“ მღვდელი როგორ უნდა აჰყვეს კონსპირაციულ თეორიას?” - რისი სწამთ, რა აშინებთ და რას ქადაგებენ პანდემიისას

თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა პანდემიის დროს კოვზით ზიარების წესზე იმსჯელა. 2020 წლის მარტში სინოდმა თქვა, რომ "ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, ანუ მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამყვან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია". 11 თებერვალს სინოდი კვლავ იკრიბება - წინასწარი განცხადებებით, ამ სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის შესაძლოა იყოს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციაც. ამ თემაზე სასულიერო პირები საყურადღებო განცხადებებს ჯერ კიდევ იმ დროს აკეთებდნენ, სანამ ვაქცინა შეიქმნებოდა.

“მე ვუჭერ მხარს ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი. ასეთი ვაქცინა უნდა მოვიფიქროთ” - თქვა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა 2020 წლის 12 მაისს. ამ დროს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა, თუმცა ინფიცირების შემთხვევები რამდენიმე ათეული იყო და ჯერ კიდევ არსებობდა ილუზია, რომ საქართველოს ახალი ვირუსი დიდ ზიანს ვერ მიაყენებდა. ამ დროს ინფიცირებულთა მცირე რაოდენობას ხელისუფლება საკუთარ ეფექტურ პოლიტიკას მიაწერდა, ექიმები საფუძვლიან ეპიდემიოლოგიურ კვლევებს, სასულიერო პირები კი ღვთისმშობლის კალთის მადლს და უფლის ნებას. კორონას ვაქცინაციაზე უკეთესი ზიარება და ნაკურთი წყალიაო, ამბობდა ეპისკოპოსი მიქაელი მაშინ და თან ხუმრობდა, ვაქცინები ბავშვობის მერე არ გამიკეთებია, მგონი ცუდად არ გამოვიყურებიო.

კორონავირუსის გამოჩენიდან და პანდემიის გამოცხადებიდან ამ დრომდე სასულიერო პირები არაერთ ქადაგებასა თუ ინტერვიუში შეეხნენ როგორც თავად ვირუსს, ასევე მის საწინააღმდეგოდ შექმნილ ვაქცინას. ეპისკოპოსების ნაწილი აცრის აუცილებლობას ეჭვქვეშ არ აყენებს და თვითონაც აპირებს ვაქცინის გაკეთებას, უფრო დიდი ნაწილი კი სხვადასხვა კონსპირაციული თეორიით ცდილობს საკუთარი თავის და მრევლის დარწმუნებას იმაში, რომ კორონავირუსი ადამიანების მიერ ხელოვნურად შექმნილი იარაღია დიდწილად მოსახლეობის გენოციდისთვის და ვაქცინის მიზანიც კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება და გადაგვარებაა. ქართველი სასულიერო პირების ნაწილის ანტივაქსერული განცხადებები, შეთქმულების თეორიებზე აგებული მსჯელობები ან იმის მტკიცება, რომ პანდემია ღმერთის მიერ მოვლენილი განსაცდელია ჩვენი ცოდვებისთვის ნაწილია იმ საერთო ნარატივის, რომელიც ეკლესიებს სხვადასხვა ქვეყანაში ულტრამემარჯვენე, ანტიდასავლურ და სიძულვილის ჯგუფებთან აახლოვებს.

დღევანდელი ვირუსი არის ეშმაკის ხელში საშუალება, რომ ადამიანები თავის გავლენის ქვეშ მოაქციოს, ჯერ ყველაფერი შენიღბულია, მოვა დრო და ამ ყველაფერზე მასშტაბურად მოგვიწევს საუბარიო - ამბობდა 2020 წლის მაისში ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსი საბა გოგიბერია.

მეუფე საბა ამ ქადაგების შემდეგ რამდენიმე თვეში კორონავისურზე საუბრისას ანტისემიტური განცხადების გამო კრიტიკის ობიექტი გახდება, პანდემიამდე კი საზოგადოებას ახსოვს ავტოკატასტროფაში გარდაცვილი 24 წლის ბიჭის ამბავი, რომელიც მეუფე საბას გადაწყვეტილებით წესის აგების გარეშე დაკრძალეს იმის გამო, რომ ის “გირჩის” “ბიბლიური თავისუფლების” წევრი იყო. მაშინ მეუფე საბა ამბობდა, რომ საკითხზე მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება სინოდის საქმე იყო.

ასევე ნახეთ 30 ათასი წესაუგებელი?

