ბავშვთა უფლებადამცველები განათლების სამინისტროს სასამართლოში უჩივიან

ბავშვთა უფლებადამცველებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვთ. როგორც ამბობენ, ისინი უწყებას პანდემიის პირობებში სკოლების არაეფექტიანი მართვისა და ბავშვების საჭიროებების გაუთვალისწინებლობის გამო უჩივიან.

8 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაარეგისტრირა უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნა, მომდევნო კვირაში კი სასამართლოს უკვე სარჩელით მიმართავენ.

ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 8 თებერვალს დარეგისტრირებული უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნის საფუძველზე, ისინი სასამართლოსგან ითხოვენ, განათლების სამინისტროს დაავალოს კონკრეტული და ეფექტიანი გეგმის შექმნა 15 თებერვლამდე, რათა სკოლებში დაბრუნებისას, ბავშვების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და განათლების უფლება არ დაირღვეს:

„ჩვენ გვაქვს სამართლის ინსტიტუტი - უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც სასამართლომ უნდა მიიღოს მაქსიმუმ 3 დღის ვადაში. ამ მიმართვით სასამართლოს ვთხოვთ, რომ სანამ სასამართლოში შევა ჩვენი ძირითადი სარჩელი, რომლის განხილვასაც, შესაძლოა, თვეები დასჭირდეს, დაუყოვნებლივ დაავალოს განათლების სამინისტროს ეფექტური და რეალური ეროვნული გეგმის შექმნა“.

ანა არგანაშვილი და მისი კოლეგები თვლიან, რომ განათლების სამინისტრომ პანდემიის პერიოდში, ხელოვნურად, სკოლების ავტონომიისა და თავისუფლების ხელშეწყობის მოტივით, პასუხისმგებლობა ჩამოიხსნა და სასწავლო დაწესებულებებში პანდემიის მართვის ტვირთი სრულად გადააბარა სკოლებს. ანა არგანაშვილის თქმით, დღეს სკოლებს არ აქვთ ის ფინანსური რესურსი, რომლითაც უზრუნველყოფენ როგორც ბავშვების, ისე პედაგოგებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოებას, მაქსიმალურად დაიცავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილ რეკომენდაციებს და არ წარმოქმნიან ვირუსის გავრცელების ახალ კერებს:

„პანდემიისას გაახსენდა განათლების სამინისტროს, რომ სკოლები ავტონომიური დაწესებულებები არიან, სთავაზობს მხოლოდ ერთ გვერდზე, რამდენიმე პუნქტად გაწერილ ე.წ. გეგმას და დანარჩენზე პასუხისმგებლობას იხსნის. ამ რეკომენდაციებს სავალდებულო ხასიათიც კი არ აქვს. როდესაც საქმე ეხება სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რეგულაციები არ უნდა იყოს არჩევითი ხასიათის. ასეთ სიტუაციაში ერთი კონკრეტული სკოლა არ უნდა წყვეტდეს, მაგალითად, როგორ მართოს სკოლაში ნაკადები და მოსთხოვოს თუ არა ბავშვებს პირბადეების ტარება. დღეს სკოლებს არ აქვთ ამ უმძიმესი პანდემიის ავტონომიურად მართვის შესაძლებლობა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, განათლების სამინისტროს უნდა ეზრუნა სკოლების ფინანსურ გაძლიერებაზე და სკოლის ინფრასტრუქტურის მაქსიმალურ მოწესრიგებაზე. 800 სკოლაში მოწესრიგდა საპირფარეშოებიო. საქართველოში 2000-ზე მეტი სკოლაა. სხვაგან რა მდგომარეობაა? შესწევს დღეს ყველა სკოლას იმის უნარი, რომ რეკომენდაციების თანახმად, ყოველი გაკვეთილის შემდეგ, დაასუფთავოს და დაამუშავოს ყველა შეხების ზედაპირი? ჰყავთ დღეს სკოლებს ამდენი დამლაგებლები? ამ დატვირთვას ერთი და ორი დამლაგებელი რომ ვერ აუვა, ეს ხომ ცხადია? დღეს სკოლებს არ აქვთ რესურსი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწეული რეკომენდაციები სრულფასოვნად შეასრულონ. შესაბამისად, ყველა ვართ იმ საფრთხის წინაშე, რომ ხვალ სკოლებში იფეთქოს ეპიდემიამ. როდესაც საქმე ეხება ბავშვების სიცოცხლეს, გვჯერა, რომ ამ პროცესში სასამართლო აუცილებლად ჩაერევა. ჩვენი სარჩელით, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში უახლოეს დღეებში შევა, ვითხოვთ, რომ სასამართლომ დაავალოს სამინისტროს, ხელახლა შეისწავლოს საჭიროებები, სად, რომელ სკოლას, რა უჭირს და შემდეგ უკვე, დასაბუთებული, ერთიანი გეგმა დაწეროს. ჩვენ არ გვისმენს? მაშინ სასამართლოს მოუსმინოს“.

