აზერბაიჯანმა სომხეთს ევროსასამართლოში უჩივლა ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით

აზერბაიჯანმა სომხეთს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში უჩივლა. ბაქო ერევანს ადამიანის უფლებების დარღვევაში სდებს ბრალს მთიანი ყარაბაღისა და მის გარშემო ტერიტორიების თითქმის 30-წლიანი ოკუპაციის, ასევე შარშან შემოდგომაზე 44-დღიანი კონფლიქტის განმავლობაში.

აზერბაიჯანის პარლამენტის იურიდიული საკითხების კომიტეტის წევრმა ქამალ ჯაფაროვმა 8 თებერვალს განაცხადა, რომ ბაქო ერევანს ასევე ბრალად სდებს იმას, რომ მან არ მიიღო ზომები 3800-მდე ეთნიკური აზერბაიჯანელის ბედის გასარკვევად, რომლებიც 1990-იანი წლების ომის პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან.

გარდა ამისა, როგორც აზერბაიჯანი აცხადებს სარჩელში, სომხეთმა გამოიყენა ბალისტიკური რაკეტები, თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალა და კასეტური ჭურვები, როცა შარშან ბომბავდა კონფლიქტის ზონის მახლობლად მდებარე აზერბაიჯანულ ქალაქებს.

ერევანს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია ბაქოს ამ ნაბიჯზე.

მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის, მაგრამ მის ტერიტორიას და მოსაზღვრე შვიდ რაიონს სომხეთის ძალები აკონტროლებდნენ 1990-იანი წლების პირველი ნახევრიდან.

ამ ხნის განმავლობაში მხარეებს შორის დროდადრო ყოველთვის იყო მცირე შეტაკებები, მაგრამ შარშან სექტემბერში აზერბაიჯანმა ფართო მასშტაბის სამხედრო იერიში წამოიწყო და ხელში ჩაიგდო მთიანი ყარაბაღის მოზრდილი ტერიტორია და მისი მოსაზღვრე რაიონები.

10 ნოემბერს მხარეებმა რუსეთის შუამავლობით მოაწერეს ხელი საზავო შეთანხმებას, რის შედეგადაც კონფლიქტის ზონაში რუსეთის 2000-კაციანი სამშვიდობო კონტინგენტი გაიგზავნა.