“კოვიდ-19-თან დაკავშირებული საკარანტინე ზომები, ასევე პი-სი-არ ტესტები და ვაქცინები მრავალ კითხვას ბადებს საზოგადოებაში. ტესტირებასთან დაკავშირებული გამოცდილება აჩვენებს არსებული საშუალებების არაეფექტურობას, ცნობილია ასევე ტესტირებით დასნებოვნების შემთხვევები”- ეს ფრაგმენტია დეკანოზ დავით ისაკაძის 2021 წლის 7 თებერვალს გამოქვეყნებული ქადაგების, სადაც ის ამტკიცებს, რომ კორონავირუსის ვაქცინების შექმნისთვის მეცნიერებმა “აბორტირებული ემბრიონის უჯრედის ხაზი” გამოიყენეს, “რომლის მიღების წყაროა აბორტირებული ემბრიონი, კერძოდ ესაა აბორტირებული ემბრიონის თირკმელისაგან მიღებული უჯრედული ხაზი” - ამბობს მღვდელი და ავითარებს მსჯელობას, რომ ქრისტიანისთვის ერთნაირად მიუღებელია როგორც აბორტი, ასევე ადამიანის უჯრედების გამოყენება მედიცინაში. დავით ისაკაძე მმკ-ს წევრი, არაერთი ჰომოფობიური აქციის ორგანიზატორი და მონაწილეა.

დეკანოზი დავით ისაკაძე 2019 წლის 8 ივლისს შსს-ს მოუწოდებს გაათავისუფლოს რუსთაველი "საშინელი ხალხისგან", რომ სასულიერო პირებმა ამ ადგილას პარაკლისის გადახდა შეძლონ. "საშინელ ხალხში" სასულიერო პირი ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს და თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს გულიხსმობდა

“ვაქცინაციაციასთან დაკავშირებით საზოგადოების დიდ შეშფოთებას იწვევს საკითხი, რომ ზოგიერთი ვაქცინით ხდება ადამიანის ჩიპირება” -ამბობს დეკანოზი დავით ისაკაძე და შემდეგ ყვება კარგად გავრცელებულ მითს ბილ გეითსის და მისი ცოლის შესახებ, რომ მათ სურთ ვაქცინების საშუალებით გენოციდის მოწყობა და კაცობრიობის რაოდენობის შემცირება.

ბილ გეითსი ანტივაქსერების ერთ-ერთი საზიარო სამიზნეა არა მხოლოდ საქართველოში და არა მხოლოდ სასულიერო პირებს შორის. ბილ გეითსის სახელი კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ვაქცინას მისი დისკრედიტაციის მიზნით ჯერ კიდევ მანამდე დაუკავშირდა, სანამ ვაქცინა შეიქმნებოდა და ეს იდეები უკვე თვეებია ისმის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში.

Your browser doesn’t support HTML5

ბილ გეიტსზე, ვაქცინებზე და შობადობის კლებაზე

ადამიანების „დაჩიპვის“ შესახებ რეალობას და სიმართლეს მოწყვეტილი იდეები წლებია ვრცელდება. საქართველოში მაგალითად არსებობდა ვარაუდი, რომ “დაჩიპვისთვის” ბიომეტრიული პირადობის მოწმობები შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული, არსებობდა ეჭვი არჩევნების დროს მარკირების სითხესთან დაკავშირებითაც. შეთქმულების თეორიებმა ადამიანებში ჩიპების შეყვანის შესახებ და შემდეგ ამ ჩიპებით მართვის და კონტოლის შესახებ პანდემიისას ახალი სიცოცხლე შეიძინეს.

მიდის აგიტაცია ვაქცინაციის და აქედან გამომდინარე ჩიპიზაციის შესახებ. ითხოვენ, სავალდებული იყოსო. რას ქვია, სავალდებულო იყოს. მერე ამბობენ,

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაა, მთელ მსოფლიოს უნდა გავუკეთოთო. ვინ ამბობს ამას? პირველი კითხვა ისმის, ვინ არის ის, ვისაც წამალი აქვს?” - სვამდა კითხვებს მეუფე სპირიდონი 2020 წლის 21 მაისს და თავადვე პასუხობდა, რომ ამ ყველაფრის უკან ბილ გეითსი დგას, კაცი, “რომელიც უკვე წლებია ამბობს, რომ მსოფლიოში ბევრი ხალხია და ოქროს მილიონამდე უნდა დაიყვანოს მათი რაოდენობა.”