როგორი რეგულაციებით იხსნება სკოლები

მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით, მოსწავლეები სკოლის სივრცეს უბრუნდებიან. მიუხედავად უფლებადამცველების კრიტიკისა, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ყველა საჭირო რესურსითაა აღჭურვილი და, შესაბამისად, მოსწავლეების უსაფრთხოდ მისაღებად სკოლებს სრული მზადყოფნა აქვთ.

რეგულაციების დოკუმენტის თანახმად, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფეისბუკის გვერდზე 7 თებერვალს, საღამოს გამოქვეყნდა, სკოლის სივრცეში მოსწავლეთა უსაფრთხოდ სწავლის უზრუნველსაყოფად, სასწავლო დაწესებულებას შეუძლია თავად განსაზღვროს:

  • გაკვეთილის ხანგრძლივობა;
  • საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით;
  • დაგეგმოს ცვლები;
  • სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი;
  • შერეული მოდელის დაგეგმვისას, I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება.
  • თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეებს აქვთ უფლება გააკეთოს არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. განათლების სამინისტროს განცხადების თანახმად, თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ.

განათლების სამინისტროს გაწერილი რეგულაციები ეყრდნობა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შექმნილ დოკუმენტს (დანართი #37) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეკომენდაციების შესახებ, სადაც სკოლის სივრცეში სწავლების უსაფრთხოების კრიტერიუმები და რეკომენდაციებია ჩამოთვლილი, მათ შორის, მაგალითად ის, რომ სკოლის სივრცეში შესვლისას მოსწავლემ თერმოსკრინინგი უნდა გაიაროს; სწავლებისთვის განკუთვნილ სივრცეში, მოსწავლეებს შორის ერთმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული; მოსწავლეები არ უნდა ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და მერხები ორმეტრიანი დისტანციით უნდა იდგეს; თუკი შესაძლებელია, საგაკვეთილო პროცესი ჩატარდეს ღია სივრცეში; ერთსა და იმავე ოთახში მოსწავლეთა სხვადასხვა ნაკადის გადაადგილებისას, დაცული უნდა იყოს 30-წუთიანი შუალედი; ყველა შესვენების დროს საკლასო ოთახი უნდა განიავდეს და საკლასო ოთახის მაგიდები და საერთო გამოყენების ზედაპირები უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით და ა.შ.

რა კითხვები აქვთ მშობლებს?

რამდენად მოახერხებენ სკოლები კოვიდრეკომენდაციების სრულყოფილად დაცვას? მოხერხდება თუ არა მოსწავლეებს შორის საჭირო დისტანციის უზრუნველყოფა? აკმაყოფილებს თუ არა სასკოლო ინფრასტრუქტურა მოსწავლეთა ნაკადების ისე მართვას, რომ სკოლის ერთ კონკრეტულ სივრცეში, ერთდროულად, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები არ მოხვდნენ? შესაძლებელია თუ არა ყოველი გაკვეთილის შემდეგ საერთო გამოყენების ზედაპირების, მოაჯირების, კარის სახელურების, მაგიდების დასუფთავება? - დღეს ეს კითხვები იმ მშობლებისთვისაც აქტუალურია, რომლებიც უკვე თვეებია ითხოვენ სწავლის სასკოლო სივრცეში დაწყებას.

