ახმეტის მერია 5 ახალ მანქანას ყიდულობს

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია 5 ახალ მანქანას ყიდულობს. ხელშეკრულება სასურველი მანქანების შესაძენად უახლოეს მომავალში დაიდება. ამისთვის საკრებულომ მერიას 11 მლნ-ლარიანი ბიუჯეტიდან 275 ათასი ლარის დახარჯვაზე თანხმობა მისცა.

აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლის საქმიანობის შესწავლისას ავტოპარკთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა დადო. რეკომენდებული 6 ერთეულის ნაცვლად, მუნიციპალიტეტი 2016 წელს განკარგავდა 9 სამორიგეო ავტომანქანას (2017 წელს გააჩნდა რეკომენდირებული რაოდენობის ავტომანქანები). აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია იყო, მუნიციპალიტეტში "გონივრული პრინციპების გათვალისწინებით" ავტოპარკის განახლების წესი შეემუშავებინათ.

"აღნიშნული დოკუმენტით, რომელიც დაფუძნებული იქნება საუკეთესო პრაქტიკაზე, უნდა დარეგულირდეს სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, სარემონტო და სხვა მოვლა-შენახვის ხარჯები", - აღნიშნული იყო აუდიტის დასკვნაში.

დღეს საკრებულო ახალი მანქანების ყიდვას დათანხმდა, რომელსაც თავად საკრებულო, სოფლის სასმელი წყლის მოვლა-პატრონობის ცენტრი, მერიის ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობის, ასევე სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურები გამოიყენებენ. რადიო თავისუფლებას სურდა ახმეტის მერისთვის, იოსებ ქარუმაშვილისთვის ეკითხა გაითვალისწინეს თუ არა აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია და რატომ დადგა ავტოპარკის განახლების საჭიროება. მან სატელეფონო ზარს არ უპასუხა, მისმა მოადგილემ ვანო ნასყიდაშვილმა კი თქვა, რომ ამ შესყიდვით მწყობრიდან გამოსული მანქანები ახლით შეიცვლება.

"არსებული ავტომობილები ვერ გადის ტექნიკურ ინსექტირებას, რის გამოც ადმინისტრაცია საქმიანობის განხორციელებას ვერ ახერხებს. განსაკუთრებით გვიჭირს გადაადგილება მთიან სოფლებში და შირაქში", - აღნიშნა მან და დეტალებზე მერთან გადაგვამისამართა.

"საკრებულოს ჰყავს მანქანა, მაგრამ საკმაო მოძველებულია. მის შენახვას და მოვლა პატრონობას საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება, ასევე უჭირს ტექდათვალიერების გავლა. სწორედ აქედან გამომდინარე ჩათვალეს, რომ ეს მანქანა გაიყიდოს და იყიდონ ისეთი ავტომობილი, რომელიც ნაკლებ საწვავს მოიხმარს", - გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ, თამარ ყეინიშვილმა.

რადიო თავისუფლება დაინტერესების მიუხედავად, ვერც მერიიდან და ვერც საკრებულოდან ვერ მიიღო ინფორმაცია ახალი მანქანების ყიდვით რა მოცულობის თანხას დაზოგავს მუნიციპალიტეტი საწვავსა და ავტოპარკის მოვლა-შენახვაზე.

ჯამში რამდენი ავტომობილია მერიის ბალანსზე და როდის შეიძინეს ისინი. ასევე კონკრეტულად რა დაზიანებები აქვს მანქანებს, რამდენი ლარი დაიზოგება ბიუჯეტიდან, მაგალითად ახალი ავტომობილების მოვლა-შენახვაზე და საწვავში, თუმცა ამ შეკითხვებზე არც მერიაში და არც საკრებულოში არ გვიპასუხეს.

"ეს არის სრული სიგიჟე. იმ პირობებში, როცა ყველაფერი გაჩერებულია და ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავლები დაკლებულია, გაუმართლებელია 275 ათასი ლარის დახარჯვა. რეალურად, ხდება ის, რომ არჩევნები ჩამთავრების შემდეგ კომფორტის გაუმჯობესება უნდათ - დანარჩენი ყველა მიზეზი ბოდვაა", - ამბობს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი საკრებულოში, შაქრო ტერტერაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ავტოპარკის განახლება კახეთის მუნიციპალიტეტებმა ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაიწყეს. 2019 წელს ლაგოდეხის მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 201 ათას ლარად 5 მანქანა შეიძინეს. ლაგოდეხის მერიის მიერ ნაყიდი "რენოს" მარკის ავტომობილები 2019 წელს არის გამოშვებული. 2019 წლის თებერვალში ახალი მანქანები იყიდეს საგარეჯოში, ყვარელსა და სიღნაღშიც, რაშიც ბიუჯეტიდან 200 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.