“მკვლელმა, მანიაკმა რომ მოგიტანოს წამალი, დალევ? მე არ ვენდობი. ამათ მოტანილ წამალს კი არა, სახლში არ შემოვუშვებ. მე ვერ ვენდობი, რა თქმა უნდა, ვერ ვენდობი და ყველა, ვინც კი შემეკითხება, ვეტყვი, რომ ეს არ არის სანდო, იმის გამო, რომ ვინც შექმნა, მილიონობით ადამიანის გენოციდს ქადაგებს.

შეიძლება ბავშვს რომ გავუკეთოთ, ბიჭმა ბიჭობა დაკარგოს და ქალმა ქალობა. ნაყოფიერების უნარი შეიძლება დაკარგონ. შეიძლება ვიღაცამ თქვას, ამას რომ ამბობ, ცილს რატო წამებო, მაგრამ არ მაქვს უფლება, ეჭვი შევიტანო?

მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ეშმაკის მახე! - ეს ხალხი კაი წამალს არ მოგცემს, თუ მოგცემს, დასაღუპად. “ - ქადაგებს მეუფე სპირიდონი ეკლესიის საკურთხევლიდან ჯერ კიდევ მაშინ, როცა არც ვაქცინა არსებობს და არც მისი უკუჩვენებების ან შესაძლო გართულებების შესახებ არის რაიმე ცნობილი. ეპისკოპოსი სპირიდონი იმ სასულიერო პირებს შორისა, რომელიც თვლის, რომ საქართველო სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით პანდემიის დროს ღვთისმშობლის მადლმა და პატრიარქის, ილია მეორის ლოცვამ გადაარჩინა. 2020 წლის გაზაფხულზე ის ამბობდა, რომ როგორც მოსე მოუვლინა ებრაელებს თავისი ყველაზე დიდი განსაცდელის დროს უფალმა, ისე მოგვივილინა ქართველებს პანდემიის დროს ილია მეორე ღმერთმა, რომელმაც არ დაუშვა პანდემიის გამო ეკლესიების დაკეტვა. წლის ბოლოს, დეკემბერში მეუფე სპირიდონი თავადაც კორონავირუსით დაინფიცირდა და კლინიკაში მოხვდა სამკურნალოდ. აზრი ვაქცინაციის შესახებ მას არც მერე შეუცვლია.

“სამ-ოთხ თვეში რა გამოცდა უნდა გაევლო” - კითხულობს ის 2021 წლის 1 თებერვალს და კვლავ ამბობს, რომ თვითონ არც ვაქცინას გაიკეთებს და არც არავის ურჩევს ამის გაკეთებას.

“პანდემია დადგმული იყო” - თქვა მამა ათანასე ხაბეიშვილმა 2021 დასაწყისში, 8 იანვარს და იქვე დააყოლა, რომ “პროექტი covid-19 2025 წლის გაზაფხულამდეა დაგეგმილი.” ამ ქადაგებაში ისიც შეეხო ბილ გეითსის გეგმას, კაცობრიობის შემცირების შესახებ და გამოთქვა ეჭვი ვაქცინის სარგებლიანობის შესახებ.

ვირუსების ხელოვნურად შექმნის შესახებ შეთქმულების თეორიები სხვა დროსაც გავრცელებულა, მაგალითად 2002 წელს, SARS-ის ეპიდემიის, ხოლო 2009 წელს H1N1-ის პანდემიის შემთხვევაში. კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის შესახებ არსებული მოსაზრება მეცნიერთა მიერ უკუგდებულია. 2020 წლის მარტში ათობით მეცნიერის მიერ ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების თანახმად, COVID-19-ს ბუნებრივი საფუძვლები აქვს და, შესაბამისად, ვირუსი ბიოინჟინერიის პროდუქტი არაა. აკადემიურ წრეებში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი ადამიანებში არა ხელოვნურად, არამედ დიდი ალბათობით, ღამურებიდან მოხვდა.