სოციალურ ქსელში გამართული დისკუსიების შინაარსი, რომელიც სკოლის კედლებში სწავლის დაწყებას ეხება, ასეთია:

„არ ვედრები არც ევროპას და არც ამერიკას, მაგრამ ელემენტარულია, რომ მშობელმა უნდა იცოდეს, სად და როგორ, რა პირობით უშვებს შვილს“.

„ჩვენ არ უნდა მივცეთ ნება, რომ ასე ბრმად და პოლიტიკური ქულების დასაწერად (ხალხს ვუსმენ, ოპოზიციასთან ვთანამშრომლობ და სხვა) გამოიყენონ ბავშვები. ეს სათამაშო თემა არაა, აქ სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ფსიქიკური კეთილდღეობის საკითხებია წინა პლანზე და საქმე ბავშვებს ეხებათ“.

„მე მინდოდა ნამდვილად სკოლის დაწყება და თან შფოთვები დამეწყო, რადგან რამდენიმე დღეა ვეძებ, არის თუ არა სადმე რაიმე ტიპის სქემა, რის მიხედვითაც ბავშვებმა უნდა დაიცვან წესები და იხელმძღვანელონ. ვერსად ვერაფერს ვპოულობ. მეორე მხრივ, ვერ ვხვდები, რა არის ალტერნატივა და მგონია, რომ დაახლოებით ერთი წელი ისევ გამოკეტვა, სრული კატასტროფაა. შუალედი ვერსად ვნახე“.

თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მშობლებმა დამრიგებლისგან ეს გზავნილი 5 თებერვალს მიიღეს:

„ჩვენი სკოლა, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი განახლდეს სასკოლო სივრცეში. სკოლის ოთხივე სართული და მათ შორის, სველი წერტილები სრულად არის რეაბილიტირებული. სველი წერტილები უწყვეტ რეჟიმში მარაგდება ცხელი და ცივი წყლით, შენობაში მუდმივად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, სკოლა აღჭურვილია სადეზინფექციო, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის საჭირო ყველა საშუალებებით. გამართულად მუშაობს სკოლის გათბობის სისტემა.

ვიცი, რომ თქვენც თავდაუზოგავად მუშაობთ დისტანციურ რეჟიმში, მაგრამ ონლაინ გაკვეთილი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეცვლის საკლასო ოთახში ჩატარებულ გაკვეთილს. ამიტომ, ჩვენ ყველანი მოუთმენლად ველოდებით ჩვენს მონატრებულ მოსწავლეებთან შეხვედრას“.

გზავნილში არაფერი წერია იმის შესახებ, როგორ იქნება უზრუნველყოფილი მოსწავლეთა ნაკადების მართვა ისე, რომ არ მოხდეს მათი ერთ სივრცეში თავშეყრა, იქნება თუ არა საკლასო ოთახებში მოსწავლეთა შორის ორმეტრიანი დისტანცია დაცული და ა.შ.

იმის გამო, რომ მეხუთეკლასელი ნიკას მშობლებს ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხი, ჯერჯერობით, არ აქვთ, ფიქრობენ, რომ ნიკა და მისი მეათეკლასელი და სწავლას კვლავ ონლაინრეჟიმში, სახლიდან გააგრძელებენ.

UNICEF - სკოლების გახსნის რეგულაციების შემუშავებაში ჩვენი ექსპერტებიც იყვნენ ჩართულნი

მოსწავლეების, ბავშვების სრულფასოვანი განვითარებისათვის, რომ სკოლის სივრცეში დაბრუნება მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ადასტურებს გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე. ის მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას სკოლის სივრცის გახსნის თაობაზე და ამბობს, რომ სკოლების გახსნის რეგულაციების შემუშავებაში გაეროს ბავშვთა ფონდის ექსპერტებიც იყვნენ ჩართულნი:

„სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების უსაფრთხოდ გახსნა ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს კოვიდშეზღუდვების გაუქმებისას, რადგან სკოლა არ არის პანდემიის ძირითადი წარმმართველი ფაქტორი და ამას ძალიან ბევრი მტკიცებულება ამყარებს. გაეროს ბავშვთა ფონდის, იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარდა კვლევა, რომელიც 191 ქვეყნის მონაცემს ეყრდნობოდა და ამ კვლევის საფუძველზე, არ გამოვლინდა რაიმე სახის კავშირი სკოლების გახსნა-დახურვასა და კოვიდის გავრცელების მაჩვენებლებს შორის. დიახ, სკოლები უნდა გაიხსნას უსაფრთხოდ. ჯერ კიდევ ზაფხულში, იუნისეფის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, განათლების სამინისტროს თანამშრომლობითა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემუშავდა ადგილობრივი რეკომენდაციები სკოლებისათვის. ყველა სკოლა იცნობს ამ რეგულაციებს და ახლა უკვე სკოლებზეა დამოკიდებული, როგორ განახორციელებენ ამ რეგულაციებს“.

