თეა ახვლედიანის ინფორმაციით ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი დღეიდან გაიხსნა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მიმართულებით, ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი დღეიდან გაიხსნა, ამის შესახებ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა თავდაპირველად გარკვეულ კატეგორიების პირებს შეეხებათ.

„ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ დღეიდან გაიხსნა ე.წ. გადასასვლელი ენგურის ხიდზე, რაც საშუალებას მისცემს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას, თავდაპირველად გარკვეულ კატეგორიებს, გადმოვიდნენ საქარველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ცალსახად მისასალმებელია ყოველი მსგავსი განვითარება და ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ. საქართველოს ხელისუფლება ყველა ჩვენს ხელთ არსებული მექნიზმის და ბერკეტის გამოყენებით , საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და შუამდგომლობით მაქსიმალურ ძალისხმევას ვახორციელებთ, რათა უზრუნველყოფილი იქნას ჩვენი მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლება“, - განაცხადა ახვლედიანმა.

თეა ახვლედიანის განცხადებით, ასევე 5 დღემდე შემცირდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსვლეთა სავალდებულო კარანტინის ვადა, 1 თებერვლამდე სავალდებულო კარანტინი 12-დღიანი იყო.

„ამიერიდან ოკუპირებული ტერიტორიბდან გადმომსვლელებისთვის შექმნილი იქნება შესაბამისი პირობები სადაც ისინის დაყოფენ 5 დღეს საკარანტინე სივრცეში და PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში 5 დღიანი კარანტინის შემდეგ მათ ექნებათ საშუალება დატოვონ საკარატინე სივრცე“,- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელების გახსნის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში გალში მცხოვრები ორი რესპონდენტი ამბობს, რომ ინფორმაცია მათაც საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის სატელევიზო გამოსვლიდან შეიტყვეს.

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე 2017 წლამდე არსებობდა ოთხი ე.წ. გამშვები პუნქტი - ენგურის ხიდი, ხურჩა-ნაბაკევი, ოტობაია-ორსანტია და საბერიო-ფახულანი. მათ ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი კვეთდა. 2017 წლიდან დე ფაქტო ხელისუფლებამ მოქალაქეთა გადაადგილების „უკეთ გაკონტროლების მიზნით“ მხოლოდ ორი „გამშვები პუნქტი“ დატოვა - ენგურის ხიდის და საბერიო-ფახულანის.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის საბაბით, დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი მარტის შუა რიცხვებიდან დაკეტა. მაისის შემდეგ, დე ფაქტო მთავრობამ მდინარე ენგურთან მდებარე ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი რამდენჯერმე გაუხსნა აფხაზეთის მცხოვრებთ, რომლებიც სხვადასხვა მიზნით, ძირითადად, სამკურნალოდ იმყოფებოდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

დე ფაქტო მთავრობა ე.წ. საზღვარს პერიოდულად ხსნის მეორე მიმართულებითაც და ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში სამკურნალოდ გამგზავრების უფლებას აძლევს მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებს, მათ შორის კორონავირუსით ინფიცირებულებს.