ორი ვიდეო არასრულწლოვანი გოგოს შესაძლო ნიშნობის შესახებ, სოციალურ ქსელში 8 თებერვალს გავრცელდა და მალევე მოექცა მედიისა და გამოძიების ყურადღების ცენტრში. ერთ-ერთ ვიდეოზე ჩანს, როგორ არიგებს გოგო ჩაის სტუმრებისთვის. მეორე ვიდეოში კი, რომელსაც ბაქოელი ბავშვთა უფლებადამცველი, „აზერბაიჯანელ ბავშვთა კავშირის“ ხელმძღვანელი, კამალია აგაზადე ავრცელებს, არასრულწლოვან გოგოს მხრებზე წითელ თავსაფარს ახვევს ქალი და სუნამოს აპკურებს. 42-წამიანი ვიდეოს მიწურულს, გოგო იარლიყიან ბეჭედს ისწორებს თითზე. კამალია აგაზადე ვიდეოს აღწერაში მიუთითებს, რომ ვიდეოზე ასახულია ორი არასრულწლოვნის ნიშნობის ცერემონია აზერბაიჯანულ ოჯახში, საქართველოში, სოფელ ფონიჭალაში. ვიდეოს კომენტარებში კი მიუთითებს, რომ ცერემონია რამდენიმე დღის წინ შედგა.
კამალია აგაზადე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ვიდეო მას 7 თებერვლის საღამოს, „ინსტაგრამის“ საშუალებით მიაწოდეს საქართველოდან და შეატყობინეს, რომ კადრები ასახავდა 11 წლის გოგოსა და 15 წლის ბიჭის ნიშნობის რიტუალს. კამალიამ ვიდეო სოციალურ ქსელში საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად გაავრცელა, რასაც მისი თქმით, შედეგიც მოჰყვა, რადგან ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე საათში, შესაძლო ნიშნობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.
სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არასრულწლოვანი გოგოს შესაძლო ნიშნობის შესახებ, სიცრუეს უწოდებს მოზარდის ბებია, ელნაზ აჰმედოვა. ის ამბობს, რომ ვიდეოზე აღბეჭდილია არა ნიშნობის ცერემონია, არამედ გოგოს დაბადების დღის კადრები. მისივე თქმით, გავრცელებულ ინფორმაციაში არასწორადაა მითითებული გოგოს ასაკიც. ქალის თქმით, მისი შვილიშვილი 15 წლისაა.
გოგოს ბებიას 9 თებერვალს ელაპარაკა ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი. როგორც ჯეიჰუნი უყვება რადიო თავისუფლებას, ქალმა მასთან საუბრისას დაადასტურა, რომ გოგოს და ბიჭის ოჯახები წლების წინ შეთანხმდნენ შვილების ქორწინების თაობაზე, თუმცა კადრები, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, გოგოს ბებიის მტკიცებით, არ ასახავს ნიშნობის რიტუალს:
„გოგოს ოჯახიც და მეზობლებიც ამბობენ, რომ ეს არ იყო ნიშნობა და იყო დაბადების დღის წვეულება. თუმცა, აღიარებენ, რომ დიახ, ოჯახები შეთანხმებულები ვართ, რომ მომავალში გოგო და ბიჭი დაქორწინდებიან, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გოგო სრულწლოვანი გახდება და თუკი გოგოს სურვილიც იქნებაო. ბებიის თქმით, დაბადების დღეზე ოჯახები იმაზეც შეთანხმდნენ, რომ არანაირი მოტაცება არ იქნება. ბებიამ მითხრა, რომ გოგოს სწავლის გაგრძელება სურს, სტილისტობა უნდა და მის გათხოვებას არ აპირებენ 25 წლამდე“.
ბაქოელი უფლებადამცველი, კამალია აგაზადე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ იმ ვიდეოში, რომელიც მას საქართველოდან მიაწოდეს, ასახულია არა დაბადების დღის წვეულება, არამედ აზერბაიჯანული ტრადიციით გამართული ნიშნობის რიტუალი:
„დღეს მე ვნახე გოგოს ოჯახის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი ამბობენ, რომ ამ ვიდეოზე აღბეჭდილია დაბადების დღის წვეულება. ეს ტყუილია. ვიდეოზე ძალიან ნათლად ჩანს ნიშნობის რიტუალი. ტორტი, რომელიც ამ რიტუალისთვის მზადდება, წითელი თავსაფარი, რომელსაც გოგონას უკეთებენ, ბეჭედი, რომელიც მას თითზე აქვს წამოცმული და ტკბილი ჩაის ჩამოტარების რიტუალი. ეს არის ნიშნობის ცერემონია და არა დაბადების დღის წვეულება. სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ იმ პირის ვინაობას, რომელმაც ვიდეო გამომიგზავნა, თუმცა, მან ასევე მომწერა, რომ არასრულწლოვანთა ნიშნობისა და ქორწინების შემთხვევები იმ სოფელში ბევრია. ამ პირმა ისიც მითხრა, რომ არასრულწლოვნის მამის თქმით, გოგოს დანიშვნის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ის არ მოეტაცათ“.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საქმეზე არასრულწლოვანი გოგო-ბიჭის ოჯახების ათამდე წევრი გამოიკითხა. გამოკითხული პირები ოქმებში წერენ, რომ გოგოს მანამ არ დააქორწინებენ, სანამ ის სრულწლოვანი არ გახდება.