მაია ქურციკიძის თქმით, სკოლის გახსნა თუ დაკეტვა საერთო გადაწყვეტილების ნიადაგზე არ უნდა ხდებოდეს და აუცილებელია, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილებოდეს:

„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ სკოლის გახსნა-დაკეტვის განმსაზღვრელი უნდა ყოფილიყო ადგილობრივ დონეზე, ვირუსის გავრცელების რისკი. სხვადასხვა რეგიონსა და სივრცეში, სხვადასხვა სტრატეგია უნდა მოქმედებდეს. ვირუსის გავრცელების კონკრეტული შემთხვევები ყველა სკოლაზე არ უნდა ვრცელდებოდეს და ყველა სკოლის დახურვაზე არ უნდა აისახოს. ესაა ჩვენი პოზიცია, რადგან სკოლების დახურვამ უარყოფითად იმოქმედა ბავშვებზე მთელ მსოფლიოში. გაუარესდა მათი სასწავლო უნარ-ჩვევები, ჯანმრთელობა, განვითარება. განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. სკოლების დახურვა უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება, ყველა სხვა ალტერნატივის განხილვის შემდეგ“.

"ხელის დაბანის საშუალება არ არის იმიტომ კი არა, რომ ცუდი სკოლაა, იმიტომ, რომ იმ სოფელში წყალი არ არის"

მეგი კავთუაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი, ზუსტად ერთი წლის წინ, კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში, ლაპარაკობდა რადიო თავისუფლებასთან სკოლებში არსებულ რთულ ჰიგიენურ-სანიტარულ ვითარებაზე და ეჭვქვეშ აყენებდა სკოლების შესაძლებლობას, დაეცვათ სისუფთავე კორონავირუსის გავრცელების პარალელურად. მისი თქმით, დღეს სკოლის ადმინისტრაციას ხელისუფლებისაგან სჭირდება არა მონიტორინგი, არამედ მხარდაჭერა, რომ იმ ურთულეს დავალებას, რასაც სკოლის სივრცეში უსაფრთხოების წესების დაცვა ჰქვია, როგორმე თავი გაართვას:

„განათლების სამინისტრო სკოლებს ცუდი მამასავით და ცუდი დედასავით ექცევა, რადგან მთელ პასუხისმგებლობას მაშინ აკისრებს, როდესაც მათ ამის შესრულების უნარი და შესაძლებლობა არ აქვთ. ღარიბია ჩვენი სკოლა, ძალიან ღარიბი. დღეს სკოლის ადმინისტრაცია ურთულესი არჩევანის წინაშე დგას - ერთი, რომ მათ თქვან, რომ პრობლემები აქვთ და შესაძლოა, მათი კარიერა ამას შეეწიროს და მეორე, რომ მათთან შესაძლოა, მართლაც მოხდეს კოვიდაფეთქება, რადგან ხელის დაბანის რეალური საშუალება არ არის იმიტომ კი არა, რომ ცუდი სკოლაა, იმიტომ, რომ იმ სოფელში საერთოდ არ არის წყალი და სკოლაში როგორ იქნება. დღეს, განათლების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, სპეციალისტებთან, პედიატრებთან, ფსიქოლოგებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან და დირექტორებთან ერთად უნდა მუშაობდეს ამ საკითხებზე. უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და ამ ხალხმა ერთად უნდა იმუშაოს სკოლების უსაფრთხოდ გახსნის საკითხზე. ჩვენ სკოლების გახსნის მომხრეები ვართ, მაგრამ ეს გახსნა უნდა იყოს უსაფრთხო და ამან არ უნდა შეიწიროს ადამიანები, არც მოსწავლეები და არც მასწავლებლები“.