“მე ვფიქრობ ერთ რამეს. მოძღვარს დაუსვა კითხვა, ვაქცინაცია კარგია თუ არა, ეს კითხვაც კი არ არის სწორი. მოძღვარმა მღვდელმა საიდან უნდა იცოდეს, ვაქცინა კარგია თუ არა, როგრო უნდა იცოდეს? მაშინ შენ უნდა გქონდეს ამაზე წვდომა, იღებდე კვლევაში მონაწილეობას, ან ექიმმა შეიძლება რაღაც ცრუ ინფორმაცია მოგაწოდოს, რომ თავისი რაღაც გაატაროს” - თქვა დეკანოზმა შალვა კეკელიამ ანტილიბერალურ და ანტიდასავლურ არხთან, “ალტ-ინფოსთან” 2021 წლის იანვარში. ალტ-ინფო 2020 წლის აგვისტოში კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში იქნა შემჩნეული ფეისბუქზე - მათ პოსტებსა თუ ვიდეო გადაცემებში ხშირია სიძულვილის ენის გამოყენება და შეურაცხმყოფელი მიმართვები სექსუალური უმცირესობების, ქალების და ემიგრანტების მიმართ. დეკანოზმა შალვა კეკელიამ ანტიდასავლური პლატფორმიდან გაიხსენა მისი 2020 წლის მაისში ვაქცინასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრება, სადაც ამბობდა რომ სავალდებულო ვაქცინაცია აჩენს ეჭვებს, თითქოს ის კაცობრიობის წინააღმდეგ არის მიმართული და თქვა რომ მედიამ ეს განცხადება არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა.

“ჯერ არ ვიცი მაგალითად ექიმებისგან, ამ ვაქცინას რა შედეგი აქვს შვილიერებასთან დაკავშირებით. უკვე ვინმემ გამოცადა, შვილიერება რა მდგომარეობაში იქნება? შეიძლება ადამიანს შვილი აღარც გაუჩნდეს, ან გაუჩნდეს - ეს როგორ მოქმედებს, ვინ გაარკვია? ვხედავთ ოცდამეერთე საუკუნეში როგორი პრობლემაა შვილიერებასთან დაკავშირებით, ადამიანებს, ახალგაზრდა წყვილებსაც ძალიან უჭირთ დღეს შვილების გაჩენა” - ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია და იქვე განმარტავს, რომ პასუხისმგებლობა აქვს როგორც ვაქცინაზე რეკომენაციის გაწევისას, ასევე იმის თქმისას, რომ ვაქცინა შეიძლება საზიანო იყოს და სჯობს ამ თემებზე სასულიერო პირების ნაცვლად მედიიდან სპეციალისტები საუბრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზი მედიას უმტკიცებს ვაქცინის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი და ამაზე სჯობს სპეციალისტებმა ისაუბრონო, ის ეკლესიაში მაინც ქადაგებს ამ თემაზე. მთავარი მოთხოვნა, იმის ფონზე, რომ ვაქცინაციის შესახებ იმპერატიული გადაწყვეტილება მისი აუცილებლობის შესახებ არ არსებობს და ამ დრომდე საქართველოში ვაქცინა სამედიცინო პერსონალისთვისაც კი არ არის ხელმისაწვდომი, არის ის, რომ რომ ვაქცინა ნებაყოფლობითი იყოს და არა იძულებითი.

“მე რატო მაიძულებ გავიკეთო ვაქცინა, შენ გაიკეთე და ჩემგან არ დაგემართება” - იძახის შალვა კეკელია 2020 წლის დეკემბერში ჩაწერილ ქადაგებაში.

ის, რომ სპეციალისტებს ვაქცინაციის დადებით გავლენაში ხალხის დასარწმუნებლად სამუშაო ბევრი აქვთ, დეკანოზის მოწოდების გარდა ცხადყოფს საზოგადოების განწყობები როგორც მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში, ისე მის გარეთ.

“ეს ჩიპი [ვაქცინის გზით ადამიანის ორგანიზმში განთავსებული] წყლულებს იწვევს - ჩირქი გექნებათ სახეზე და ტანზე, რა ქმარი მოგეკარებათ, რა ცოლი მოგეკარებათ, ფეხზე აყროლდებით. უეჭველად ასეა... დაჩირქებას მოჰყვება მძიმე ტკივილები, როგორცკი მზის სხივი მოხვდება წყლულებს. არანაირი გამაყუჩებელი არ უშველისო... (იცისო ასევე) მოდუნება, უხასიათობა, სექსუალური უძლურება, უნაყოფობა, უიმედობა, უსიყვარულობა, ლოცვის დაზარება, ტაძარში არწასვლა, სხვისი ჭირის არგაზიარება... ანუ ადამიანი იქნება, როგორც ცოცხალი ლეში“ - აშინებდა 17 დეკემბრის ქადაგების დროს დეკანოზი თადეოზ სარალიძე თავის მრევლს და იძახდა, “არავითარი ვაქცინაცია!” სიმპტომები, რომელიც მღვდელმა ჩამოთვალა, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ შექმნილი არც ერთი ვაქცინის არც ერთ შესაძლო გართულებად არ არის მოხსენიებული სამეცნიერო ლიტერატურაში.