არასრულწლოვანი გოგოს ოჯახის წევრების თქმით, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, მოზარდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა დამძიმდა. მათი თქმით, გოგო ამბობს, რომ მას თანატოლები დასცინებენ და სკოლაში ვეღარ ივლის.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბუჩუკური, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პროცესში ჩართულები არიან სააგენტოს თანამშრომლები, მათ შორის, ფსიქოლოგიც და არასრულწლოვან გოგოს ყველა საჭირო ტიპის დახმარება გაეწევა:
„სოციალურმა მუშაკმა გოგონას გაუწია საპროცესო წარმომადგენლობა. ჩვენი მხრიდან განხორციელდება ინტენსიური მონიტორინგი და საჭიროებებიდან გამომდინარე, მოზარდი ჩაერთვება ჩვენს ხელთ არსებულ სერვისებში. როგორც მასთან, ისე ოჯახთან გაგრძელდება მუშაობა. გოგონასთან მუშაობას აქტიურად გააგრძელებს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი“.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმაც.
საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას 9 თებერვალს მიმართა აზერბაიჯანის ომბუდსმენმა საბინა ალიევამაც. ის ნინო ლომჯარიას სთხოვს, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა გამოიძიონ მომხდარი ფაქტი და ბავშვების უფლებების დასაცავად ყველა ზომა მიიღონ.
ბავშვთა ქორწინება - სისხლის სამართლის დანაშაული
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, საქართველოში ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2017 წლის პირველი იანვრიდან კანონი გამონაკლისს აღარ ცნობს და 18 წლამდე ასაკის პირების ქორწინების დარეგისტრირება არანაირი მიზეზით და თანხმობით აღარ ხდება. ერთი წლით ადრე, 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც, 16 წელს მიღწეულ პირთან ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა.
სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან სისხლის სამართლის დანაშაულია და დამნაშავე ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რომელიც 7-დან 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს და ამ შემთხვევაში, ცხადია, ოჯახის შექმნის განზრახვა გამამართლებელ მიზეზად არ ითვლება.
ასევე ისჯება არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულება. აქ სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლი განსაზღვრავს. ეს დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
მიუხედავად კანონმდებლობით განსაზღვრული აკრძალვისა, საქართველოში კვლავ ხშირია ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება, ასევე, ნიშნობის პრაქტიკა. როგორც საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, შესწავლილი საქმეები მიუთითებს, რომ აღნიშნულ შემთხვევებს უმეტესად იძულებითი ქორწინების ფორმა აქვს და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ან მშობელთა შორის გარიგების შედეგია.
2019 წლის სახალხო დამცველის ანგარიშის მონაცემებით, ქორწინების მოტივით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის 56 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, თუმცა, 50 ფაქტზე გამოძიება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით. გამოძიების დაწყების პარალელურად, ერთ შემთხვევაში გამოიცა შემაკავებელი ორდერი.
რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში) გათვალისწინებულ დანაშაულს, 2019 წელს 149 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, აქედან 105 შემთხვევაში შესაძლო დანაშაულის ჩადენის მოტივი იყო ბავშვთან ქორწინება. აქედან, გამოძიების დაწყების პარალელურად, ერთ შემთხვევაში გამოიცა შემაკავებელი ორდერი, ხოლო 19 ფაქტზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
ომბუდსმენის ანგარიშის თანახმადვე, 2019 წელს სულ დაფიქსირდა არასრულწლოვნის შესაძლო ქორწინების იძულების 14 ფაქტი. აღნიშნულიდან, 6 საქმეზე გამოიცა 9 შემაკავებელი ორდერი (ძირითადად, შემაკავებელი ორდერები გამოიცა ბავშვის მშობლების მიმართ), ხოლო 4 ფაქტზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
რაც შეეხება 2020 წელს ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების საქმეებზე დაწყებული გამოძიების სტატისტიკას, სახალხო დამცველის ოფისს ეს ინფორმაცია საგამოძიებო სტრუქტურებიდან გამოთხოვილი აქვს და უახლოეს პერიოდში მიიღებენ.
ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული საქმე, რომელიც არასრულწლოვანი გოგოს მიმართ, ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულს ეხებოდა, მიმდინარე წლის იანვარში გახდა ცნობილი. ოთხმა ბრალდებულმა 15 წლის მოზარდი გარდაბანში, ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში და შემდეგ ოთახში გამოკეტა. გამტაცებლებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.