„წარმოიდგინეთ, რომ ხვალ შევედით რაღაც მიზეზის გამო. არაფერი შეიცვლება. ჩვენ ისევ იმ 30-წლიანი გამყალბებლების ჯგუფში ვიქნებით მოაზრებული და არანაირი აზრი მერე რაიმე ფუნდამენტური რეფორმის ჩატარებას არ ექნება. ვერ დაგაჯერებთ, როგორც ამომრჩეველს, რომ სწორ ადგილას ვართ, რადგან იცით, რომ იქ რაღაც სერიოზული დარღვევა მოხდა. დანაშაულის თანამონაწილე არ მინდა, ვიყო, მარტივად რომ გითხრათ", - განაცხადა რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" მამუკა ხაზარაძემ, "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ.
„პასუხისმგებლობა აიღოს იმ ხალხმა, ვინც გააყალბა და იყოს მარტო იმ პარლამენტში, მაგრამ მე ჩემს თავთან, ჩემს ამომრჩეველთან, ვისაც ხმა მოპარეს, ვიქნები მართალი", - ამბობს მამუკა ხაზარაძე, განმარტავს ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" შორის რა საკითხზე შეთანხმებას თვლის მისაღებად და ასახელებს რიგგარეშე არჩევნების 2022-ში დანიშვნას:
„დიდი სურათი არის შემდეგი: შევთანხმდეთ, რომ საქართველო მიხვდა, რომ გვჭირდება სრულად პროპორციული არჩევნები. ეს კონსტიტუციაში წერია და ასეთი არჩევნები გველოდება 2024-ში. ჩვენ ახლა ჩავატარეთ რაღაც ჰიბრიდული, შუალედური 120/30-ზე და ყველამ კარგად დაინახა, რა ტიპის მაჟორიტარული არჩევნები იყო ეს.
ჩვენი წინადადება ეფუძნება იმ კომრპომისს, სადაც, პირველ რიგში, მივიღებთ ორი წლით ადრე სრულად პროპორციულ არჩევნებს, თუ ჩავატარებთ მას 2022-ში, ანუ ერთ წელიწადში, რადგან წელს გვაქვს ადგილობრივი არჩევნები.
შესაბამისად, ამის საფუძველზე ოპოზიცია შევა (რადგან ამას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება) პარლამენტში. რა შეიძლება ამაში მიუღებელი იყოს მეორე მხარისთვის? ფაქტია, რომ პოლიტიკურ კრიზისში ვართ. ფაქტია, რომ [ამომრჩევლის] 52%-ის, გაყალბებულ სიტუაციაში, ამომრჩევლის წარმომადგენლები არ არიან პარლამენტში. ახლა ვიღაცებს იმატებენ, რომ ილუზია შეიქმნას, რომ იქ ოპოზიცია ჰყავთ. ეს არის მექანიკური და ძალიან კარგად ვიცით, რომ არ არის ბუნებრივი პროცესი".
"ლელო საქართველოსთვის" ლიდერი თვლის, რომ, თუკი შედგება შეთანხმება რიგგარეშე, სრულად პროპორციული, დაბალი ბარიერით არჩევნების 2022-ში ჩატარებაზე, ოპოზიცია შევა პარლამენტში და მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო რეფორმისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებში - "მე ასე მწამს. ეს არის გამოსავალი".