კორონავისური და მისი საწინააღმდეგო ვაქცინა დეზინფორმაციული კამპანიების თემად Covid-19-ის გამოჩენიდან მალევე იქცა და მთელი პანდემიის განმავლობაში ახალ-ახალი ტალღები ჩნდება. ასე მაგალითად, სხვადასხვა დროს ვრცელდებოდა ამგვარი ცრუ ინფორმაციები:

შეთქმულებების თეორიების, ანტივაქსერული განწყობებს და გამოგონილი ამბების წინაშე ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მარტო არ არის და მასთან ერთად დეზინფორმაციის ამ ტალღებში ულტრანაციონალისტური, პრორუსული თუ სიძულვილის ჯგუფები და აქტორებიც არიან.

მაგალითად, 2020 წლის ნოემბრის ბოლოს, ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელმა ზვიად ტომარაძემ ფეისბუქში გაავრცელა დაუზუსტებელი ინფორმაცია, თითქოს საქართველო პირველი ქვეყანა იქნებოდა, სადაც “ნაუცბათევად შექმნილ” ვაქცინას გამოცდიდნენ.

„საცდელი ვირთხები ვართ? ნატოში არ გვიღებენ და „სასიცოცხლო ვაქცინას პირველი ჩვენ მოგვცემენ?“ - კითხულობდა ზვიად ტომარაძე მას შემდეგ, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ საქართველო ვაქცინის პირველ ნაკადს 2021 წლის გაზაფხულზე მიიღებდა.

22 აგვისტოს ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადაცემაში “ღამის ეთერი” წამყვანიც და მოწვეული სტუმრებიც საუბრობდნენ პრინციპში იმ ყველაფერზე, რაზეც სხვადასხვა დროს სასულიერო პირები ქადაგებდნენ ამბიონიდან. ამ ეთერში ითქვა, რომ: კორონავირუსის საწინააღმდეგო „ოქსფორდის“ ვაქცინა გენმოდიფიცირებულია და ადამიანის გენეტიკური ინფორმაციის შეცვლას ისახავს მიზნად; ბილ გეითსი მოსახლეობის 7-9 მილიარდით შემცირებას “არაჩვეულებრივი ვაქცინით” გეგმავს; გრიპის ვაქცინა თაღლითობაა; ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, თუ მშობელი შვილს არ აცრის, ჩამოართმევენ;

“გამოსავალი ერთადერთია: შევინანოთ. და თუ ჩვენ ვინმე, მათ შორის, ხალხი, მოვწამლეთ არამარტო იმით, რომ კორონა არ არსებობს, ცრუ პანდემიაა და ეს კონსპირაციული თეორიები… მღვდელი როგორ უნდა აჰყვეს კონსპირაციულ თეორიას?” - თქვა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ 2020 წლის მიწურულს და დაამატა, რომ მღვდელი კონსპირაციული თეორიებით არ უნდა ინტერესდებოდეს და თუკი სასულიერო პირს სჯერა, რომ ქრისტეს ნების გარეშე ერთი ღმერი თმა არ ჩამოგვარდება, მასონების გეგმები არ უნდა სჯერდეს და აშინდებდეს.

“ეს ეკადრება ქრისტიანს, ზოგადად, და, მით უმეტეს, სასულიერო პირს?” - თეოდორე გიგნაძის ქადაგებაზე დასმულ ამ კითხვას მალევე გამოეხმაურა საპატრიარქოს პრესმდივანი, ანდრია ჯაღმაიძე, რომელმაც თქვა, რომ თეოდორე გიგნაძის ქადაგებას კონკრეტიკა აკლდა და ბევრი სასულიერო პირი შეურაცხყოფილია მისი განცხადებით.

საქართველოს ოფიციალური სტატისტიკით, კორონავირუსი უკვე ჰქონდა ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 10%-ს, 250 000-ზე მეტ ადამიანს. ერთი წლის განმავლობაში ვირუსმა საქართველოში 3331 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფექციონისტები ამბობენ, რომ პანდემიის დასრულებისთვის საჭირო საზოგადოებრივი იმუნიტეტიტის გამოსამუშავებლად მოსახლეობის 70% მაინც უნდა იყოს აცრილი. NDI-ს მიერ 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგების მიედვით მოსახლეობის მხოლოდ ნახევარია თანახმა, გაიკეთოს აცრა კორონავირუსის წინააღმდეგ. გავლენიანი გამოცემა “ეკონომისტის” გათვლებით, მოსახლეობის 60%-ის ასაცრელად საჭირო ვაქცინის მოპოვებას საქართველო 2022 წლის ბოლისთვის შეძლებს.