჰოლივუდში ჰოლოკოსტის თემაზე გადაღებულ კარგ ფილმებს. ამიტომაც არავის გაჰკვირვებია, როცა 1979 წლის კანის კინოფესტივალზე ფრანსუაზ საგანის ჟიურიმ შუაზე გაყო "ოქროს პალმა" - შლენდორფის "თუნუქის დოლისა" და ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმისთვის "აპოკალიფსი დღეს"... მე ვიტყოდი, რომ "თუნუქის დოლიც" კოპოლაა, ოღონდ კოპოლა გერმანულად, თანაც ფრანგი ჟან-კლოდ კარიერის ნიჭით შეკაზმული. ორივე სურათი შეგვახსენებს, რომ აპოკალიფსს ხვალ და ზეგ კი არ უნდა მოველოდეთ, და არც იმით დავიმშვიდოთ თავი, რომ აპოკალიფსი უკვე იყო... არა. ორივე სურათი შეგვახსენებს, რომ აპოკალიფსი უკვე ხდება. დღეს.