ტიკარაძის თქმით, საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამატებით 150 000 დოზას მიიღებს

ეკატერინე ტიკარაძე

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი რაოდენობით მიღების შესახებ აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მისი ინფორმაციით, მწარმოებელმა დაუდასტურა „ასტრაზენეკას" ვაქცინის დამატებით 150 000 დოზის გამოყოფის შესახებ.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთ-ერთ მომწოდებლად ჩვენ გვყავს განსაზღვრული კოვაქსპლატფორმა, სადაც განსაზღვრულია 300 000 დოზამდე ვაქცინის მიღება. დამატებით მიმდინარეობს პირდაპირ მწარმოებელთან კომუნიკაცია, საიდანაც ჩვენ გვაქვს დასტური, რომ 150 000 დოზას ასევე მივიღებთ მარტის პირველ ნახევარში. ეტაპობრივად ყველა მწარმოებლისგან და ასევე კოვაქსპლატფორმიდან მოხდება ამ საჭირო რაოდენობების მოწოდება საქართველოსთვის“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმით, „2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია“.

მთავრობის განცხადებით, თებერვლის ბოლოსთვის ელოდებიან 30 ათასამდე დოზა „ფაიზერის“ ვაქცინას, რომლითაც პირველ ეტაპზე 15 ათასამდე სამედიცინო მუშაკი უნდა აიცრას.