კოვიდის გავრცელების გამო რამდენიმე სკოლა კვლავ დისტანციურ სწავლას დაუბრუნდა

მშობლების ნაწილი იმაზეც წუხს, რომ როგორც სასწავლო წლის დასაწყისში მოხდა, ახლაც, შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, სწავლა კვლავ სრულად ონლაინრეჟიმზე გადავიდეს, რაც ბავშვებისათვის დამატებითი ფსიქოლოგიური სტრესი იქნება. შეგახსენებთ, მიმდინარე სასწავლო წლის დაწყებიდან ორ თვეში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი სრულად დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდა. მანამდე, ცალკეული სკოლები, ვირუსის გავრცელების მასშტაბის მიხედვით, სწავლების ონლაინრეჟიმზე ეტაპობრივად გადავიდნენ.

რაც შეეხება დღეს არსებულ ვითარებას, პირველი თებერვლიდან დღემდე, ანუ, მას შემდეგ, რაც გარდა სამი დიდი ქალაქისა (თბილისი, ქუთაისი, რუსთავი), საქართველოს მასშტაბით, სასწავლო პროცესი სკოლის სივრცეებში აღდგა, როგორც განათლების სამინისტროში უდასტურებენ რადიო თავისუფლებას, სკოლებში COVID-19-ის გავრცელების გამო, ეპიდემიოლოგების რჩევით, რამდენიმე სკოლა უკვე გადავიდა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე.

შეგახსენებთ, სექტემბერში, სასწავლო წლის დაწყებამდე, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სკოლებში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების რეკომენდაციების შესრულების ხარისხს სწავლობდა. მაგალითად, სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე აცხადებდა, რომ 700-მდე შემოწმებული სკოლიდან 80 სკოლაზე მეტი, ვერ აკმაყოფილებდა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის გაცემულ უსაფრთხოების ნორმებს.

კვლავაც სწავლობს თუ არა შრომის ინსპექცია სკოლებში არსებულ ვითარებას, რამდენ სკოლას მისცა შრომის ინსპექციამ 15 თებერვლიდან გახსნის ნებართვა და რამდენ სკოლაში აღმოაჩინა ხარვეზი? ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ შრომის ინსპექციის დეპარტამენტს მიმართა, თუმცა, დაპირების მიუხედავად, მათგან პასუხი, ამ დრომდე, ვერ მივიღეთ.

განათლების სამინისტროს მიერ 8 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, თითოეული სკოლა ინფორმირებულია სწავლის სკოლის სივრცეში განახლებისთვის საჭირო რეკომენდაციების შესახებ, შესაბამის რეკომენდაციებს კი მშობლები ელექტრონული ფოსტისა და სმს შეტყობინებების სახით მიიღებენ.

უწყების ინფორმაციითვე, სკოლებს დაევალა მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება. მათი განცხადებით, ეს საშუალებას მისცემს მშობლებს, ყველა ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებით (სკოლის Facebook-ის გვერდი, ელფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება, TEAMS-ის პროგრამა და სხვა), სისტემატურად მიიღონ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • სკოლის სპეციალური აღჭურვილობებით, დეზობარიერებით, სადეზინფექციო საშუალებებით, პირბადეებითა და უკონტაქტო თერმომეტრებით უზრუნველყოფა;
  • სკოლის მოვლა-პატრონობისა და დალაგება-დასუფთავების მიზნით გატარებული ღონისძიებები;
  • სკოლაში სველი წერტილების მდგომარეობა;
  • საკლასო ჯგუფების ცვლებში განაწილება, მიმდინარე საგაკვეთილო ცხრილი;
  • სკოლის ეზოსა და შენობაში მოსწავლეთა ნაკადების შესვლის, გასვლისა და გადაადგილების ორგანიზება;
  • თერმოსკრინინგის უზრუნველყოფა;
  • სკოლის პერიმეტრზე პირბადის ტარებასთან დაკავშირებული მოთხოვნები;
  • დისტანციური სწავლების მოთხოვნა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის;
  • სკოლის პერსონალის სავალდებულო ტესტირება;
  • მშობლებთან კომუნიკაციისთვის გამოყოფილი დრო და ფორმატი.