რადიო თავისუფლებასთან საუბარში ნინო მამუკაშვილი ადასტურებს, რომ ფოტოები ნამდვილად მის სახლშია გადაღებული და 7 თებერვალს მისი შვილის ჯვრისწერის სამზადისს ასახავს, თუმცა ამბობს, რომ წვეულებაზე მხოლოდ 15 ადამიანი შეიკრიბა.
"ვიწრო წრეში გვქონდა ძალიან, 15 ადამიანი იყო, ეზოში იყო, მაგიდები შიგნით არის, მაგრამ შემოვიდნენ შიგნით და ეზოში იყვნენ სულ. მეტი ადამიანისთვის არ იყო, უბრალოდ სილამაზისთვის გაკეთდა, 15 კაცისთვის იყო და რამე პრობლემა გაქვთ? მე უზარმაზარი ეზო მაქვს წყნეთში და ეზოში იყვნენ ბავშვები"- გვითხრა ნინო მამუკაშვილმა მას შემდეგ, რაც ვუთხარით, რომ ამ თემაზე მასალას მოვამზადებდით.
ნინო მამუკაშვილის მიერ მეორედ გამოქვეყნებულ ალბომში აღარ იძებნება ის ფოტოები სადაც ჩანს, რომ სუფრა დახურულ სივრცეშია გაშლილი, ერთ ოთახში მაგიდები და სკამები, ისევე როგორც ჭურჭელი საკმაოდ მჭიდროდაა განლაგებული და უფრო მეტი ადამიანის სტუმრობაზეა გათვლილი, ვიდრე 15.
ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე, იყო თუ არა მის მიერ მოწყობილი წვეულება პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების და შეზღუდვების დარღვევა, გვიპასუხა, რომ მედიას მისი პირადი ცხოვრებით დაინტერესების უფლება არ აქვს.
“ჯვრისწერა ჰქონდათ ბავშვებს, მიდიან მერე და იმიტომ გავაკეთეთ. დაწერას აპირებთ ამის? რატომ აპირებთ დაწერას? ჩემს პირად ცხოვრებაში რატომ იჭრებით? ქორწილი არ არის ეს, 9 კაცი იყვნენ მეჯვარეებიანად, დედა, მამა და დეიდა ჰყავდა ბავშვს, სხვა არავინ. გაფორმებული იყო ლამაზად, ჯვრისწერა უნდა ყოფილიყო, ცხოვრებაში ერთხელ ხდება და იმიტო გაფორმდა ეს, ჩემი ხელით გაკეთდა ოღონდ. სხვაც იწერს ჯვარს, მარტო ჩემ შვილს არ დაუწერია ჯვარი, ამბასადორებში და იმეებში 1000 კაციანი ქორწილები არ გინახავთ? 15 კაცია პრობლემა? კარგად ნახეთ და გაარკვიეთ, სად რა ხდება და მერე მე მომადექით” - გვითხრა ნინო მამუკაშვილმა, თუმცა ჩვენს კითხვაზე, ვინ და როდის გადაიხადა 1000 კაციანი ქორწილი მაგალითად ამბასადორში, კონკრეტული პასუხი არ გაგვცა და მხოლოდ ის გვითხრა, რომ მედიამ მასზე უკეთ იცის, სად რა ხდება. 30 იანვარს ფორმულას ეთერში გავიდა სიუჟეტი პანდემიის დროს ჩატარებულ ქორწილებსა და დაბადების დღეების წვეულებებზე, რომელთაგან ერთს თბილისის მერის, კახა კალაძის ცოლი, ანუკი არეშიძეც ესწრებოდა.
არის თუ არა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ წვეულების გადახდა მოქმედი რეგულაციის დარღვევა, ვკითხეთ ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძესაც. მან გვიპასუხა, რომ არ არის საქმის კურსში. “გავერკვევით და თუ დაარღვიეს წესი, იქნება შესაბამისი რეაქცია” - გვითხრა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოს მთავრობის #322-ე დადგენილებით, რომელიც იზოლაციასა და კარანტინის წესებს ადგენს და განსაზღვრავს შეზღუდვებს პანდემიის დროს, მკაფიოდ წერია, რომ “10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.)”, შეზღუდულია. ამავე დადგენილებით იკრძალება ნებისმიერ გასართობი ღონისძიებების ჩატარება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კი, სადაც კაფეებს და რესტორნებ აქვთ უფლება ღია სივრცეში უმასპინძლონ სტუმრებს, კვლავ იზღუდება სოციალური ღონისძიებების მოწყობა.
ამ დადგენილების და მოქმედი შეზღუდვების მიხედვით, გამოდის რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დაარღვია მთავრობის მიერ დადგენილი წესი, იმის მიუხედავად, წვეულებას 15 ადამიანი ესწრებოდა თუ უფრო მეტი და სად უფრო დიდხანს დაჰყვეს მათ - სახლში თუ ეზოში.
ასევე ნახეთ როგორ აჯარიმებს პოლიცია ხალხს კომენდანტის საათის დარღვევისთვის, როცა ის გამოცხადებული არ არისიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევებს აკონტროლებს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე შრომის ინსპექცია. პოლიცია საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის და პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის აჯარიმებს ძირითადად მოქალაქეებს, შრომის ინსპექცია კი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის შემთხვევაში აჯარიმებს კონკრეტულ ორგანიზაციებს. მაგალითად, 14 იანვარს თბილისში, კანონის დარღვევისთის დაჯარიმების შემდეგ მუშაობის უფლება შეუჩერდა ახმეტელის მეტროსთან მდებარე ღამის კლუბს, 2 თებერვალს კი 10 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს რესტორანს ბათუმში, სადაც 10-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. დამკვიდრებული პრაქტიკა რეაგირების გარეშე ტოვებს სახლებში გამართულ ხალხმრავალი ღონისძიებებს, თუკი პოლიციას წვეულების შესახებ არ შეატყობინებს მეზობელი ან სხვა თვითმხილველი.
სტატისტიკა იმის შესახებ, პანდემიის პირობებში რამდენი კერძო პირი დააჯარიმეს კერძო სივრცეში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების გამო, ან რამდენმა გადაიხადა ხალხმრავალი ქორწილი, ჯვრისწერა, დაბადების დღე, ნათლობა ან სხვა ტიპის წვეულება კანონის დარღვევით, ღიად არ მოიპოვება - განსხვავებით მაგალითად პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმების სტატისტიკისგან.
ის, რომ ქორწილები და სოციალური ღონისძიებები ვირუსის გავრცელებისთვის განსაკუთრებით საფრთხის შემცველია, არაერთხელ უთქვამთ, როგორც ექიმებს, ასევე პოლიტიკოსებს. ქორწილებისა და სოციალური ღონისძიებების შემზღუდავი სხვადასხვა რეგულაცია მოქმედებდა პანდემიის სხვადასხვა ეტაპზე. მაგალითად, ზაფხულში დასაშვები იყო ხალხმრავალი ღონისძიებები გარე სივრცეში, 2020 წლის სექტემბრის თვეში სრულად აიკრძალა ამგვარი წვეულებების მოწყობა. მაშინ მთავრობის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებას სარესტორნო ბიზნესი, ივენთ კომპანიები და თავად წყვილებიც აპროტესტებდნენ - მათ დიდ ნაწილს უახლოეს დღეებში დაგეგმილი წვეულებების გადახდამ მოუწია, რაც ყველა სხვა უსიამოვნებასთან ერთად, ფინანსურად დიდი ტვირთი აღმოჩნდა.